Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.03.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოდორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთა

ვფიქრობ, ვითარება ძალზე დასაფიქრებელი და საგანგაშოა, თუმცა - არა მოულოდნელი.

სხვადასხვა წყაროდან ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, რომ ზემო აფხაზეთის მიმართულებით მსგავსი შეიარაღებული პროვოკაციის განხორციელების შესაძლებლობა იყო.

ამის შესაძლებლობა კვლავაც არის.

ეს ძალზე საშიში, სერიოზული, შორს მიმავალი მიზნების მქონე პროვოკაციაა, რომელიც მთლიანად რეგიონში, საქართველოსა და კერძოდ, ამ კუთხეში წესრიგის არევისა და ვითარების გაუარესებისკენ არის მიმართულია.

არ მინდა, რომ გაურკვეველი და ცალმხრივი ბრალდებები ვაკეთოთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავალებული აქვს, რომ სასწრაფოდ დაუკავშირდეს რუს კოლეგას და ამ ფაქტზე რეაგირების საკითხი პრინციპულად დასვას.

ზემო აფხაზეთში სრულიად დაუშვებელი ფაქტი მოხდა და იმედი გვაქვს, რომ ყველაფრის ზუსტად გამოკვლევას, ამ აქტის განმხორციელებელთა გამოაშკარავებასა და მათი მიზნებისთვის ნათელის მოფენას შევძლებთ, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ.

როგორც ჩანს, არის კონკრეტული ძალა და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ყველანი ერთად ჯერ კიდევ ყელში ვყავართ გაჩხერილი.

იმ სრულმა უკანონობამ, რომელიც ცხინვალსა და აფხაზეთის ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება, ყველას დაანახა, რომ ამ უკანონობის რაიმე სახით დაკანონების პერსპექტივა, მათთვის გზა და გამოსავალი არ არის.

როგორც ჩანს, მათთვის სასოწარკვეთისა და ბოღმისგან დამცავი ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც, მათი აზრით, შეუძლიათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ და ჩვენგან რაიმე სახის რეაგირება ნახონ, მსგავსი ტიპის პროვოკაციების განხორციელებაა.

მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების, სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი გაგრძელების მყარი კურსი გვაქვს.

საქართველოს ამის ძალზე მიმზიდველი პერსპექტივა აქვს და შეიარაღებული დაპირისპირება, არეულობა და ქაოსი არაფერში სჭირდება.

საქართველო უსაფრთხო, სტაბილური ქვეყანაა და ასევე - დიდი ეკონომიკური პერსპექტივის მქონე სახელმწიფო.

ამ გზიდან ჩვენ ვერავინ აგვაცდენს.

მინდა ყველამ იცოდეს, ეს არის ჩვენი კურსი, ისევე როგორც ჩვენი შემდგომი ინტეგრირება ევრო-ატლანტიკურ სივცრეში.

ნურავის გაუჩნდება ილუზია, რომ მსგავსი აქტებითა და ქმედებებით ჩვენს კარდინალურ პრინციპებზე ხელს აგვაღებინებს და უარს გვათქმევინებს.

ეს ქართველი ხალხის გაცნობიერებული არჩევანია, რომელიც მრავალგზის, სხვადასხვა, ყველაზე კრიტიკულ ვითარებაშიც კი დადასტურდა.

ჩვენ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ევროპულ სახლში დაბრუნება, ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეზობელთან, ტრადიციულ მეკავშირესთან და მეგობართან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვსურს.

გუშინ კიდევ ერთი, ძალზე სამწუხარო ფაქტი მოხდა.

დაბომბვის დროს, დასავლეთის მიმართულებით სამხედრო ვერტმფრენები გაიგზავნა.

უამინდობის გამო უკან დაბრუნებული ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის გამოც ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.

ამ შემთხვევის ყველა მიზეზი მსურს კარგად შეისწავლოთ.

სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად გაიზარდა, ჩვენ ბევრად მეტი საფრენი აპარატი გვაქვს, ამ საქმის მეტი სპეციალისტი და მფრინავი გვყავს და, რა თქმა უნდა, ზრდის პროცესში ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა.

თუმცა მსგავს ფაქტებს არ უნდა შევურიგდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახების მიმართ და ამ კონკრეტული შემთხვევის ყველა გარემოება საგანგებოდ შევისწავლოთ, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში.

ზემო აფხაზეთი სეპარატისტებსა და მათ ზოგიერთ მფარველს ყელში აქვს გაჩხერილი, რადგან ჩვენმა წარმატებულმა სპეცოპერაციამ, ხოლო შემდეგ აღმშენებლობის სამუშაოებმა, მათი სცენარის განხორციელებას ხელი შეუშალა.

მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ ზემო აფხაზეთზე თავდასხმა, მთლიანად საქართველოზე თავდასხმას ნიშნავს.

მთელი საქართველო, როგორც ერთი, მის ხელთ არსებული საკმარისი რესურსით (ჩვენ ამის საკმარისი საშუალება გვაქვს, რის შესაქმნელადაც დიდი ხანი ვმუშაობდით) ამ რეგიონის მოსახლეობას ისევე დაიცავს, როგორც ნებისმიერი სხვა რეგიონის მოსახლეობას, თუკი ვინმე მათთვის პრობლემების შექმნას შეეცდება.

საქართველოს დანაწევრების დაკანონების ყოველგვარ მცდელობას, ან მოსახლეობაზე მსგავსი თავდასხმების შემთხვევებს, ქართული საზოგადოების მხრივ, კარგად ორგანიზებული, ძალზე გაბედული და გააზრებული წინააღმდეგობა შეხვდება.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ვინმემ მშვიდობა შეარყიოს!

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ კონფლიქტური სცენარი მოგვახვიოს თავს!

თუმცა ყოველივე ეს, შიდა და გარე ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სწორი იყო ჩვენი ქმედება, როდესაც ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ვახდენდით მოდერნიზაციას და რამდენად საშური და მნიშვნელოვანია შემდგომში ამ საქმის ეფექტიანად გაგრძელება.

საქართველოს მოდერნიზაცია, მათ შორის უსაფრთხოების მხრივ, გაგრძელდება და გაძლიერდება.

მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვისა და საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებების უზრუნველსაყოფად, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)