მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე საგანგებოდ მივმართავ საქართველოს მთელ მოსახლეობას, საზოგადოებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.
ჩვენს ხელთ არსებული მასალა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ არსებობდა და არსებობს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სერიოზული საფრთხე. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, ქართველ ხალხს, საქართველოს მოსახლეობას მოპაროს თავისუფალი არჩევანის უფლება! საქართველოში ამიერიდან ვერავინ გაბედავს საზოგადოების, ხალხის ფონად გამოყენებას, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლების - თავისუფალი არჩევანის უფლების წართმევას! ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის აძლევს ნდობის მანდატს, ვის ირჩევს თავისი ქვეყნის ხელმძღვანელად. ვერავინ უნდა გაბედოს მოსყიდვით, სპეკულირებით, სხვის გასაჭირზე ხელის მოთბობით საკუთარი მიზნების მიღწევა ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ნებისმიერი ადამიანი ან პოლიტიკური ძალა, ვინც ამას განახორციელებს, კანონის ადეკვატური ზომებით იქნება დასჯილი.
არაერთხელ განმიცხადებია, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც 5 იანვრის არჩევნების ჩაშლისათვის ემზადებიან. ემზადებიან იმისათვის, რომ ქვეყანა წავიდეს არა წინ, არამედ დაბრუნდეს უკან, 1991-92 წლების მოვლენებში. ძალიან ბევრი რამ აბსოლუტურად მიზანმიმართულად კეთდებოდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმისათვის, რომ საზოგადოებაში გამყარებულიყო განცდა, რომ არჩევნები უცილობლად გაყალბდებოდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშვნო, საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად! საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ნება იყოს გამოხატული!
დღეს დილით მე საგანგებოდ შევხვდი ოპოზიციის წარმომადგენლებს და დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენე ისინი. ძალზედ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ საქარველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება. მოვუწოდებ ყველას, ყველა მოქალაქეს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მოვლენების იმგვარი განვითარება როდესაც, გაჭირვებული და გულნატკენი ხალხის გამოყენება მოხდება მხოლოდ ცალკეული მოვლენების და სპექტაკლების ფონად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვითარება არ გართულდეს და ის შესაძლო სცენარები, რომელიც არ გამორიცხავდა და არ გამორიცხავს სისხლისღვრასაც კი, ჩვენს ქვეყანაში ვერ განხორციელდეს. არავის ვურჩევ აკრძალული მეთოდებით მოქმედებას. ყველას, ვინც ეცდება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოებრიობას, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ადეკვატური და კანონით გათვალისწინებული პასუხი მიეგება.
ასევე, მინდა განვაცხადო, რომ ყველა იმ ძალიან მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გახმოვანდა, წარიმართება ობიექტური და მაღალკვალიფიციური გამოძიება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოძიების შედეგები მართლაც საზოგადოების თითოეული წევრისათვის, ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის იყოს აბსოლუტურად სანდო და გამჭვირვალე.
მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და მათი განვითარების დინამიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსშია. მე მადლობას ვუხდი საერთაშორისო თანამეგობრობას ყურადღებისა და თანამშრომლობისათვის, რომელსაც ისინი ამ რთულ ვითარებაში ჩვენს მიმართ გამოხატავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ფაქტი, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოძიების პროცედურების არა მარტო დაწყებას, არამედ საქმის ბოლომდე ობიექტურად გამოძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფრთხე არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით ან არჩევნების შემდეგ დღეებში დესტაბილიზაციის გამოწვევასთან დაკავშირებით ბოლომდე თავიდან აცილებული არ არის, პანიკის საფუძველი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არა აქვს, თუმც სიფრთხილე ნამდვილად საჭიროა. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა წინასაარჩევნო პერიოდში, დღესაც, ხვალაც და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა და იმოქმედებს გამართულად, ადეკვატურ რეჟიმში, ისე, როგორც ეს ნორმალურ და უკვე ჩამოყალიბებულ ქვეყანას შეეფერება.
მინდა ყველას ვთხოვო, უმნიშვნელოვანესია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ პოლიტიკურმა ძალებმა და თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც გვეკისრება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დღევანდელი, არამედ ხვალინდელი დღიდან გამომდინარე. თითოეულმა ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს რა საფრთხის, რა ძალის წინაშე უწევს დღეს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებრიობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევანის გაკეთება. სახელმწიფოს და ხელისუფლებას აქვს თავისი ძალიან სერიოზული და დიდწილი პასუხისმგებლობა და ჩვენ არა თუ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს ქვეყანაში სტაბილურობისა და დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად. ამავდროულად არსებობს ყველა პოლიტიკური ძალისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა. მოგმართავთ, თქვენც მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავის შეუწყოთ ხელი ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არავის მისცეთ შესაძლებლობა, რომ თქვენი გაჭირვება, თქვენი პრობლემები, ის სირთულეები, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ყოველთვის ახლავს, ვინმემ საკუთარი მიზნების ან ამბიციებისათვის გამოიყენოს.
მე, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ყოველგვარი გაყალბებების გარეშე. ეს ასე იქნება და ამის გარანტია არის ქართული სახელმწიფო, ამის გარანტია, უპირველეს ყოვლისა, არის საქართველოს მოსახლეობის ნება, ამის გარანტია არის უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი, ორგანიზაცია და ჩვენი მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობიდან. საქართველოს სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ნებისმიერი საფრთხე მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული და ყველა მოქმედება ჩატარებული იქნება კანონის, კონსტიტუციის, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნათა სრული დაცვით.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური