Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.10.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიფინგი გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში კორუფციასთან უმკაცრესი ბრძოლა კვლავ გაგრძელდება და დაისჯება ნებისმიერი, ვინც კანონს დაარღვევს. მისი თქმით, სოც-უზრუნველყოფის ერთიანი ფონდის ხელმძღვანელ პირთა დანაშაული მით უფრო ამაზრზენია, რამდენადაც საქმე სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის კუთვნილ თანხებს ეხება. „საქართველოში კანონის უზენაესობაა, ჩვენ არანაირ კორუფციას არ გავახარებთ. დღეს განსაკუთრებით, ამ ვითარებაში, როცა საქართველო ზეწოლის ქვეშ არის, თანამდებობის პირთა მხრიდან ყოველგვარი ასეთი გადახრა ბოლომდე დასჯილი და გამოვლენილი იქნება. მინდა გაგაფრთხილოთ, ამ ისტორიების გაგრძელებები თქვენ თავს დააბრალეთ. ჩვენ გვყავს კარგი გენერალური პროკურორი და მისი თანამშრომლები, ჩვენ მოვიყვანეთ წესიერი ხალხი, ჩვენთვის არ არსებობს ახლობლები და უცხოები, მეგობარი და არამეგობარი, უმრავლესობა და ოპოზიცია, ჩვენ ყველას ერთი საზომით მოვთხოვთ ყველაფერზე პასუხს. სოფრომაძესთან დაკავშირებით ძალიან ვწუხვარ, ვწუხვარ, რომ იგი დაკავებულია, მის ბრალეულობას ძიება დაადგენს, თუმცა მან კადრების შერჩევაში უთუოდ შეცდომა დაუშვა. არანაირი სურვილი არ მაქვს ვუყურო ფარულ ვიდეოჩანაწერებს, ეს ჩემში ზიზღს იწვევს." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი შემდეგ კვირას პარლამენტში ინიციატივას შეიტანს, რომლის თანახმადაც საპრეზიდენტო არჩევნები, ცხრა თვით ადრე, ვიდრე წინასწარ არის განსაზღვრული, 2008 წელს ჩატარდება.

საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება. მან ასევე დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გამართა.

„ვაპირებ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების შეტანას იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ერთდროულად ჩატარდეს საპრეზიდენტო არ საპარლამენტო არჩევნები. მიმაჩნია, რომ ყოველ წელს არჩევნების ჩატარება ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული... ჩვენ შეგვიძლია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები პარალელურად ჩავატაროთ. საპრეზიდენტო ვადა 7-8 თვით შემცირდება, ხოლო შემდეგი საპრეზიდენტო ვადა ძალაში დარჩება. ამჯერად, როცა გარდამავალ ეტაპზე ვართ, მინდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთად ჩავატაროთ. პარლამენტი და პრეზიდენტი ან უნდა დარჩეს, ან ერთნაირად უნდა შეიცვალოს" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს საკითხი პრიორიტეტულ თემებს შორის ჩააყენა. მისი თქმით, დიდი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად, ევროკავშირმა იპოვა გამბედაობა, რომ რუსულ-ქართულ დაძაბულ სიტუაციაზე რეაგირება მოეხდინა. ასევე განაცხადა, რომ იგი მზად არის შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და აუცილებლად მიიღოს დსთ-ს სამიტში მონაწილეობა, რადგან საქართველომ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.

„ევროკავშირმა ევროპის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები დაასახელა. და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ განხორციელებულ უკანონო სანქციებზე, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში იქნა გამოყენებული.

ხვალ ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. ჩვენ ევროპელთაგან ველით პრინციპულ და კატეგორიულ პოზიციას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და იმ სანქციების მისამართით, რაზეც ევროკავშირმა საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატა. ჩვენ რუსეთთან კარგი ურთიერთობები გვსურს, ისეთი, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას შეჰფერის. იმედს ვიტოვებთ, რომ ევროკავშირი ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ... ჩვენ ყველა დონეზე დიალოგს ვამჯობინებთ და დიალოგის არცერთ საშუალებაზე არ ვიტყვით უარს. საქართველო მიესალმება დიალოგს ნებისმიერ დონეზე, რომელზეც ყველა არსებული პრობლემა კონსტრუქციულად იქნება განხილული" - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)