საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ქალაქის მშენებლობის გახსნას დაესწრო
მოგესალმებით ყველას!
დღეს ძალზე მნისვნელოვანი დღეა საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის და პირადად ჩემთვის, როგორც შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელისთვის და როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის.
დღეს უწინარეს ყოვლისა გხვდებით მათ, ვინც გადაწყვიტეთ და წინასწარარი შერჩევა გაიარეთ საქართველოს ოფიცერთა ახალი კადრების კონკურსში.
ჩვენ არაფრის გადადება არ გვიყვარს და დაპირებისამებრ, დღეს, საქართველოს დედაქალაქში ვიწყებთ სამხედრო ქალაქის მშენებლობას, სადაც თითოეულ თქვენგანს სახელმწიფოსგან გარანტირებულად მოგეცემათ ბინა გარკვეული ვადით სამსახურის შემდეგ.
მინდა ვთქვა, რომ ოფიცერთა პროფესია საქართველოსთვის, ისტორიულად, ძალზე მნიშვნელოვანი პროფესიაა.
ჩვენ ძალიან მაღალი დონის ოფიცრები გვყავდა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.
კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ ომებში ქართველები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ - ქართველი მხედართმთავრები არა მარტო საქართველოს დასაცავად იბრძოდნენ - სამწუხაროდ,როდესაც საკუთარი ქვეყნის დაცვა არ შეეძლოთ, საკუთარ ქვეყანას სახელს სხვა ქვეყნების ომებში უთქვამდნენ.
ქართველები იყვნენ ჯვაროსნებში, დიდი იმპერიების შემადგენლობაში, მაგალითად, სპარსეთის წამყვანი მხედართმთავრები ქართველები იყვნენ - ალავერდი უნდილაძე და სხვები, ოსმალეთში, ინდოეთში, ავღანეთში ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში იბრძოდნენ ქართველები.
რუსეთის იმპერიის საუკეთესო წამომადგენლები იყვნენ ჩვენი ქვეყნის შვილები.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გენერალმა მაზნიაშვილმა და გენერალმა კვინიკაძემ სახელი გაუთქვეს საკუთარ ქვეყანას და რაც მთავარია, ურთულეს პირობებში, როდესაც იმპერიებს შორის სხვადასხვა ქვეყნების გადანაწილება ხდებოდა, დაიცვეს საქართველოს საზღვრები.
რამდენიმე დღის წინათ რეზერვისტებს შევხვდი და უნდა აღვნიშნო, რომ რეზერვისტები ძალზე სერიოზული მოძრაობაა.
ეს ის ხალხია, ვინც შეიარაღებულ ძალებში ორი წლით, რა თქმა უნდა, არ მოდის, მაგრამ გადიან სავალდებულო სარეზერვო სამსახურს და ამავე დროს, ისინი არ გაგვყავს საქართველოს ეკონომიკური პროცესებიდან.
ტრადიციულად, საქართველოში ოდითგანვე ასე იყო - ქართველ კაცს ერთ ხელში თოხი ეჭირა, მეორეში კი - ხმალი.
ეს არის რეზერვისტთა მოძრაობა.
ამ ქუდზე კაცი ლაშქრის გარდა, ჩვენ გვჭირდება თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისი ახალი შეიარაღებული ძალები.
ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, ახალ შეიარაღებულ ძალებში ინტელექტუალები გვჭირდება.
ჯერ ერთი, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც უკეთესად აითვისებს თანამედროვე ტექნიკას.
თანამედროვე ტექნიკა კი, უწინარეს ყოვლისა, ინტელექტთა შერკინება; ეს არის მრავალი ჭკვიანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ჩნდება და ბევრად მეტი გაჩნდება; არის ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს.
ხშირად ოფიცრის პროფესია არის კომპიუტერთან ჯდომა და კომპიუტერში ინტელექტუალური ბრძოლის გამართვა.
ამას განათლების მაღალი დონე სჭირდება.
მეორე - ინტელექტი ნიშნავს იმას, რომ გადამწყვეტ სიტუაციებში, ბრძოლის ველზე, თუნდაც იქ, სადაც ავტომატით გვიხდება ბრძოლა, პირველადმა მეთაურმა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სიტუაციის მიხედვით და ყოველთვის არ დაელოდოს ბრძანებას, რადგან ზოგჯერ მან უკეთ იცის რა ხდება კონკრეტულ სიტუაციაში.
ესეც არის განათლებული ადამიანის ხვედრი პირველ რიგში.
ამიტომ ჩვენ გამოგვეხმაურნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საუკეთესო კურსდამთავრებულები.
მინდა იცოდეთ, რომ წინასწარგამოცხადებული კონკურსით, ერთ ადგილზე ათი უმაღლესდამთავრებული მსურველი იყო.
ამიტომ ჩვენ გავზარდეთ მისაღებთა კონტიგენტი, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი ოფიცრების რაოდენობა ათას კაცამდე გავზარდოთ.
მინდა განსაკუთრებით გამოვყო: გელა ქორიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელმაც ტესტებში 98 ქულა მიიღო; გიორგი გაბუნია ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა და 97 ქულა დააგროვა; პაატა ჯუღელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - მან 96 ქულა მიიღო, ბესიკ დემეტრაშვილი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტიდან, რომელმაც ასევე 96 ქულა დააგროვა; შოთა მხეიძე და ზვიად ნიკოლეიშვილი - ორივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და მათ 94-94 ქულა მიიღეს.
ამ ახალგაზრდებმა 90 ქულაზე მეტი მიიღეს, რაც მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი საგამოცდო შედეგებია.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები და თქვენ, თითქმის 7-თვიანი მომზადების შემდეგ გახდებით ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონტრაქტო სამსახურში უახლოეს პერიოდში ხელფასები გავზარდოთ, ხოლო საუკეთესო ოფიცრები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც უცხო ენა იცის, სასწავლებლად უცხოეთში გავგზავნოთ.
უკვე წელს, უცხო ენის მცოდნე ასამდე ჩვენს ოფიცერს საუკეთესო უცხოურ სამხედრო სასწავლებლებში და ცენტრებში გავაგზავნით შესაბამისი განათლების მისაღებად.
ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი ინფორმაცია.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო გახდება ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატი, ხოლო შემდეგ გააგრძელებს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამავე დროს, ჩვენი უსაფრთხოება არის ნატოს ვექტორი, მაგრამ მრავალვექტორიანი უსაფრთხოებაა.
ეს არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ რეგიონალური თანამშრომლობის აწყობა მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, ამიერკავკასიის ქვეყნებთან, სამხრეთკავკასიის ქვეყნებთან.
დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც შევძლებთ კარგი სამხედრო თანამშრომლობის აწყობას რუსეთის ფედერაციასთან, რადგან ეს წარმოადგენს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესს.
მთავარი, რაც დღევანდელ რთულ გამოწვევათა სამყაროში უნდა შევძლოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საერთაშორისო სამშვიდობო პროცესებში ჩვენი წვლილის შეტანაა.
დარწმუნებული ვარ, ამას თქვენთან ერთად წარმატებით მოვახერხებთ.
ჩვენ მშვიდობიანი ქვეყანა ვართ და ვართ ქვეყანა, რომელიც სტაბილურობისა და დემოკრატიის დიდი თაღის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია - ეს ჩვენი სიტყვები არ არის, ამას აღიარებენ მეგობრები.
ამიტომ, ჩვენი ქვეყანა, ერთი მხრივ, არის სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტი, განვითარების მნიშვნელოვანი მაგალითი და მეორე მხრივ, მუდმივად იმყოფება გამძაფრებული რისკების ქვეშ თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი სამაგალითო ვართ.
ჩვენ მუდმივად გვემუქრებიან ჩვენი ტერიტორიის ნაწილების ჩამოჭრით.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის დრო, როდესაც საქართველოსა და მისი ტერიტორიების ბედი მოლაპარაკების მაგიდებთან ან რომელიმე უცხოურ კაბინეტებში ჩვენი მონაწილეობის გარეშე წყდებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა.
ჩვენ გასაცემი ტერიტორიები არ გვაქვს, არც უახლოეს პერიოდში და არც არასდროს აღარ გვექნება!
ამას ყველა უნდა შეეგუოს.
მიგვიღონ როგორც პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ეფუძნება მრავაკულტურულობის, მრავალეთნიკურობის, ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებების თანაბრად დაცვის, ყველა ადამიანი თავისუფლებების, ღირსებისა და უფლებების თანაბრად დაცვის პრინციპებს; ქვეყანა, რომლისთვისაც მისი მრავალეროვნულობა, მრავალფეროვნება არის სიძლიერე და არა სისუსტე; ქვეყანა რომლის შეიარაღებული ძალებიც ასევე შედგება სრულიად სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დაცვა და მისი სიძლიერის განმტკიცება სურთ.
ჩვენ ჩვენს სიტყვას ვასრულებთ და მინდა თქვენც ყველაფერი გააკეთოთ თქვენი სიტყვის შესასრულებლად.
თქვენ არ მხოლოდ ოფიცრები ხდებით და არა მარტო ერთ-ერთ პროფესიას ირჩევთ, არამედ ხდებით საქართველოს საზოგადოების ნამდვილი ელიტა.
ჩვენ გვინდა ოფიცერთა ნამდვილად ელიტური კორპუსი შევქმნათ და ნამდვილი პროფესია ჩამოვაყალიბოთ - ისეთი პროფესია, რომელიც თითოეული ოჯახის თაობებს გადაეცემა, ისეთი პროფესია, რომლითაც იამაყებენ თქვენი შთამომავლები მრავალი საუკუნის განმავლობაში, პროფესია, რომელიც თავისთვად არის ძალიან მაღალკვალიფიციური.
რა თქმა უნდა, ოფიცერი ახალგაზრდობას ნიშნავს და გარკვეული ასაკის შემდეგ თქვენ შეიარაღებული ძალებიდან წახვალთ, მაგრამ თან წაიღებთ ნამდვილ პროფესიას, ნამდვილ კვალიფიკაციას.
დარწმუნებული ვარ, მომავალში, მაშინ, როდესაც საუკეთესო ოფიცრები შეიარაღებული ძალებიდან წავლენ, იქნებიან საუკეთესო ინჟინრები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და აბსოლუტურად ყველა პროფესიის საუკეთესო წარმომადგენლები, რადგან ნორმალურ ქვეყანაში ეს ასე ხდება - ელიტა თავს იჩენს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში.
ის, რომ საქართველოში ასეთი ოფიცრები ჩნდებიან იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვართ ნამდვილი სახელმწიფო, არამედ ვართ სახელმწიფო ნამდვილი სიმტკიცის მარაგით და ნამდვილი პერსპექტივით.
კიდევ ერთხელ მინდა წარმატება გისურვოთ მთელი სასწავლო კურსის განმავლობაში.
ეს რთული და საპატიო პროფესიაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის არჩევანია, რომელსაც არასდროს ინანებთ და ჩვენც ყოველთვის გვექნება საშუალება თქვენით ვიამაყოთ.
გმადლობთ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური