საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის სახლთან სიტყვით გამოვიდა
მოგესალმებით ყველას!
უწინარეს ყოვლისა, მსურს ჩემს საყვარელ ბათუმელებს და აჭარის სხვა რაიონის წარმომადგენლებს გიორგობის დღესასწაული მოგილოცოთ.
ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, პარლამენტის თავმჯდომარისთვის და საქართველოს პრემიერმინისტრისთვის დღეს აქ ყოფნა დიდი პატივია.
განსაკუთრებით მსურს მივესალმო თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს, სახელმწიფო მინისტრს, მეჯლისის წევრებს.
დღეს ჩვენ დავიწყეთ ბათუმის ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომელიც დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნასა და აჭარის განვითარებას უზრუნველყოფს, ხოლო ამ რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
ორი წლის წინათ ამ ადგილას ჩვენ ერთმანეთთან არ გვიშვებდნენ.
კარგად მახსოვს, ჩემი ინაუგურაციის დღეს, ხალხს პრეზიდენტისგან პოლიციის სამშრიანი კორდონი ყოფდა.
მახსოვს ეს კორდონი თქვენ გაარღვიეთ და ერთმანეთის შესახვედრათ წამოვედით.
ეს კადრი, მსოფლიოს ყველა ტელევიზიამ აჩვენა.
შემდეგ გიორგობის მოვლენები იყო.
მაშინ აჭარაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდით და ჯერ კიდევ 4 მაისს, მიმაჩნდა, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმის ბლოკადის გასარღვევად ერთი თვე მაინც დაგვჭირდებოდა.
თუმცა სანდრამ იწინასწარმეტყველა, რომ ეს რეჟიმი გიორგობის დღესასწაულზე დაემხობოდა და ზუსტად ორ დღეში ასეც მოხდა.
ისიც კარგად მახსოვს, თუ რა გამბედავობა გამოიჩინა თითოეულმა თქვენგანმა.
აჭარა გაათავისუფლა არა ჯარმა, ან მთავრობამ, თუმცა ძალისხმევა არ დაგვიშურებია, არამედ თითოეულმა ადამიანმა, ხალხის თავისუფლებისკენ ლტოლვამ და ადგილობრივმა გმირებმა.
არასოდეს დამავიწყდება თამაზ დიასამიძისა და იმ ხალხის გამბედავობა, რომლებიც დღეს აჭარის უზენაეს საბჭოში არიან.
არასოდეს დამავიწყდება უბრალო ადამიანების გამბედავობა, რომლებსაც შესაძლოა, არ თანამდებობა, არც რაიმე ჯილდო მიუღია და მათი გვარიც კი უცნობია ჩვენთვის.
ისინი ყველაზე მეტად დასაფასებლები არიან.
არასოდეს დამავიწყდება შუახევიდან, ქედადან წამოსულ ადამიანთა გამბედავობა, რომლებსაც მანქანები დაუცხრილეს, სახლები დაუნგრიეს და საცხოვრებელი ადგილებიდან გამოყარეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად ვურჩევდი არ წამოსულიყვნენ, ისინი მაინც ჩამოვიდნენ, არადა, სრულიად რეალური საფრთხე იყო იმისა, რომ ცეცხლი გაეხსნათ, სისხლი დაღვრილიყო და ხალხი დაერბიათ.
ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რეჟიმის დამხობა.
დღეს აჭარა საქართველოს ყველაზე სწრაფად განვითარებული რეგიონია.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა და ეს ძალიან კარგად ვიცი.
კარგად ვიცი, რომ უმუშევრობაა, ხალხს პურის ფულის შოვნაც კი უჭირს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ვვითარდებით.
ყოველივე ის, რაც მაკეტზეა ან უკვე შენდება, ან მშენებლობა უახლეს დღეებში დაიწყება.
ეს იმას ნიშნავს, რომ აქ, აჭარაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დასაქმდება.
საწარმოები, რომელთა შესახებაც ვლაპარაკობთ, მთელი ჩვენი ციტრუსის გადამუშავების შესაძლებლობას მოგვცემს.
ჩვენ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებსაც გადავამუშავებთ, რადგან საამისოდ ქარხნები იტალიიდან ჩამოგვაქვს.
გადავამუშავებთ არა მარტო აჭარის პროდუქციას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ ციტრუსს, ხილს.
ამჟამად მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთან ვაწარმოებთ, რათა თურქეთის ბაზარზე უფრო აქტიურად შევიდეთ.
დღეს ჩვენ ვაკეთებთ პრეზენტაციას იმისა, თუ როგორი იქნება ბათუმი არა მხოლოდ ერთ კვირასა და ერთ თვეში, არამედ 2009 წელს.
ბათუმი-2009, აჭარა-2009 - ეს იქნება ევროპული დონის ყველა სკოლა, ევროპული დონის ყველა საავადმყოფო და ამბულატორია, მათ შორის ოთხი დღეს გაიხსნა, ევროპული დონის ყველა სასტუმრო, აეროპორტი, თითქმის ყველა დასაქმებული ადამიანი, წყალსადენისა და კანალიზაციის ევროპული დონის სისტემები, ევროპული დონის სატრანსპორტო კომუნიკაციები, ევროპული დონის მომსახურება და ბევრად უფრო მდიდარი მოსახლეობა.
ჩვენ ასევე გვინდა საქართველოს სხვა რეგიონების განვითარება.
გვაქვს პროგრამა კახეთი-2009, იქაც ასეთივე პრეზენტაციას მოვაწყობთ.
იგივე უნდა გავაკეთოთ კახეთში, რაჭაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში, უპირველესად ქუთაისში და ამას ვაკეთებთ კიდეც.
ყოველივე ეს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ჯინზე უნდა გავაკეთოთ.
დღეს გაირკვა, რომ რუსეთის ბაზარი საქართველოს ყველა მინერალური წლისთვის დაიკეტა.
მსურს გაიგოთ, თუ რა ხდება დღეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის მხრივ, თუ რას წარმოადგენდა რუსეთის ზოგიერთი ძალისთვის ქართველი.
ქართველი მათთვის კარიკატურა იყო.
მათი წარმოდგენით, ქართველი იყო ულვაშიანი კაცი, რომელიც ბაზარში მანდარინს ყიდდა, რომელსაც არც ჭკუა მოეკითხებოდა, არც ინტელექტი, არც განათლება, არც თავმოყვარეობა და ღირსება, რომელმაც მხოლოდ მწვადის შეწვა იცოდა, სადღეგრძელოების თქმა შეეძლო და ხელის მოსამსახურე იყო.
საქართველომ მათი წარმოდგენა დაანგრია და განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, თავმოყვარე, შრომისმოყვარე, თავისუფლებისმოყვარე, ღირსების მქონე, განათლებული ერი ვართ, თუმცა მწვადის შეწვაც შეგვიძლია და კარგად მოლხენაც.
ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მეგობრობა გვსურს, გვინდა, რომ რუსებმა საქართველოში კარგად იგრძნონ თავი და ტურისტებიც ჩამოვიდნენ, გვინდა რომ იქ ჩვენი პროდუქცია შევიტანოთ, მაგრამ უპირველესად, გვსურს გაიგონ, რომ ჩვენ ისეთივე თავისუფალი ქვეყანა ვართ, როგორიც საბერძნეთი, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, საფრანგეთია და სხვა.
ჩვენ თავისუფალი ერი ვართ რომელსაც თავმოყვარეობა და დიდი პერსპექტივა აქვს.
როდესაც რუსეთის რიგითი მოქალაქე საკუთარ სახლში ბორჯომს ვეღარ აღმოაჩენს, იგი საკუთარ მთავრობას შეაგინებს და არა საქართველოს.
იგივე შეიძლება ითქვას ნაბეღლავსა და ქართულ ღვინოზე.
ამით, უწინარეს ყოვლისა, ისინი საკუთარ საზოგადოებას და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას აყენებენ ზიანს.
მთავრობები შეიცვლება, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერთობა და მეგობრობა უნდა დარჩეს უცვლელი!
დღეს თურქეთის მხარესთან ჩვენი პროდუქციის გატანის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
ბევრად მეტად შევიტანთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ბალტიისპირეთში, უკრაინაში, შუააზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში.
თუმცა საამისოდ უკეთესი პროდუქციის წარმოება, მეტი შრომა და ეფექტიანი მუშაობა უნდა ვისწავლოთ.
მსურს გითხრათ, რომ 2-3 წელიწადში, ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, 2009 წელს მთელი საქართველო და განსაკუთრებით ეს ადგილი, ჩვეულებრივი ევროპული რეგიონი იქნება.
ადრე აქ მხოლოდ ევროპის მოედნებს ხსნიდნენ, ჩვენ კი გვინდა ევროპა გავაკეთოთ და ეს მხოლოდ მოედნებითა და დროშების გამოკიდებით არ უნდა იგრძნობოდეს.
ჩვენ გვექნება ისეთივე პირობები, როგორიც წარმატებულ ევროპულ ერებს აქვს.
ისევე გავარღვევთ ამ ბლოკადას, როგორც ეს ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა გააკეთა.
აჭარაც ასეთივე წარმატებული და გაბრწყინებული იქნება.
ჩვენ ამ ნაბიჯების გადადგმას მანამდე ვაპირებთ, სანამ ნებისმიერი აფხაზი საკუთარ თავს არ დაუსვამს კითხვას: რა ჯობს, ის, რაც იმპერიულ სივრცეში გვაქვს, თუ ის, რაც მათ თავისუფლების პირობებში აქვთ?
რა ჯობს, იყოს ხელის მოსამსახურე, დამცირებულ მდგომარეობაში, სადაც ნებისმიერ მთვრალ, შემოსულ ჯარისკაცს შეუძლია დაცხრილოს კიოსკები, ოფიციანტებს მიაყენოს შეურაცხყოფა და ყოველ წამს წამოაძახოს, რომ მათ გაათავისუფლეს და აფხაზები მათი მონები უნდა იყვნენ (სხვათა შორის ეს ბევრი აფხაზისგან მომისმენია), თუ ქართველებთან ერთად იყოს იმ მიწის ბატონ-პატრონი, რომელზედაც ის ცხოვრობს, იგრძნოს თავი ამაყად, იგრძნოს, რომ აქვს მომავალი, არის ევროპის თანამეგობრობის წევრი და შეუძლია ქუჩაში თამამად და უსაფრთხოთ გავლა.
ეს არის მთავარი, რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ!
ბათუმის ქუჩებში დღეს ბევრი ვიარე, ვიყავი კვარიათშიც - იმ სახლში, სადაც რამდენიმე წლის წინათ ჩემი ოჯახი ისვენებდა.
ოჯახური სასტუმროს პატრონმა მითხრა, რომ რევოლუციამდე სეზონი 10-15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ 2 თვემდე გაიზარდა.
შარშან ორჯერ მეტი დამსვენებელი იყო, რადგან სომხები ჩავიდნენ.
თურქეთთან უვიზო რეჟიმის პირობებში, ბევრად მეტი თურქი და უცხოელი გადმოვა, აეროპორტის გახსნის შემდეგ, დაახლოებით, ორი რეისი გვექნება სტამბულამდე და უკან, ხოლო თბილისიდან 4-5 რეისს ვვარაუდობთ; კვირაში რამდენჯერმე რეისები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან გვექნება და ხალხი ბევრად მეტი ჩამოვა, ვიდრე აქამდე.
ყაზახური ბანკები 22 სასტუმროს აშენებენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ რამდენიმე ათეული ათასი ყაზახი ტურისტი ჩამოვა, რადგან ჩვენი ჩვენი კლიმატი ბევრად უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნებისა.
ეს არის ჩვენი ამოცანა.
მოსახლეობასთან ურთიერთობისას, ხშირად მაძლევენ წერილებს.
დღესაც 10 წლის გოგონამ წერილი გადმომცა და მსურს წაგიკითხოთ:
"ჩემს საყვარელ პრეზიდენტს!
გუშინ სკოლიდან დაბრუნებულმა გავიგე, რომ თქვენ ჩემი ბიძიას კაფეში "ლაგუნაში" აპირებდით მოსვლას. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დიდი ხანია თქვენი ნახვა მინდა. ჩემი ბავშვური გულით, გულწრფელად ვამბობ. მოცეკვავე შადრევანთან თქვენს შესახვედრად მოვდიოდი და მიზანს მივაღწიე - თქვენს დაცვას გამოვეპარე და მოგეხვიეთ. იქნებ გაიხსენოთ ეს წუთი. მე მყავს პატარა ძმა, რომელიც რევოლუციის დღეებში პორტის ბაღთან წითელი ჩოხით ხელში აიყვანეთ. იქნებ ესეც გაიხსენოთ.
მე ვარ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის წარჩინებული მოსწავლე... იქნებ გნახოთ. ძალიან მინდა თქვენთან ერთად გადაღებული სურათი მქონდეს. საერთოდ ცხოვრებაში ვოცნებობ მქონდეს ბარბი და მისი სახლი და კიდევ, "ნოუთბუქი", რომლის შესწავლასაც ეხლა ვიწყებთ. თუმცა ამაზე ზოგადად ვოცნებობ... ისე თუ ავტოგრაფს დამიტოვებთ ძალიან გამიხარდება.
10 წლის ნინო ღარიბოვი."
როდესაც ეს წერილი წავიკითხე ლევან ვაშალომიძეს სასწრაფოდ "ნოუთბუქის" შოვნა და ამ გოგონა პოვნა დავავალე.
ვაშალომიძის პირადი კომპიუტერი, ამიერიდან, პატარა ნინოს საკუთრებაა.
ჩემი სურვილია, რომ ყველას ასე აუხდეს ოცნება, როგორც ეს პატარა ნინოს აუხდა. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ გიორგობა და დიდი მადლობა გითხრათ.
ასევე მინდა ყველას ვუთხრათ, რომ ტყულიად აქვთ ჩვენი განადგურებისა და დაჩოქების იმედი.
ორ-სამ წელიწადში, როდესაც ამ ყველაფერს ნახავენ ყველა იტყვის: ამას არ ველოდით, ნახეთ ქართველები რა შორს წასულანო.
ეს ძალზე გაგვიხარდება, რადგან ჩვენ არავის მტრები არ ვართ.
რაც მთავარია, ისინი ჩვენს ახალ აეროპორტში ჩამოვლენ, რომელიც წლის დამლევს გაიხსნება.
გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს აჭარას!
გაუმარჯოს თავისუფლებას და დღევანდელ დღეს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური