Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.09.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან

მოგესალმებით,

თუ თქვენ შავი ზღვისპირეთში იყავით, ნახავდით, რომ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე თბილისიდან აჭარამდე ასეთი გზა ჯერ არ ყოფილა.

თუ თქვენ რკინიგზით წახვედით, ნახავდით ახალ, კომფორტულ, გარემონტებულ უკრაინულ მატარებელს, რომლითაც მე ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვიმგზავრე.

თუ თქვენ ბორჯომში იყავით, ნახავდით, რომ იქ ძალიან ლამაზი პარკი გაიხსნა, რომელსაც ჯერ კიდევ დახვეწა სჭირდება.

ამ კურორტებზე თქვენ ნახავდით, რომ წელს იქ იმდენივე დამსვენებელმა მოიყარა თავი, რამდენიც 80-იან წლების ბოლოს იყრიდა.

თუ ვინმე სხვა ადგილებში იყო, საქართველოს ხუთ-ექვს რეგიონში პატრიოტთა ბანაკებს და პატრიოტთა ფორმებში ჩაცმულ სხვადასხვა ეროვნების ადამიანს ნახავდა. მათ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს.

ის, ვინც ქალაქში დარჩა და ოჯახში აბიტურიენტი ჰყავდა, ნახავდა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს პირველი ზაფხული იყო, როდესაც ნაცნობებს არავინ აწუხებდა და გამოცდების შედეგებს არ "აწყობდა". საქართველოში ობიექტური მისაღები გამოცდები პირველად ჩატარდა. ეს საუკეთესო მიღწევაა მთელი ევროპის მასშტაბით.

თბილისში დაბრუნების შემდეგ თქვენ ნახავდით, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქში.

ქუთაისში იგება გზები, იცვლება ფასადები, შენდება სპორტული ნაგებობები, იგივე ხდება თბილისში დიდი მასშტაბით.

ჩვენ გეგმის გარეშე არაფერს ვაკეთებთ. პირველი ეტაპი სახელმწიფო აპარატის რეფორმირება იყო, რის გარეშეც ამ ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა.

ჩვენ საკადრო წმენდა კანცელარიიდან დავიწყეთ, რასაც შემდეგ პროკურატურა, პოლიცია, საგადასახადო სამსახური და შეიარაღებული ძალები მოჰყვა.

პირველი წელი ჩვენ ახალ საგადასახადო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის შექმნას, ასევე სამინისტროების რეორგანიზაციას მოვანდომეთ, რის შედეგადაც შემოსავლები გაგვეზარდა.

ჩვენი განვითარების პირველი ეტაპი, რომელიც დაახლოებით 2005 წლიდან დაიწყო, მთელ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ, გზების მშენებლობას გულისხმობს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ინფრასტურქტურის განვითარების თვალსაზრისით ასეთი მასშტაბური მშენებლობები ჯერ არ განხორციელებულა.

წლის ბოლოსთვის საქართველოში ყველა რაიონული ცენტრს ნორმალური მისასვლელი გზა ექნება.

წელს ჩვენ აჭარაში სამეგრელოს დიდი გზის მშენებლობას ვასრულებთ. ყველა გზა კეთდება, მათ შორის, ხულოს დიდი გზა და რაიონებს შორის დამაკავშირებელი შიდა გზები. იგივე ხდება იმერეთშიც.

თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი მშენებლობები მიმდინარეობს. 2007 წლის დასაწყისიდან თბილისი-გორის მაგისტრალური გზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება.

მეორე ეტაპი ენერგეტიკის რეაბილიტაციას გულისხმობს. ჩვენ თებერვალში ხალხს სიმართლე ვუთხარით - საქართველოში არსებული სიმძლავრეებით შეუძლებელია ქვეყანას 24 საათიანი ექლექტრომომარაგება ჰქონდეს.

ჩვენ თებერვალში საგანგებო ღონისძიებათა პროგრამა შევიმუშავეთ და მუშაობა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დავიწყეთ. წლევანდელი ზამთარი საქართველოს ისტორიაში პირველი იქნება, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ ექნება.

საქართველოს ყველა რეგიონს გადახდის პირობებში ელექტროენერგია მიეწოდება, თუმცა დაზიანებული სისტემის გამო, შესაძლოა ავარიებიც მოხდეს.

ჩვენი რეფორმის მესამე ეტაპია ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ენერგეტიკის გარეშე კი, სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბარი სასაცილოა.

ჩვენ მომავალ წელს ელექტროენერგია გვექნება და რამოდენიმე ათეული სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა მოგვეცემა.

ამ სამი ეტაპის განხორციელება კი, საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევს.

ამის პარალელურად ჩვენ საავადმყოფოების მშენებლობას ვაგრძელებთ, რაშიც ინვესტიციები იდება, ასევე საპენსიო სექტორის დახვეწას და პენსიების მომატებას.

ჩვენ სპორტული ობიექტების მშენებლობასაც ვგეგმავთ.

ბათუმში დახურული კორტებისა და აუზების მშენებლობა მიმდინარეობს, მოქმედებას იწყებს კინოთეატრები.

ქვეყანამ განვითარება დაიწყო და ეს პროცესები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თქვენ ნახეთ რა ხდება ჯავახეთში. ჩვენ, პრაქტიკულად, ამ რეგიონის ინტეგრაციის საკითხს ვწყვეტთ, რასაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს.

ეს ის რეგიონია, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა, რომ ამ ქვეყნის შემადგენელი ნაწილია.

ეს ჩვენი მიღწევაა. ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ გონიოს პოლიგონის გადმოცემა. ერთი წლის წინ, როდესაც მე ეს საკითხი დავაყენე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ამას პროვოკაცია უწოდა. იქ კი უკვე საქართველოს დროშა ფრიალებს - ჩვენ ტერიტორია დავიბრუნეთ და საქართველოს სუვერენიტეტი აღვადგინეთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)