Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.10.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახმეტის რაიონში ღვინის ქარხნის პრეზენტაციას დაესწრო

მოგესალმებით ყველას!

რა თქმა უნდა, საქართველოში ბევრი რამ ხდება, მაგრამ დღეს აქ იმისათვის ჩამოვედით, რომ ახლადგახსნილი ულტრათანამედროვე ღვინის ქარხანა დავათვალიეროთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია არა მარტო თქვენთვის, თქვენი რაიონისთვის და კახეთისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და საქართველოს დამკვიდრებისთვის მთელ მსოფლიოში.

დაახლოებით 2 თვის წინათ, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველ ბიზნესმენებს შევხვდი.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც კახეთში რთველი იწყებოდა და დიდი მოლოდინი იყო, ეს იყო პერიოდი, როდესაც დაგვიკეტეს ტრადიციული, მთავარი - რუსეთის ბაზარი, სადაც საქართველო რამდენიმე ათეულ მილიონ ბოთლ ღვინოს ყიდდა.

ღვინო საქართველოს სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხისთვის და, რა თქმა უნდა, კახეთისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.

ამ აქციის ინიციატეორებს ერთი მიზანი ამოძრავებდა - მათ იციან, რომ კახეთი და საერთოდ მევენახეობისა და ღვინის ჩამომსხმელი რეგიონები (იმერეთი, რაჭა და სხვა), ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული საბრძოლო სულისკვეთების ტრადიციული დასაყრდენია.

ამ სანქციამ, უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამ რეგიონებს დაარტყა ყველაზე მტკივნეულად.

მათი გათვლები ძალზე მარტივი იყო - ხალხი უნდა გაბრაზებულიყო საკუთარ მთავრობაზე, გამოსულიყო ქუჩაში, ეკონომიკური ემბარგოს დაწესებაში მთავრობა დაედანაშაულებინა და ხელისუფლება შეცვლილიყო.

ანდა, მივფოფხებულიყავით მათთან, ჩავბარებულიყავით, უარი გვეთქვა თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და საქართველოს გამთლიანებაზე.

არასდროს ჩვენს ისტორიაში ასე არავისთან მივსულვართ და 2 000 წლის განმავლობაში ასე ვიცხოვრეთ.

მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიო შეიცვალა, როცა არც მე-18 საუკუნეა და არც შაჰ აბასის დრო, ასე არავისთან მივალთ.

ჩვენ ყველასთან მივალთ როგორც მეგობრები, თანასწორი პარტნიორები, პატივისცემითა და ურთიერთინერესების გათვალისწინების სურვილით აღსავსე ადამიანები, თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეები და მესვეურები, და არა როგორც მონები.

ეს ქართველისა და საქართველოში მცხოვრები არც ერთი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანის ბუნებაში არ დევს.

იმ ხალხმა, ვინც კახეთისთვის და საქართველოსთვის ეს სცენარი შეიმუშავა, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.

ბიზნესმენებთან შეხვედრისას მათ ვთხოვე, რომ კახეთს ღვინის გასაღებაში დახმარებოდნენ.

დღეს მათ მადლობა მინდა ვუთხრა - ქართული ბიზნესი კახეთის დასახმარებლად დაირაზმა.

ყველაზე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოველთვიურად ასეულ ლარსაც ითვლიან, ამ ფულის უმეტესი ნაწილი სწორედ ღვინის ბიზნესში ჩადეს.

დიდ საწარმოებს, რომლებმაც ათეულობით, ასეულობით და ათას ტონაზე მეტი ყურძენიც კი შეიძინეს, დიდ მადლობას ვუხდი.

მსურს მათ სათითაოდ შევეხმიანო (რამდენიმეს უკვე დავუკავშირდი კიდეც) და პირადად გადავუხადო მადლობა.

თუმცა პატარა საწარმოების დირექტორებმა, რომლებსაც ეს ყურძენი, შესაძლოა, არაფერში სჭირდებოდა, კახელებისა და საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად, ზოგმა 30, 50, ან თუნდაც 3-4 ტონა ყურძენი იყიდა.

მეტსაც გეტყვით, ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს, თბილისელებს ჩვენგან ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნით, რადგან მათ შარშანდელთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტი ყურძენი შეიძინეს.

ეს არის ნამდვილი სოლიდარობა და ეს არის საქართველოს ახალი, სრულიად განსხვავებული მენტალიტეტი.

ეს ხალხი არც ტელევიზიით გამოდის და არც მჯიღს ირტყამს მკერდზე და ამტკიცებს, რომ საკუთარი სამშობლო უყვარს - ეს ხალხი კაპიკებს ითვლის, რათა საკუთარ ოჯახებს მიხედოს, შვილებს განათლება მისცეს და მშობლებს უმკურნალოს, მაგარმ ამ ხალხმა საკუთარი შემოსავლით კახეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

შარშანწინ, ვარდების რევოლუციის შემდეგ წელს, ქარხნებს რეკორდული რაოდენობა - 35 ათასი ტონა ყურძენი ჩავაბარეთ, შარშან ეს მაჩვენებელი გავზარდეთ და ქარხნებში 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენი შევიდა, ხოლო წელს დაახლოებით 43 ათასი ტონა ყურძენი ჩავაბარეთ, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია დამოუკიდებლობის შემდეგ ურთულესი ბლოკადის პირობებში.

იმის გათვალისწინებით, რომ წელს 120 - 130 ათასი ტონა ყურძენი არა მარტო ღვინის ქარხნებს, არამედ გადასამუშავებლად და ასევე საკვებად მთლიანად კვების მრეწველობას ჩაბარდა, ჩვენს გასახარად და ემბარგოს ინიციატორთა გულის გასახეთქად, კახეთში ყურძენი, პრაქტიკულად, მთლიანად გაიყიდა.

ემბარგოს გადაწყვეტილების ავტორებისათვის ეს მთავარი გაკვეთილია.

თუ ჩვენ ერთმანეთს გვერდზე დავუდგებით, გამოუვალი სიტუაციები არ იარსებებს.

თუ დარწმუნებული ვიქნებით ჩვენს გამარჯვებაში, არასოდეს წავაგებთ და სამშვიდობოს გავალთ.

ჩვენი არაკეთილმოსურნე ეკონომიკური ზომების მიღებით ვერასოდეს დაამარცხებს საქართველოს.

პირიქით, წლების შემდეგ ეკონომიკური ემბარგოს ინიციატორებს მადლობას ვეტყვით, რადგან მათ ახალი ბაზრების მოპოვება, უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება, შეცდომების არ დაშვება გვასწავლეს.

შეცდომებს კი არავინ გვაპატიებს.

ის მიიღებს იმის საწინააღმდეგო შედეგს, რისი მიღების იმედიც ჰქონდა.

კარგია, რომ ემბარგო სწორედ ეხლა დაგვიწესეს და არა 3 წლის შემდეგ, როდესაც საქართველო კიდევ უფრო განვითარდებოდა და კიდევ უფრო მეტად მიებმებოდა რუსეთის ბაზარსა და მის ეკონომიკას.

3 წლის შემდეგ კახეთიდან სამჯერ მეტ ყურძენს გავიტანდით, ვიდრე შარშან გაგვქონდა, ეს კი, ისეთ ზიანს მოგვაყენებდა, რომ წელში გამართვა გაგვიჭირდებოდა.

ემბარგოს შემოღება მათ ცოტა იჩქარეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ქვეყნებში ჩვენი პროდუქციის გაყიდვა წელს გავაორმაგეთ.

ეს ქარხანა იტალიური ინვესტიციით აშენდა და მის ასაშენებლად 12 მილიონი ევრო ჩაიდო.

ხვალ ღვინის წარმოების მეორე ობიექტი იხსნება, რომელიც ესტონური ფულით და ესტონური ინვესტიციის წყალობით აშენდა.

დღეს ჩეხი ბიზნესმენების საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო, რომელიც ამ დარგით არის დაინტერესებული.

საქართველოში სულ უფრო მეტი ახალი ინვესტიცია შემოდის და სულ უფრო მეტ ბაზრებს მოვიპოვებთ ერთად.

ჩემი სურვილია, რომ მთვრობამ ბევრად უკეთესად იმუშავოს და უფრო სწრაფად მოხდეს ჩვენი წინსვლა, მაგრამ ჩვენ ამ ბაზრებზე უკვე გავდივართ.

ეს მთავარი გაკვეთილია.

ქართული ეკონომიკა უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ მსოფლიო დონის გახდეს.

ჩვენ ისეთი პროდუქცია უნდა გამოვუშვათ, რომელიც მთელ მსოფლიოში იქნება კონკურენტუნარიანი.

ამას წინათ თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს და თურქ ბიზნესმენებს შევხვდი და მათ მითხრეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამკერვალო პროდუქცია, რომელიც თურქული ფულით არის შექმნილი, საქართველოში იკერება.

თურქებმა ფული ჩადეს სამკერვალო საამქროებში ხელვაჩაურის რაიონსა და ბათუმში და ყველაზე საუკეთესო პროდუქცია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თურქი სპეციალისტები უშვებენ, აჭარაშია შექმნილი.

ამას წინათ, ჰოლანდიურ გაზეთში წავიკითხე, რომ იქაურ მაღაზიებში ახლახან გაყიდვაში გამოვიდა ფეხსაცმელები, რომლებიც საქართველოში ხელით იკერება.

ეს ფეხსაცმელები მიიტანეს ექსპერტებთან, რომლებსაც ის საამქროებში, მაქანაზე შეკერილი ეგონათ.

აქედან გამომდინარეობს, რომ ქართველებს საქმის კეთება და მუშაობა ყველაზე უკეთ შგვიძლია.

ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა.

ერთის მხრივ, ჩვენ უნდა ავითვისოთ ის სფეროები, სადაც მინიმალური კვალიფიკაციით შეიძლება შედეგის მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, მომავალ წელს ყველა ქართული სკოლა უკვე ინტერნეტიზირებული იქნება და ახალი თაობას ისეთ პირობებს შევუქმნით, როგორ პირობებშიც სინგაპურელი, ჰონგ-კონგელი, კალიფორნიელი, ან ფრანგი ბავშვები არიან.

მაშინ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორი ძლიერები ვყოფილვართ ქართველები და რამდენი რამ შეგვძლებია.

მინდა ვთქვა, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ეს ყველამ დავინახეთ.

მიუხედავად იმისა, რომ იანვარში დივერსია მოაწყვეს და ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდება შეგვიწყვიტეს, ეს პირველი წელიწადია, როდესაც თებერვლის ამ რამდენიმე კრიზისული დღის გამოკლებით, მთელი საქართველო ელექტროენერგიით დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად მარაგდება.

მინდა ვთქვა, რომ ყველა ჩვენი მონაცემის მიხედვით, ელექტროენერგია ამ ზამთარშიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გვექნება, რადგან საამისოდ ყველა ზომას მივმართეთ.

საქართველოს მთავრობა ხვდებოდა, რომ ემბარგო განხორციელდებოდა და ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რათა ჩვენი დახრჩობა და დაჩოქება ვერ შეძლონ.

რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ ქართველებს.

მინდა ჩვენი თანამემამულეების წინაშე ქედი მოვიხარო.

მინდა აღშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რაც ქართველებს იქ გაუკეთეს და დღესაც იგივეს აგრძელებენ.

მინდა აღშფოთება გამოვთქვა იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ დედებს შვილებთან აშორებდნენ (ხშირად ჩველ ბავშვებსაც კი), ოჯახის წევრებმა, ხშირ, შემთხვევაში ერთმანეთის ამბავი არ იცოდნენ, ქართველებს ბიზნესი დაუხურეს და მათ ტერიტორიაზე ქართველების მკვლელობებსაც არ ერიდებიან.

ეს მარტო ჩვენი დანახული არ არის - მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, მთელმა მსოფლიომ გამოხატა აღშფოთება, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ ელოდა.

ეტყობა მათ 21-ე საუკუნე კი არა, ისევ მეთვრამეტე საუკუნე და გიორგიევსკის ტრაქატის პერიოდი ეგონათ, როდესაც შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ და არავის არაფერი დააინტერესებდა.

დღეს სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ.

ამავდროულად, მინდა აღტაცება გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების მიმართ.

არაფერმა ისე არ შეკრა და გააერთიანა ქართველები, როგორც ამ დევნამ, არაფერმა ისე არ გააძლიერა მათი სიამაყე საკუთარი სამშობლოს მიმართ, როგორც ამ რეპრესიებმა.

საკუთარი ქვეყნის დასაგმობად ქართველებს ერთი სიტყვაც ვერ ათქმევინეს.

აღტაცებული ვარ ცნობილი რუსი მსახიობის სტანისლავ სადალსკის მოქმედებით, რომელმაც ქართველების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მოქალაქეობა მოითხოვა.

მინდა იმ რუსების მიმართ გამოვხატო აღტაცება, რომლებსაც ქართველობა მოუნდათ და რუსეთში ოვირის ორგანოებს ოფიციალურად მიმართეს გვარების გადაკეთების თაობაზე, რადგან ქართველების დევნის გამო მათ სოლიდარობა გამოხატეს ჩვენი ხალხის მიმართ.

მინდა აღტაცება გამოვხატო იმ რუსების მიმართ, რომლებიც გულზე წარწერა "მე ქართველი ვარ" დაიმაგრეს და ამით გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხის მაგალითზე რუსეთთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვექნება, რადგან დღევანდელი პოლიტიკა, თავისი არსით, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ, პირიქით ჩვენ გვეუბნებიან, რომ აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში.

ჩვენ ხომ არ ვედავებით სოჭს, რომელსაც, თავის მხრივ, ქართული სახელწოდება აქვს.

ჩვენ ხომ არ ვედავებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე იმ სოფლებს, სადაც ქართველები დღესაც ცხოვრობენ და ბოლო 10 საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

რაღატომ გვედავებიან იმ ადგილს, სადაც უძველესი ქართული მონასტრები, უძველესი ქართული ძეგლები მდებარეობს, სადაც არის ხიდი, რომელზეც თამარი დადიოდა, სადაც იყვნენ საქართველოს გამაერთიანებელი მეფეები, სადაც ბოლოს და ბოლოს, ცხოვრობდა ასობით ათასი ადამიანი, ისინი დღესაც ცოცხლები არიან და სახლში დაბრუნება ენატრებათ.

დღეს უკვე სხვა მსოფლიოა და ამას არავინ არავის შეარჩენს.

თქვენ ნახეთ გუშინ, თუ როგორი რეზოლუცია მიიღო ევროპის პარლამენტმა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მეზობელ რუსეთში არათუ არ გადაუციათ ამ რეზოლუციის ტექსტი, არამედ ევროპული არხებიც კი, რომლებიც ამას გადასცემდნენ, გადაცემის მომენტში გათიშეს, ვინაიდან საზოგადოებას ეს არ მოესმინა.

თუმცა ისინი ინფორმაციას მაინც ვერ შეაჩერებენ.

დროა ერთმანეთთან კონტაქტი ისევ დავიწყოთ უმაღლეს დონეზე.

ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ორასი ათასზე მეტი ქართველი წავიდა, არა მილიონი, როგორც ამას ხშირად აცხადებენ.

მათი უმეტესობა აფხაზეთიდან გამოყრილი ქართველები იყვნენ.

ვინ გაყარა ისინი აფხაზეთიდან ქართულმა სახელმწიფომ თუ რუსეთის სპეცნაზმმა?

ეს ხალხი ძლივს გაიმართა წელში დადღეს ამ ქართველებს ხელმეორედ ყრიან - ამჯერად რუსეთიდან.

არადა, სწორედ ეს ქართველები ქმნიდნენ რუსეთის სიძლიერეს და ეკონომიკას, ისინი აშენებდნენ რუსეთს.

ჩვენ დასამადლებელი არაფერი გვაქვს.

მათ მადლობა უნდა გვითხრან იმისათვის, რომ ჩვენი შვილები ამდენი წლის განმავლობაში მათ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ.

მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი, თუ ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და საკუთარი ქვეყნის მომავალს მოემსახურებიან, თუ მათი შვილები განათლებას ჩვენ სკოლებში მიიღებენ.

იმ რუსებსაც, რომლებსაც სხვაგვარი აზროვნების გამო პრობლემებს უქმნიან, საქართველოში სიამოვნებით მივიღებთ და მზად ვართ, რომ მათ ქართულ ბიზნესშიც გავუხსნათ შესაძლებლობა.

რუსეთის ფედერაციასთან დიდი სიამოვნებით განვაახლებთ ყოველგვარ დიალოგს, ვინაიდან არ გვაქვს არანაირი სურვილი უმიზეზოდ შევიქმნათ დამატებითი პრობლემები.

ერთი რამ ყველას უნდა ესმოდეს, საქართველო წინ მიდის, მას პერსპექტივა აქვს და ამ წინსვლას ვერავინ შეუშლის ხელს.

ჩვენ წინ მივდივართ ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

დღეს ჩემთან ერთად ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმყოფება. იგი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიტიკოსია, რომელმაც ესტონური ეკონომიკური სასწაული შექმნა.

ესტონეთს 90-იანი წლების დასაწყისში მთლიანად გადაუკეტეს რუსეთის ბაზარი, დღეს ესტონეთი ევროპაში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა და რუსეთში საკუთარი პროდუქციის მხოლოდ 5 პროცენტს ყიდის, დანარჩენს - ევროპაში.

წელს თურქულ-ქართული საზღვარი მილიონზე მეტმა ქართველმა გადალახა.

ეს არის რეალერი ორიენტაცია, ბევრად მეტი ხალხი დადის დასავლეთ ევროპაში, სადაც ჩვენ დიდი სიმპატიები და მხარდაჭერა გვაქვს.

ეკონომიკური კავშირები შუა აზიასთან და უკრაინასთან განვითარდა.

ეს შეუქცევადი პროცესია.

იმ პერიოდისათვის, როცა ჩვენ რუსეთის ბაზარზე დავბრუნდებით, დარწმუნებული ვარ, იმდენად მყარი ზურგი გვექნება, რომ ქართული ღვინისთვის და ქართული პროდუქციისათვის კონკურენცია გაიმართება.

ჩვენ ვინმეს დასამადლებელი კი არ გვექნება, არამედ მადლობას გვეტვიან იმისათვის, თუკი იქ დავბურნდებით და სავაჭრო თუ სხვა სახის ურთიერთობებს განვაახლებთ.

თქვენ იცით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსეთში სანიტარულ სამსახურში ყურძნის რამდენიმე მტევანი გააგზავნა, ეს ტელევიზიითაც გადაიცა.

საზღვარზე ყველა პაკეტი გააჩერეს და მრავალი მათგანი გაანადგურეს კიდეც.

თითქოს მათ მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო პროდუქტი კი არ გავუგზავნეთ, არამედ ბაქტერიოლოგიური ბომბი.

ეს ადამიანები საკუთარ აზრს შეიცვლიან, მაგრამ რომც არ შეიცვალონ, ისინი მაინც უმცირესობაში დარჩებიან.

ეს აღმშენებლობა გაგრძელდება, დღევანდელი მშენებლობა ემბარგოს პასუხია.

მრავალი წლის წინათ, ასეთ ქარხანას საქართველოში ვერც კი წარმოვიდგენდით.

რამდენიმე დღის წინათ, თბილისში გავხსენით ბანკი, ვერც ამას წარმოვიდგენდით რამდენიმე წლით ადრე.

ხვალ კიდევ ახალი გაიხსნება, კვლავ ახალი და ახალი.

ჩვენ გაჩერების და შეყოვნების უფლება არ გვაქვს.

ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ - გვინდა მშვიდობა, განვითარება, გაძლიერება, გამდიდრება, საქართველოს გაერთიანება და საბოლოოდ ფეხზე დადგომა.

ეს არის საქართველოს სამოქმედო პროგრამა, ვისაც უნდა რომ ამ ნათელი გზიდან გადაგვაგდოს, ამას ტყუილად ნუ შეეცდება, რადგან ვერავინ შეძლებს ამ გზიდან გადაგვახვევინოს.

ეს ჩვენი საბოლოო გზავნილია.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მთლიანად კახეთს.

რუსებს ეგონათ, რომ კახეთი წელში გაწყდებოდა, სინამდვილეში კი, კახელებს გადაკრული ერთი სიტყვაც არ უთქვამთ.

ასეთი დაუფასებელი შრომა არსად არის.

კარგად ვიცი, რომ ბევრად მეტი შემოსავალი უნდა ოჯახებს, ბევრად მეტი ფასი უნდათ ყურძნისათვის.

სწორედ ამ გაჭირვების პრერიოდში უცხოელი ჟურნალისტები აქტიურად დადიოდნენ ჩვენს ბაზრებში.

მათ სურდათ მოესმინათ ქართველი კაცისგან, რომ საქართველოში აღარ შემოდის რუსული შოკოლადი.

მათ კი ქართველი კაცისგან მოისმინეს საპირისპირო, მათ განაცხადეს რომ რუსული შოკოლადის ნაცვლად უკრაინულ შოკოლადსშეიყვარებენ. ქართველი კაცი, ზოგიერთი პარლამენტარისაგან განსხვავებით, ზუსტად მიხვდა, როგორ უპასუხოს მთავარ გამოწვევას, რომელსაც ჩვენი მოწინააღმდეგე გვიმზადებს.

მათ სურთ ნახონ მოწუწუნე, ცხვირჩამოშვებული საქართველო, რომელიც ლანგარზე შესაჭმელადაა გამზადებული.

მათ საქმე აქვთ ამაყ, თავმოყვარე, საღი აზრით გამსჭვალულ და დიდი გამოცდილების მქონე ერთან.

ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი მხოლოდ ქარხნები, ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები კი არ არის, არამედ სიმტკიცის მარაგია.

ამას წინათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში გავგზავნე, ატყდა ამბავი, იქ თითქოს იგი იარაღის საყიდლად ჩავიდა, სინამდვილეში კი ქართულ ღვინოს ყიდდა.

მთავარია, რომ ერთიანნი ვიყოთ, ეს არის განსხვავება ორგანიზებულ ხალხსა და იმ ხალხს შორის, რომელიც ყველაფრის დასაკარგად და დასამარცხებლადაა განწირული.

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს - ჩვენ გვაქვს მხოლოდ დასაბრუნებელი. სამი წლის წინათ, ჩვენი ლოზუნგი იყო „დავიბრუნოთ საქართველო".

ჩვენ საქართველოს ვიბრუნებთ.

დიდი მადლობა კახეთს, იმიტომ, რომ მან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთავრობას ხმათა 90 პროცენტზე მეტი მისცა.

თუმცა, მთავრობას კი არა, არამედ საკუთარი ხალხის ღირსებას მისცა ხმა.

ეს ხალხი ღვინოსაც მაგარს ჩამოასხამს, მთებსაც გადააბრუნებს და მსოფლიოში ყველაზე მისაბაძი და საამაყო ერი გახდება ბევრი სხვა ერისათვის.

დღეს ჩვენ გამარჯვების ერთ-ერთ ეტაპზე ვართ.

მინდა მოგილოცოთ ამ ქარხნის გახსნა, გისურვოთ ბედნიერება, უკეთესი მომავალი, რომელიც აუცილებლად დადგება.

გაუმარჯოს ჩვენს ერთიანობას!

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)