Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.12.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ზურაბ ჟვანიას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტში

მინდა მოგესალმოთ ყველას!

ვფიქრობ ამ დღეს აქ შეკრება უკვე სახელმწიფოებრივი ტრადიციაა.

ჩვენ მართლაც ვყალიბდებით სახელმწიფოდ და თუ ვინმემ პირველმა ჩაუყარა საფუძველი სახელმწიფოებრივ ტრადიციას ამ კედლებში, ისე როგორც მთელ ქვეყანაში, ეს ზურაბ ჟვანია იყო.

ზურაბის იდეა იყო აქ საქართველოს პარლამენტში პირველი რესპუბლიკისა და ნოე ჟორდანიას სახელობის დარბაზების გახსნა, კონსტიტუციების გამოფენა და ერთი სიტყვით, ყოველივე იმის გაკეთება, რაც სახელმწიფოს ქმნის, რადგან მანამდე ჩვენ, როგორც ქვეყანა, ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდით.

მეორეა ის, რომ ჩვენ დღეს ვხსნით იმ ადამიანის ბიუსტს და აღვნიშნავთ იმ კაცის დაბადების დღეს, რომელმაც რეალურად შექმნა ქართული სახელმწიფოებრივი საპარლამენტო ტრადიცია.

კარგად მახსოვს, როგორ შემოვედით მე და ნინო ბურჯანაძე ამ დარბაზში - ჩვენ ზურაბ ჟვანიამ მოგვიყვანა.

მან მოგვიყვანა იმ ხალხთან, რომელთანაც, პირდაპირ ვიტყვი, ჩვენით არასოდეს მოვიდოდით, რადგან ერთის მხრივ, იყო ქვეყანას მართავდა პრეზიდენტი, რომლიც ყველაფერს ძველს და ჩვენთვის მიუღებელს წარმოადგენდა.

თუმცა ზურაბმა დაგვარწმუნა, რომ ახალგაზრდა გუნდის მოყვანით ყველაფრის გამოსწორება და შემოტრიალება იყო შესაძლებელი.

ჩვენი მოსვლისთანავე პირველი სხდომა იურიდიული კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ამ დარბაზში მინუს სამი გრადუსი იყო, რადგან ოთახს არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა და პრაქტიკულად ცარიელ კედლებში მოგვიწია შესვლა.

ისიც კი მახსოვს იმ დღეს რა მეცვა...

თუმცა, მოსვლის პირველივე დღიდან, რა თქმა უნდა ზურაბ ჟვანიასთან ერთად, ენთუზიაზმით დავიწყეთ ყველაფრის კეთება, რადგან აქ სწორედ ამ სულისკვეთებით მოვდიოდით.

ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დსთ-სა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში (მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით), სადაც ხელისუფლებაში მთლიანად პოსტკომუნისტური, პოსტსაბჭოთა თაობა მოვიდა.

ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლის ხელისუფლებაში ძველი კომუნისტური ნომენკლატურის არც ერთი წარმომადგენელი არ არის.

თუ მე მკითხავენ ვინ გააკეთა ეს, ცალსახად ვუპასუხებ, რომ ეს ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა.

საქართველო დსთ-ის სივრცეში პირველი ქვეყანაა, რომელიც მთლიანად გაიწმინდა იმ ხალხისგან, რომელიც ამ ქვეყანას ვერც მართავდა და ვერც გამართავდა.

ამიტომ, როდესაც ზურაბ ჟვანიას ისტორიულ დამსახურებასა და მის დატოვებულ კვალზე ვლაპარაკობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვალი დღევანდელი დღეა, თქვენ და ჩვენ ვართ.

გავა დრო და ამას ყველა უკეთ გავაცნობიერებთ.

მაშინ, როდესაც ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ მოვიდა, ჩვენს ქვეყანაში ოცნების მაქსიმუმი იყო ის, რომ სახელმწიფო ყოფილ რაიკომის მდივნებს ემართათ; ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც ნულოვანი საპრლამენტო ტრადიცია ჰქონდა, რადგან ის, რაც იმელის შენობაში იყო, ძნელად თუ შეიძლებოდა მოხსენიება თანამედროვე პარლამენტად, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ღირსეული ადამანი მუშაობდა; ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც მომავლის პერსპექტივა და განცდა არ ჰქონდა.

ისიც ვიცი, რომ თუ არა ზურაბის კომპრომისის ხელოვნება და მოქნილობა, ყოველივე ამას ვერ მივაღწევდით.

ჩვენ ვერ დავარწმუნებდით ხალხს, ვერ შევძლებდით მათი აზროვნების შცვლას, ვისთან ერთადაც ჩვენ მოგვიწია მოსვლა - საჭირო იყო ვიღაც, ვინც მათ განეიტრალებასა და ჩვენთვის გზის გახსნას შეძლებდა.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ზურაბ ჟვანია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც, გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე იყო.

ამას ყოველგვარი დითირამბებისა და პათეთიკის გარეშე ვამბობ.

ეპოქალური ფიგურები არიან ისინი, ვინც თავის შემდეგ ეპოქალურ კვალს ტოვებს, ვინც თამაშის წესებს ცვლის, ვინც თავის შემდეგ ინსტიტუტებს ტოვებს და არა უბრალოდ კარგ მოგონებებს.

რა თქმა უნდა, ზურაბ ჟვანია იყო ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, ძალზე ნაკითხი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული კაცი, მას ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც ჯერ კიდევ იშვიათია ყველა დონის მმართველ წრეებში; მაგრამ მთავარი, რაც ადამიანის წასვლის შემდეგ რჩება, თუკი ის მართლაც მნიშვნელივანი პიროვნება იყო, არის თამაშის ახალი წესები, ახალი ინსტიტუტები და ახალი პერსპეტივა, რომელიც უფრო ხანგრძლიავია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე.

ყოველივე ეს ზურაბ ჟვანიამ შექმნა იმას გარდა, რომ მან საკუთარი პოლიტიკური სკოლა და გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე ერთიანია და ეს ყოველთვის ასე დარჩება, რადგან ამ ერთიანობის საფუძველი, სწორედ ზურაბის მიერ შემოღებული თამაშის წესებია.

პირადად მე, ზურაბ ჟვანიას შესახებ უსასრულოდ შემიძლია ვილაპარაკო.

ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული თემაა, მაგრამ, ამავდროულად, არის თემა, რომელიც, ალბათ, უნდა დაიწეროს კიდეც.

სხვათა შორის, ჩემს წიგნში ზურაბ ჟვანიას საგანგებოდ მივუძღვენი მთელი თავი, მაშინ ზურა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ეს იმიტომ არ გამიკეთებია, რომ მისთვის მესიამოვნებინა, ამას არავინ მთხოვდა.

იქ ლაპარაკია იმაზე, რომ ზურაბზე განხორციელებული თავდასხმები [პოლიტიკური] მიმართული იყო არა მისი პიროვნების წინააღმდეგ, არამედ მისი ახლებური აზროვნებისა და საქართველოს მომავლის შანსის მიმართ.

სხვათა შორის, ძალიან მიკვირს, რომ ხალხი, რომელიც მას ყველაზე მეტად ესხმოდა თავს და საჯაროდ ლანძღავდა, ეხლა თავზე ნაცარს იყრის და მის დაკარგვას განიცდის.

ეს ქართული საზოგადოების ძალზე უცნაური თვისებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი მახსოვრობა გვაქვს და საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს.

მომავალ წელს ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდიის შემოღებას ვაპირებთ და ვფიქრობ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში მისი როლი გაშუქდეს სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობით - ისე, როგორც ეს რეალობაში იყო, რათა თანამედროვე გმირების დაფასება ვისწავლოთ და მათი ცხოვრების ანალიზი შევძლოთ.

ეს ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ და რასაც ჩვენთვის საკუთარი ცხოვრება ნიშნავს.

მსურს მივესალმო ზურაბის აქ მყოფ მეგობრებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენენ.

ამ დარბაზში შეკრებილია არა მარტო ზურაბის სამეგობრო წრე, არამედ, ასე ვიტყოდი, ქართული საზოგადოების ელიტა.

დღესდღეობით ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ ეს სულისკვეთება შევინარჩუნოთ, რაც მუდმივ განახლებას, მუდმივი ინსტიტუციონალიზაციასა და იმ შენობის აშენებას ნიშნავს, რომელსაც ქართული სახელმწიფო ჰქვია.

ჩვენ უკვე "მშენებლობის" დასრულების ეტაპზე ვიმყოფებით, მაგრამ შენობას სახურავი, ყველა ოთახისა და ფლიგელის მოწყობა სჭირდება.

ზურას სახით ჩვენ კარგი მაგალითი გვყავდა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ერთად ავითვისეთ, ბოლომდე გამოვიყენოთ.

მაშინ კი, "სახლში", რომლის შენებას ერთად დავასრულებთ, ზურაბ ჟვანიას ნამდვილად ექნება განსაკუთრებული ადგილი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)