საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში ახალი რადიოტალღის ”აფხაზეთის ხმა” პრეზენტაციას დაესწრო
ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო!
დღევანდელი დღე დსთ-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად გავატარე.
თქვენთან ერთად ყოფნას არაფერი არ სჯობს, ამიტომ გადავწყვიტე იქედან დროზე წამოსვლა, რათა ჩემს საყვარელ, ყველაზე ერთგულ და ახლობელ ზუგდიდში ჩამოვსულიყავი.
დრო, როცა ჩვენი ლიდერები, ჩვენი ქართველები მუხლზე დაჩოქილი სამართალს და მოწყალებას ითხოვდნენ, თავს იმცირებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ რაღაცას გადმოუგდებდნენ, დამთავრდა.
იმ დროში რისი წაგებაც შეგვეძლო, წავაგეთ; რისი დაკარგვაც შეგვეძლო, დავკარგეთ; რისი ფეხქვეშ გათელვაც შეეძლოთ, გაგვითელეს.
ეს უკვე სხვა საქართველოა!
დღეს საქართველოს ბედი წყდება არა მოსკოვში, არა დუშანბეში, არა რომელიმე სხვა დედაქალაქში, არამედ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში, აქ, ენგურის ხიდზე და მას ქართველები წყვეტენ.
ქართველები დაგვამარცხეს მაშინ, როდესაც ერთმანეთს დავერიეთ; როცა დავიყავით და ყველაზე მთავარი რამ, რწმენა დავკარგეთ - რწმენა ჩვენი მთავარი სიწმინდეებისა, რწმენა საკუთარი თავისა და საკუთარი სამშობლოსი.
მან, ვინც ეს გააკეთა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა, ხელი მოაწერეს საოცარ ხელშეკრულებებს, რომლებიც ჩვენმა მოწინააღმდეგემ ყველა დაარღვია.
მინდა შეგახსენოთ, დღეს, როდესაც უარი ვთქვი დსთ-ის ერთ-ერთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, გამახსენდა, რომ ჩემმა წინამორბედმა მოაწერა ხელი მოსკოვის ხელშეკრულებას და დავაკარგეთ გაგრა; მოაწერა ხელი სოჭის ხელშეკრულებას და დაეცა სოხუმი; მოაწერა ხელი მოსკოვის ახალ ხელშეკრულებას და დავაკარგეთ ოჩამჩირე და გალი; სამშვიდობოების სახით აქ არამკითხე მოამბეები ჩაგვიყენეს.
არცერთი ახალი კაპიტულანტური ხელმოწერა აღარ იქნება!
არცერთი უკან გადადგმული ნაბიჯი აღარ იქნება!
საქართველოს უკან დასახევი არაფერი არა აქვს.
დღეს ჩვენ ყველანი ერთად - ნახეთ რამდენნი ვართ, ათობით ათასი ადამიანი - უნდა დავირაზმოთ თავისუფლებისაკენ!
საქართველოში მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც ლაყბობას - საქმის კეთება ურჩევნია; ვაი-ვიშს - რეზერვისტთა ბანაკში წასვლა და კარგად სწავლა.
მივესალმები ჩვენს პატრიოტებს!
რამდენი დადგენილება და რეკომენდაციაც არ უნდა მიიღონ, არც ერთი ქართველი აღარ დატოვებს ენგურის ნაპირს, რომელსაც განმუხურის ბანაკი ეწოდება!
მინდა ვუთხრა სეპარატისტებს, რომ ვუწვდით მათ მოლაპარაკების ხელს, მაგრამ მოლაპარაკება არის ორმხრივი და თანასწორი.
ჩვენ ბევრი რამის მიმცემი ვართ, თუმცა ვიდრე რამეზე მოვილაპარაკებთ, პირველი რაც უნდა ითქვას არის ის, რომ აფხაზეთი საქართველოა!
- დაგვიბრუნეთ საკუთარი სახლები და დააბრუნეთ უკან ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები!
ეს სხვა საქართველოა.
ოთხი წლის წინათ, ჩვენ არ გვყავდა არც ჯარი, არც პოლიცია და არც ეკონომიკა გვქონდა.
დღეს მასწავლებლის დღეა - მინდა ყველა ერთად მივესალმოთ რამდენიმე ასეულ ქართველ გმირს!
ზოგიერთებს ძალიან აღიზიანებს სიტყვა "გმირი".
ტელევიზიით გამოსვლისას პრეზიდენტის გინება გმირობა არ არის - ეს ყველას შეუძლია; მაგრამ როდესაც გალის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხარ და ყოველ საღამოს ავტომატის მუქარით გიკრძალავენ ბავშვებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას, თუმცა მეორე დილით მაინც უშლი მათ იაკობ გოგებაშვილის "დედა ენას", ნამდვილი გმირი ხარ.
მინდა დღევანდელ დღეს ყველა ერთად მივესალმოთ მათ, ისინი ჩვენგან მოწიწების ღირსნი არიან.
გაუმარჯოს ჩვენს პედაგოგებს, ჩვენს მოუდრეკავ ქართველებს, რომლებსაც ვერავინ ვერ ააღებინა ხელი ქართველობაზე, პატრიოტიზმზე, საკუთარ მიწასა და ამ მიწის ერგულებაზე!
ჩვენ, ქართველები ძალიან მომთმენი და საოცარი ხალხი ვართ.
ჩვენ 14 წელია ვითმენთ.
მსოფლიოს გასაგონად მინდა ვთქვა, ჩვენი მოთმინება ზღვარს უახლოვდება და იწურება.
დღევანდელი დღიდან ვიწყებთ ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად.
ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით - კიდევ ერთხელ და ძალიან მყარად გაძლევთ სიტყვას.
ჩვენ დავიწყეთ მომზადება რამდენიმე წლის წინათ.
2003 წელს, კოკოსპირულ წვიმაში, 21 ნოემბერს საქართველოს დედაქალაქის გასათავისუფლებლად დავიძარით.
მაშინ ჯერ თბილისისკენ იყო საჭირო წასვლა, რათა უკან დაბრუნება წელშიგამართულებს შეგვძლებოდა.
შარშან აღვადგინეთ კონტროლი ზემო აფხაზეთზე - აფხაზეთის გულზე. აფხაზეთში დასაბრუნებლად ეს ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო.
ახლა სოხუმს თავს გადავყურებთ და დავსუნთქავთ სოხუმს, ჩვენს სახლებსა და ჩვენს წმინდა მიწას.
დღეს ჩვენ დავბრუნდით აფხაზეთის რადიოს ეთერში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.
ეს არის მეორე წინგადადგმული ნაბიჯი.
ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იქნება იმ მიწაზე, სადაც შარშან სკოლის ბილიოთეკებიდან ყველა ქართული წიგნი გამოიტანეს და დაწვეს - ეს იყო გაგრაში, ქალაქის ცენტრში;
სადაც დაცარიელებულია ქართული სკოლები, სოხუმის ცენტრში, ოჩამჩირეში;
სადაც დაცარიელებულია და ითხოვს ჩვენს ჩასვლას ოჩამჩრის წმინდა გიორგის ეკლესია და წმინდა გიორგის ხატი - ჩვენი უწმინდესი სალოცავი;
ბედიის მონასტერი;
თამარის ხიდი;
ბიჭვინთის ტაძარი;
ახალი ათონის უწმინდესი მონასტერი...
ამიერიდან, ჩვენი რადიოტალღა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, რითაც მეგობრობის ხელს ვუწვდით ყველას.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველო მშვიდობიანი გზით გაერთიანდეს, მაგრამ ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის.
მსურს, რომ იმ ხალხმა, ვინც ომის შემდეგ დაიბადა, სრულწლოვანება სრულფასოვნად აღნიშნოს ენგურის გადაღმა - იქ არის მათი და თითოეული ჩვენგანის ადგილი.
ქართველთა ერთიანობას ვერავინ დაარღვევს.
ჩვენმა არაკეთილმოსურნემ კარგად იცის, რომ საქართველო დამარცხდა მაშინ, როდესაც ქართველი ქართველს ებრძოდა; როდესაც ბარიკადები ამ ქალაქის შუაგულში გადიოდა; როდესაც არ გვქონდა გათვითცნობიერებული საფრთხე, რომლის წინაშეც ვიდექით ყველანი ერთად.
დღეს ჩვენი მოწინააღმდეგისათვის ყველაზე დიდი კოშმარი და უბედურება ერთ მუშტად შეკრული, უშიშარი, შემართული სამეგრელოს - დიდი კოლხეთის მემკვიდრეებისა და მასთან ერთად მთელი საქართველოს - აჭარის, გურიის, იმერეთის, თბილისისა და დანარჩენი კუთხეების დანახვაა.
ჩემო მეგობრებო, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ დალხენილად, მაგრამ ბოლოს და ბოლოს საქართველოს დიდებას ვიბრუნებთ.
საქართველო არის განსაკუთრებული, დიადი, მრავალეთნიკური ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი, მიმზიდველობა, მადლი და სიწმინდე აქვს.
საქართველო დღეს ისეთივეა, როგორიც დავით აღმაშენებლის დროს იყო - ერთ მუშტად შეკრული, უშიშარი, მომზადებული და ენერგიული, რომელიც არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს.
ჩვენს უკან დახევას, შეშინებას, მტერი ვერასდროს ვეღარ იხილავს და ამის გარანტი ხართ თქვენ!
მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ!
აფხაზეთზე გადაღებულმა ახალმა კლიპმა ბევრი აატირა, თუმცა ეს სასოწარკვეთის ცრემლი არ იყო.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირველად, მრავალი წლის შემდეგ დაგვიბრუნდა აფხაზეთში დაბრუნების რწმენა.
ჩვენ დავბრუნდებით, საკითხი დგას მხოლოდ ასე - როდის? როდის და მალე - მტრის ჯინზე და ჩვენს გასახარად!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური