Google+

გამოსვლები და განცხადებები

08.11.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო განცხადება

ჩემო მეგობრებო!

გადავწყვიტე მოგმართოთ მნიშვნელოვანი ამბით, ისევე როგორც გესაუბროთ მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რაც გუშინ მოხდა, ეს არ იყო ჩვენი არჩევანი - ეს იყო ერთადერთი და ადეკვატური პასუხი ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობასა და საქართველოს დემოკრატიული წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებზე.

გუშინ ჩვენ დავიცავით არა მოქმედი ხელისუფლება, არამედ მინდა ყველამ გაითავისოს, გუშინ ჩვენ დავიცავით ქართული დემოკრატია, ქართული საზოგადოება და ქარული სახელმდწიფოებრიობა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ და სახელმწიფომ კი არ მიმართა ხალხს დასაცავად, მთავრობამ და სახელმწიმფომ კი არ გამოიყვანა ხალხი სამიტინგოდ, რათა მთავრობას აფარებოდნენ, არამედ მთავრობამ გადადგა ყველა ადეკვატური ნაბიჯი იმისაკენ, რომ ხალხი დაცული ყოფილიყო არეულობის მოწყობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობისაგან.

გუშინ რაც მოხდა თბილისში, ეს იყო მსგავსი იმისა, რაც ვილნიუსში 1991 წელს მოხდა გარე ძალების მიერ ინსპირირებული პუტჩი, რაც მოხდა საქართველოში სხვადადსხვა პერიოდში და რაც მოხდა თუნდაც რამდენიმე თვის წინათ ესტონეთში. მინდა ყველამ გაათვითცნობიეროს, როდესაც შენ აღმართავ ხელს საზოგადეობრივ წესრიგზე, სამართალდამცავ ორგანოებზე, ეს არის ძალადობა.

ძალის გამოყენების მონოპოლია, რასაკვირველია კანონის ფარგლებში, ეკუთვნის ერთადერთ სუბიექტს და ეს ერთადერთი სუბიექტი არის სახელმწიფო, რომელმაც მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ძალის გამოყენებას, მაგრამ ამასთანავე ვალდებულია დაიცვას თავისი მოქალაქეები და წესრიგი მაშინ, როდესაც მას ამის გაკეთებას აიძულებენ.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ის რაც ხდებოდა არ იყო იზოლირებული ადგილობრივი არეულობა, ეს იყო მრავალი მრავალი თვისა და წლის განმავლობაში მომზადებული სცენარი ძალიან მკვეთრად გამოხატული უცხოური ელემენტების მონაწილეობით, რისი დამადასტურებელი საბუთებიც გვაქვს, რომელთა ნაწილი უკვე წარვუდგინეთ საზოგადოებას.

მინდა ყველას ესმოდეს, რომ საქართველს დროშა არის წითელი და თეთრი ხუთჯვრიანი დროშა.

ის ვინც სხვა დროშებს აფრიალებს და სხვა დროშებით ცდილობს საქართველოს წესწყობილების შეცვლას, იმისაგან სახელმწიფო მომავალშიც დაიცავს თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

ამავე დროს მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ის რაც მოხდა გუშინ და ის რა ნაბიჯებსაც დგამს სახელმწიფო, არ არის ხელისუფლების დასაცავად გადაგმული ნაბიჯები.

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს, ჩვენ ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და ჩვენთვსი არაფრად არ ღირს არც ჩვენი თანამდებობები, არც ჩვენი სავარძლები და არც ის პრივილეგიები, რომლებიც ამ სავარძლებსა და თანამდებობებს მოაქვს.

ჩვენ საქართველოსა და მისი წესრიგის დაცვის გარდა სხვა საზრუნავი და თემა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

მინდა ისიც ვთქვა, რომ ამ მოვლენებმა მიაღწია იმ მიზანს, რისი თავიდან აცილებაც გვსურდა - ჩრდილი მიეყენებინათ საქართველოსათვის, მისი წინსვლისათვის, ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისათვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის.

ამ მხრივ, რა თქმა უნდა, გარკვეული ზიანი მივიღეთ.

ეს სწორედ ის ზიანია, რომლის თავიდან აცილებაც ჩვენ ყველაზე მეტად გვსურდა. ჩვენ გვიბიძგებდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო გაზაფხულზე, რაც ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნულია მომავალი წლის შემოდგომაზე.

ამიტომ, მე მივიღე გადაწყვეტილება და გთავაზობთ, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2008 წლის 5 იანვარს გაიმართოს.

გადმოვიტანოთ არჩევნები ახლა და ზედმეტი გადადების გარეშე ჩავატაროთ.

მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალს, თქვენგან მჭირდება არაორაზროვანი მანდატი იმისა, რომ გაუმკლავდეთ საგარეო საფრთხეს, გაუმკლავდეთ ყველანაირ ზეწოლას საქართველოზე, გაუმკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების ანექსირების მცდელობას, გაუმკლავდეთ საქართველოს ტერიტორიების მითვისების მცდელობის მზაკვრულ გეგმებს, რომლებიც აბსოლუტუად ზუსტად აქვთ, გაუმკლავდეთ საქართველოს არევის, საქართველოს შერყევის, საქართველოს მიმართ რწმენის შერყევის გეგმებს, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ ააღებინონ ხელი თავისუფლებაზე და 1921 წელში - საქართველოს ანექსიის, საქართველოს დამონების, საქართველოს დემოკრატიის აღსასრულის პერიოდში დაგვაბრუნონ; ეს გეგმები კი უკვე მოქმედებაშია.

ამიტომ, მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და მაქვს წინადადება, რომ სამსჯავროზე გამოვიტანო თქვენი ნდობა და ჩემი მანდატი, რათა ქვეყნის სათანადოდ დაცვის, გაძლიერებისა და მისი აღმშენებლობის გასაგრძელებლად, თქვენგან სრულიად კონკრეტული მხარდაჭერა მივიღო.

ამით კი მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი არის ერთიანი და ყველანაირი ხრიკების, არევის ყოველგვარი მცდელობების მიუხედავად, ქართველ ხალხს უნდა რომ ჰქონდეს და აუცილებლად ექნება მომავალი.

იმ დღეს სხვადასხვა ტელეარხებს ვუყურებდი და მიტინგზე ერთ-ერთმა რადიკალურმა პოლიტიკურმა წარმომადგენელმა თქვა: ითხოვე და მოგეცემაო, დაუკაკუნე და კარს გაგიღებენო.

ჰოდა, ჩემო კარგებო - მოითხოვეთ ადრეული არჩევნები? - კიდევ უფრო ადრეული არჩევნები მიიღეთ!

აკაკუნებთ დემოკრატიის კარზე? - დემოკრატიის კარი ღიაა, რადგან მე როგორც პრეზიდენტი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვარ გარანტი იმისა, რომ საქართველოში ეს კარი არ დაიხუროს.

ოღონდ, ეს არჩევნები ჩატარდება ჩვენი გრაფიკით, და არა ჩვენი არაკეთილმოსურნეების გრაფიკით, ანუ ის მოგვცემს ფორას რუსეთის არჩევნებამდე, რომელიც 7 მარტს გაიმართება.

ეს არჩევნები ჩატარდება ზუსტად იმ ხედვის მიხედვით, რომელიც მე თქვენ წარმოგიდგინეთ და რომელიც, სამწუხაროდ და ზოგჯერ სამარცხვინოდ, ვერ გაიგო ზოგიერთმა სხვა პოლიტიკურმა ერთეულმა და მისმა წარმომადგენლებმა.

ჩვენ ამჯერადაც ვდგამთ ნაბიჯს, რომლითაც ვიცავთ არა ჩვენს ხელისუფლებას, არამედ ჩვენს ქვეყანას და ამოვდივართ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩემი კომპრომისი არის ის, რომ მე ვაძლევ ოპოზიციას შანსს მართლაც გახდეს ხალხის რჩეული თუ ის ამას იმსახურებს, როგორც ეს არის ყველა დემოკრატიული წყობილების პირობებში.

სანამ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს იმაზე, თუ რომელ ავტორიტარულ, ექსცენტრულ, ან მით უმეტეს, დიქტატორულ მმართველს ჰგავს საქართველოს პრეზიდენტი, მინდა შეგახსენოთ, რომ მე ვარ საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც უკვე მეორედ, საკუთარი ნებით იმცირებს საპრეზიდენტო ვადას და პრაქტიკულად, მივდივარ იმაზე, რაზეც ჩვენი რეგიონის არც ერთი პრეზიდენტი და მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყნის ლიდერი წავიდოდა. მე ნამდვილად არ ვიცნობ სხვა ასეთ პრეზიდენტს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამას ვაკეთებ იმისათვის, რომ არც თვეები ნიშნავს რამეს და არც წლები, როდესაც საქმე შეეხება ჩვენს უმთავრეს, ყველაზე სასიცოცხლო ინტერესს.

მთელი მსოფლიო მუდმივად უნდა ვამყოფოთ მონაწილე იმისა, რომ საქართველო არის ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მოსახლეობას ზუსტი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა უნდა იყოს მისი მყარი მომავალი და ამ მყარი მომავლის ზუსტი გარანტიები.

ხაზგასმით აღვიშნავ იმასაც, რომ კონსტიტუციაში უკვე მეორედ ვამცირებთ ჩემს საპრეზიდენტო ვადას იმისათვის, რომ მოხდეს ხალხის ნების კიდევ ერთი დემონსტრირება და კიდევ ერთი გამარჯვება.

მე ვიცი დემოკრატიის ფასი, მაგრამ ასევე ვიცი თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ სიცრუის უზარმაზარ მანქანას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის ჩართული.

დემოკრატია და სიმართლის დაცვა არა მხოლოდ არ გამორიცხავს ერთმანეთს, არამედ ერთმანეთის აბსოლუტურად ურთიერთშემედგენელი ნაწილია.

მე არ მინდა ვიყოთ ისეთი ქვეყანა, სადაც დემოკრატია რაიმენაირად შეიზღუდება, სადაც ცხადდება შეზღუდვა მასმედიაზე, რადგან ძალადობრივ სიტუაციაში მასმედია პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლების დამხობისკენ.

მე მინდა ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, შემართული, გამარჯვების რწმენით ანთებული ერი.

მე მინდა ვიყო ამ ერის ლიდერი, მე მინდა ვიყო ამ ერის რჩეული, მაგრამ ეს თქვენი გადასაწყვეტია.

მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული, ყველაზე თავისუფალი, ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები, თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენ ჩავატარეთ ექვსი თავისუფალი არჩევნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში.

მე ახლავე მოვუწოდებ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს მოავლინონ მაქსიმალურად ბევრი დამკვირვებელი.

უახლოეს დღეებში საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, რადგან სიტუაცია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ენერგიული მოქმედებების შედეგად ძალიან სწრაფად დასტაბილურდა; ჩვენი ინსტიტუტები ისედაც ფუნქციონირებს და ყოველგვარი შეზღუდვები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად მთლიანად მოიხსნება.

ამავე დროს, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა ჩემი პრეროგატივაა, მაგრამ რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების თარიღს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს არჩევნები უნდა გაიმართოს არა რუსეთის არჩევნების პარალელურად, მინდა ჩავატაროთ პლებისციტი პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, რათა ქართველმა ხალხმა თავად გასცეს პასუხი ამ კითხვას - თუ როდის უნდა დანიშნოს პრეზიდენტმა არჩევნები გაზაფხულზე, თუ მომავალი წლის შემოდგომით.

მოდით ნუ მივანდობთ პასუხს ამ კითხვაზე ნურც ერთ მყვირალა პოლიტიკურ ჯგუფს და ეს თქვენ გადაწყვიტეთ - ამ ქვეყნის მთავარმა ბატონ-პატრონმა, ქართველმა ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ.

ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტყუილებისა და არევის ფაბრიკა მთელი ძალით ამოქმედდა, საქართველო ორი ურთულესი გამოცდის წინაშე დადგა - ეს არის გამოცდა სიმტკიცესა და გამძლეობაზე და გამოცდა დემოკრატიაზე.

მინდა გითხრათ, რომ სიმტკიცის გამოცდა ჩვენ ბრწყინვალედ, შთამბეჭდავი შედეგებით ჩავაბარეთ, როგორც ქართულმა სახელმწიფომ.

სიმტკიცის გამოცდა ჩააბარა ქართულმა საზოგადოებამ, სიმტკიცის გამოცდა ჩააბარა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელმაც საოცარი კონსოლიდაცია გამოიჩინა.

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ საპარლამენტო უმრავლესობა, ჩვენ შევინარჩუნეთ მტკიცე კავშირი პარლამენტის სპიკერსა და პრეზიდენტს შორის, რაც ძალიან ცოტა ქვეყნებში ხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ძლა ერთობაშია და ჩვენ ეს ყველას გათვითცნობიერებული გვაქვს - საზოგადოებასა და პოლიტიკური მმართველი ჯგუფის აბსოლუტურ უმრავლესობას.

ეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა, განსაკუთრებული სიმწიფის, დემოკრატიზმისა და გახსნილობის, ამავე დროს ზუსტი შეგნების უტყუარი ნიშანი.

მეორე ტესტი დემოკრატიაზე ჩვენ კიდევ გასავლელი გვაქვს.

არც ამ გამოცდას დავტოვებ ჩაუბარებლად.

საქართველოს ძალა არის ის, რომ ჩვენ ყველა გამოცდას ვაბარებთ ფრიადზე.

ბევრის გასაკვირად, ყველა გამოწვევას ღირსეულად ვხვდებით და ყველა კრიზისიდან, ამაზე ბევრად უფრო რთული ვითარებიდან უფრო გაძლიერებული გამოვსულვართ.

დიდი მადლობა.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)