საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე
პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომლებიც ჩვენი რეგიონის განვითარებას, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში უფრო სწრაფად გაწევრიანების პროცესს შეეხება.
თუმცა სანამ ამ საკითხებზე გადავიდოდეთ, მინდა ყურადღება გავამახვილო გუშინდელ საღამოს გამართულ ღონისძიებაზე, როდესაც პრეზიდენტ კაჩინსკის მიპატიჟებით, ჩვენ მისივე ინიციატივით შექმნილ, ვარშავის აჯანყების მუზეუმში მივედით.
ამ მუზეუმმა ჩვენი ოკუპაციის მუზეუმი გამახსენა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინათ ჩემი ინიციატივით გაიხსნა.
ორივე მუზეუმი ახალგაზრდების გაკეთებულია - გუშინ იქ ძალზე ბევრი ახალგაზრდა ვნახე და ყოველივე ეს ძალზე შთამბეჭდავი იყო.
განსაკუთრებით მოვიხიბლე, რომ ვარშავის ცენტრში მდებარე და პოლონეთის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის ამსახველ უმნიშვნელოვანეს მუზეუმში, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლაში პოლონელი ხალხის არნახულ გმირობასა და თავდადებას ეძღვნება, გუშინ ქართველი ოფიცრების მონუმენტს ჩაეყარა საფუძველი.
1921 წელს, როდესაც ბოლშევიკური არმია საქართველოს დასაპყრობად შემოვიდა, პოლონეთის დასაპყრობად უფრო მრავალრიცხოვანი არმია შემოვიდა.
იმ დროს საქართველომ წინააღმდეგობა ვერ გასწია და ისტორიული განვითარების ევროპულ გზას 80 წლით ჩამოშორდა, ხოლო პოლონეთმა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა შეძლო.
ბოლშევიკური შავის ჭირის წინააღმდეგ, პოლონური არმიის წინა რიგებში, მეთაურების პოზიციებზე გამოჩენილი ქართველი ოფიცრებიც იბრძოდნენ.
მათ პოლონელებთან ერთად ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება და გადარჩენა შეძლეს.
ვფიქრობ, ისინი პოლონეთში არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც იბრძოდნენ.
ისინი იბრძოდნენ დღევანდელი დღისთვის, რადგან ძლიერი პოლონეთი, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის, საქართველოსთვის და მისნაირი ქვეყნებითვის უკეთესი მომავლისა და განვითარების საუკეთესო გარანტიაა.
ვნახე იმ ოფიცრების გვარები, რომლებიც საბჭოთა და გერმანული ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
საბჭოთა არმია ვისლას მეორე ნაპირზე იდგა და მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პოლონელები და მათთან ერთად მებრძოლი სხვა ერის წარმომადგენლები, გაჟლეტილიყვნენ, რათა ამ ერში თავისუფლების სული ჩამკვდარიყო.
ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც 1944 წელს ვარშავაში დაიღუპნენ, პოლონური ელიტის, პოლონური ინტელიგენციის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ.
მიხარია, რომ ყოველივე ამას ფუჭად არ ჩაუვლია - ჩვენი ქვეყნების დღევანდელი მეგობრობა ამის ნათელი დადასტურებაა.
პრეზიდენტ კაჩინსკიმ და მე, ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ პოლონეთში მეტი ქართული ღვინო უნდა შემოვიდეს და განსაკუთრებით მოვუწოდებ ქართველ მეღვინეებს, კარგად შეისწავლონ პოლონური ბაზარი, რადგან ქართული ღვინისთვის, აქ უზარმაზარი აუთვისებელი სივრცეა.
პოლონური სახელმწიფო ჩვენ ყოველმხრივ გვეხმარება - გვაწვდის სრულ ინფორმაციას, მაქსიმალურად გვიქმნის კეთილგანწყობილ გარემოს, ეხლა უკვე ბიზნესმა უნდა იმუშავოს.
კრივიცაში სექტემბერში საქართველოს ეკონომიკურ დღეებს ვაწყობთ.
იქ მთელი ევროპა და, რა თქმა უნდა, პოლონეთი იმის სანახავად ჩამოვა, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ევროპის ბაზრისთვის.
ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა ძალზე კონკრეტულია.
ჩვენ მადლობელი ვართ იმ როლისთვის, რომელიც პოლონეთმა უკრაინასა და მთელ რეგიონში შეასრულა და დღესაც ასრულებს.
მადლობელი ვართ იმისათვის, რომ პოლონეთი საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პროცესში გვეხმარება.
ჩვენ მოველით, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს კვირებში საქართველო ნატო-სთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა - ეს ითვალისწინებს ინტენსიურ დიალოგს და ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციაში სრულ გაწევრიანებამდე ნახევარი გზა დაგვრჩა გასავლელი, რაც შეუქცევად ეტაპზე გადასვლასაც გულისხმობს.
ვფიქრობ, რომ დღეს ეს სულ უფრო რეალური ხდება.
თუმცა ამ პროცესის დასრულებისთვის, ჩვენი დიპლომატიისა და მეგობრების მხრივ, შემდგომი მუშაობაა საჭირო.
ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური