საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კანონპროექტის - დროებითი ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის თაობაზე განცხადება გააკეთა
მინდა მოგესალმოთ!
ასევე მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას - დაუჭირონ მხარი კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერას.
ეს არის საქართველოს პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული გადაწყვეტილება.
პრაქტიკულად, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რომ კომპრომისების, მოქნილი მოლაპარაკებებისა და ყველა მხარის ინტერესების განუხრელი გათვალისწინების გზით მოვახერხოთ - ერთი მხრივ, საქართველოს ოსური მოსახლეობის ავტონომიური უფლებების დამკვიდრება და ინსტიტუციონალური განმტკიცება (ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის შედეგად უნდა მოხდეს), ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, გარე ძალების ჩარევის ბოლომდე აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტის უკლებლივ ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ, რადგან ეს არის მთავარი ცვლილება, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.
მინდა გავიხსენოთ, რომ 1990-იანი წლების დასაწყისი.
სწორედ მაშინ მოახერხა საქართველოს არაკეთილმოსურნემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება და ის, რომ ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ნაწილებზე კონტროლი დაგვეკარგა.
ეროვნული სპექტრის მთავარი პოლიტიკური ძალები (მათ ეთნიკური ნიშნით არ გამოვყოფ) კი, დაკავებული იყვნენ ერთმანეთთან ქიშპობით, პიროვნული ანგარიშსწორებითა და საკუთარი პიროვნული ამბიციების დაცვით ქვეყნის ინტერესების გვერდის ავლით.
სწორედ მაშინ მოხერხდა ეს.
როდესაც საქართველოს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესს პირველი პრეცენდენტი მაშინ შეიქმნა და ეს იყო პირველი დეკლარაცია, როდესაც უკლებლივ ყველა პოლიტიკური ძალა ერთად დადგა და ეს გზავნილი მთელ მსოფლიოს გაუგზავნა.
დღეს მეორე პრეცენდენტი შეიქმნა, როდესაც დიალოგის შედეგად უკლებლივ ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალამ მხარი დაუჭირა კომპრომისისა და მშვიდობის პროცესს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ტერიტორიის, ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელს ვუწვდით საქართველოს ოსური მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში ეთნიკურ ოსს წარმოადგენს.
შეუძლებელია ნორმალურ ადამიანს არ უნდოდეს მშვიდობა და ნორმალური განვითარება საკუთარი თავისა და საკუთარი შვილებისთვის.
კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციისთვის ათეულობით და ასეულობით მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ.
ამ ხალხს ვაძლევთ შანსს, რომ დიალოგისა და ურთიერთკომპრომისის, სერიოზული განვითარების გზით, მართლაც მოვიპოვოთ მშვიდობა.
ეს არის ბევრად უფრო მაღალი მიზანი, ვიდრე ნებისმიერი წვრილმანი ამბიცია და ინტრიგა, რომელიც შეიძლება ამას უკავშირდებოდეს.
ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად უშლის ნერვებს მათ, ვისაც საქართველოს დაშანტაჟება და გაურკვეველ გლობალურ თამაშში ჩათრევა სურს.
ჩვენ ამ გზას გავივლით ბოლომდე, თუმცა ვიცით, რომ ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება, იქნება პროვოკაციებიც; ვიცით, რომ იქნება დაპირისპირების გაღვივებისა და პოლიტიკურ სპექტრზე ზემოქმედების მცდელობა; ისიც ვიცით, რომ შესაძლოა ცალკეულმა პიროვნულმა ამბიციებმა წამოიწიოს წინ, მაგრამ ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
დღეს საქართველოს პარლამენტმა გააკეთა ნათელი დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო სხვის მიერ დაწერილ და თავსმოხვეულ სცენარში არ ჯდება, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, უწინარესად, ჩვენი პოლიტიკური სპექტრია და არა სხვის დაწერილ მუსიკაზე მოცეკვავე პოლიტიკანთა ჯგუფი.
ჩვენ მოვახერხეთ იმის დემონსტრირება, რომ მზად ვართ საქართველოს ყველა ეთნიკური უმცირესობისა და ეთნიკური ჯგუფის, ყველა მოქალაქის ინტერესის განუხრელად დაცვის და გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ბოლომდე გავიტანოთ და ჩვენს საერთო სახელმწიფოში, ჩვენს ერთიან საქართველოში განვითარებისთვის ამ ხალხს საკმარისი გარანტიები მივცეთ.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
შემდეგ კვირაში ამ კანონის მიღების პროცესი დასრულდება.
ჩვენ ვაპირებთ ადგილზე გავაგრძელოთ ინტენსიური დიალოგი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელთან, საერთაშორისო ოეგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვაპირებთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების რეჟიმი, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს პროვოკაციების საფრთხე.
ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
ეს კი მართალი საქმეა, რომელიც შეესაბამება საქართველოს უკლებლივ ყველა მცხოვრებლისა და მოქალაქის ინტერესს.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს პარლამენტს, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ნიკა გვარამიას, რომელმაც იმის მუხედავად, რომ საქართველოს პროკურატურაში გადასვლის გამო სწორედ დღეს დატოვა პარლამენტი, ეს კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე გაიტანა.
ჩვენთან ერთად მანაც იმუშავა კანონზე, რომელიც ცხინვალის რეგიონს აუცილებლად მოუტანს მშვიდობას.
ნიკა გვარამია არის სოხუმელი და ეს კანონი, ასევე, ჩვენი მეორე მთავარი საკითხის - აფხაზეთის საკითხის - გადაწყვეტის საწინდარია.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური