Google+

გამოსვლები და განცხადებები

31.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მთავრობის 50-დღიანი პროგრამის პირველი ანგარიში წარუდგინა

მოგესალმებით ყველას!

ახლა ვსაუბრობდით თქვენს ხელმძღვანელობასთან იმის თაობაზე, რომ ამ საწარმოს პერსპექტივა ბევრად უფრო დიდია.

რაც მთავარია, სრულდება ის, რაზეც დიდი ხანის განმავლობაში ვოცნებობდით - გავდივართ მეზობელი ქვეყნის ბაზრებზე.

დღეს შეგვიძლია არა მარტო ქართული ბაზრის ბოლომდე ათვისება, რაც განუხორციელებლად მიგვაჩნდა, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ბაზრების ათვისებაც, რომლებსაც მსგავსი პროდუქციის წარმოების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან კარგი და პერსპექტიული ბაზრებია.

საქართველო განვითარდება და თქვენი შემოსავალი და ხელფასები მოიმატებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საექსპორტო პროდუქციის წარმოებას მოვახერხებთ.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ.

დღეს არის 31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის წლისთავი.

მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ ამ დღეს ქართველმა ხალხმა დააფიქსირა საკუთარი ნება - საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი.

მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს რეფერენდუმი გაიმართა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალში და საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ამ რეგიონების მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ.

ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი და ძალზე მნიშვნელოვანი დღე.

ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ორ დღეში წყდება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაწყების საკითხი.

მსურს ყველას შევახსენო, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბევრ დადებით მოვლენასთან ერთად, საქართველოში ბევრი უარყოფითი მოვლენაც მოყვა - მათ შორის სამოქალაქო ომები.

ჩვენ ვიყავით გამოუცდელი ქვეყანა, გამოუცდელი ხალხი და უდავოა, რომ ყოველივე ეს ძალზე ცუდად აისახა ჩვენს ცხოვრებაზე.

თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა და უკვე 4 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მთელი საქართველო ერთმა ოცნებამ გააერთიანა - დასრულებულიყო ქვეყნისა და ხალხისათვის ძალზე წარუმატებელი და დამანგრეველი პერიოდი.

ეს იმდენად დიდი ოცნება იყო მრავალი თვალსაზრისით, რომ ყველაფერი, რაც 2003 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში გაკეთდა, ამ ოცნებასთანაა დაკავშირებული და ამით არის განპირობებული.

ეს ჩვენი ხალხის მოკრძალებული, მაგრამ დიდი სურვილი იყო, რომ ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისა და შვილებისათვის უკეთესი ცხოვრება დამდგარიყო.

იმ დღის შემდეგ, ჩვენ ერთად ბევრ რამეს მივაღწიეთ - ახლა ქვეყანაში უფრო მეტი სინათლეა, უკეთესი გზებია, პრაქტიკულად, დამთავრდა განქსტერების თარეში, გვყავს პროფესიონალური პოლიცია, უფრო ძლიერი არმია, გვაქვს ახალი სტატუსი და გვაქვს ღირსება მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში.

გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს საშუალება მომეცა ჩვენს სოფლებში დავბრუნებულიყავი, ყველაზე უბრალო ადამიანთა ოჯახებში გავჩერებულიყავი, მომესმინა მათთვის ბაზრებში, სოფლის ორღობეებში, ყოფილ და ახლანდელ მეურნეობებში.

თავის მხრივ, ამან საშუალება მომცა, რომ საქართველო ჩვეულებრივი მოქალაქეების თვალით მათივე ქალაქებიდან და სოფლებიდან დამენახა.

რა თქმა უნდა, მე დავინახე, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ვარდები რევოლუციის მოლოდინი ჯერ არ გამართლებულა; ძალიან ბევრი ქართველისთვის ოცნების ასრულებას გულაცრუება ცვლის; უამრავი ადამიანი დღესაც უმუშევარია; ძალიან ბევრს უკიდურესად უძნელდება ცხოვრება.

სწორედ ამიტომ დავისახე ჩემი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიზანი - საქართველო სიღარიბის გარეშე!

მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ეს ჩემთვის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოზუნგი.

ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ვიკისრეთ მე და საქართველოს მთელმა მთავრობამ.

ეს არის ხედვა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩემი პრეზიდენტობის მეორე და კონსტიტუციურად უკანასკნელი ვადა.

ჩემმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა ჩემი საქმიანობა ამის მიხედვით უნდა შეაფასონ.

ინაუგურაციაზე მე დავდე პირობა, რომ ჩემი მთავრობა და პარტია მთელი ძალითა და შემართებით მოკიდებდა ხელს ამ საქმეს.

მე დავდე პირობა, რომ შევცვლიდით მთავრობის მუშაობის კურსს, სტრუქტურას, შემადგენლობას, რომ პირველ 50 სამუშაო დღეშივე ჩამოვაყალიბებდით ჩვენი მუშაობის ძირითად ორიენტირებს, დავიწყებდით პირველი ნაბიჯების გადადგმას იმ დიდ გზაზე, რომელსაც სიღარიბისგან თავისუფალი საქართველოსკენ მივყავართ.

ახალ პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს პირადად დავავალე დეტალური გეგმის შემუშავება, რომლის განხორციელება ქართველ ხალხს წინსვლაში დაეხმარებოდა.

იქვე დაგპირდით, რომ 50 დღის თავზე მთავრობის მუშაობის შესახებ ქართველ ხალს ანგარიშს ჩავაბარებდი.

მაშინ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სამი მიმართულება გამოვყავით: პენსიების მატება, იმისათვის რომ დავამარცხოთ სიღარიბე ჩვენს უფროს თაობაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა იაფი სახელმწიფო კრედიტების სისტემის ამოქმედებით და ქართული სოფლის დახმარება - სოფლისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სული და გულია.

გასულ კვირას ეს 50 დღე ამოიწურა და დღეს აქ მოვედი, რათა ჩემი პირობა შევასრულო - ჩაგაბაროთ ანგარიში თქვენ, ჩემს ხალხს იმის თაობაზე, თუ რა გავაკეთეთ, მუშაობის როგორი გეგმა შევიმუშავეთ და რა გვაქვს კიდევ გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, სიღარიბე 50 დღეში არ დაგვიმარცხებია და ამის ილუზია არც გვქონია.

ამ დიდი მიზნის მისაღწევად გასავლელი გზის ჯერ მცირედი ნაწილიც არ გაგვივლია, მაგრამ ამ დღეებში მთავრობამ ძალიან ნაყოფიერად და მონდომებით იმუშავა.

ჩვენ შევძელით დაგვეწყო პირველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დასახული მიზნისკენ.

რასაკვირველია, 50 დღეში სასწაულის მოხდენის იმედი არ გვქონდა, მსურს ჩვენ ხალხს ავუხსნა თუ როგორ დავიწყეთ მუშაობა ამ დროის განმავლობაში.

პირველი - ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პენსიის გაზრდაზე.

საქართველოში დღეს მინიმალური პენსია 48 ლარია. მინდა შეგახსენოთ, რომ ვარდების რევოლუციამდე ეს თანხა 14 ლარს არ აღემატებოდა და ისიც 6-7 თვის დაგვიანებით ურიგდებოდა ხალხს.

ამ პერიოდში ფასებმაც იმატა, მაგრამ პენსია ბევრად უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგად უკვე 15 აპრილიდან მინიმალური პენსია საქართველოში 70 ლარამდე გაიზრდება.

ამ დროში ჩვენ შევიმუშავეთ ზუსტი გეგმა იმისა თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა 2009 წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარს გავუტოლოთ.

ჩვენმა პენსიონრებმა ყველაზე მეტი რამ გააკეთეს საქართველოსათვის.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ მათ ღირსეული სიბერე ჰქონდეთ.

ამ პაკეტით 635 ათასი პენსიონერი ისარგებლებს.

რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად მე ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია.

მეორე - ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უფრო მეტი ახალი სტაბილური სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

უმუშევრობა არის და იქნება საქართველოს დღევანდელობის ყველაზე დიდი გამოწვევა, ვიდრე საქართველოში იცხოვრებენ ადამიანები, რომელთაც მუშაობა უნდათ, შეუძლიათ, სჭირდებათ სამსახური, მაგრამ ვერ შოულობენ.

ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მსოფლიოში არსებულ ყველა სოციალურ პროგრამაზე, მაგრამ მეც კარგად ვიცი და თქვენც, რომ ყველაზე ეფექტიანი სოციალური დაცვა ადამიანისათვის არის ის, რომ მას სტაბილური ხელფასი ჰქონდეს.

მხოლოდ ამას მოაქვს ღირსება, უსაფრთხოება და იმედი, მხოლოდ ამას მოაქვს ოჯახის სიძლიერე.

ამიტომ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს - დასაქმებული ადამიანების რაოდენობის ზრდას არ მივაღწევთ.

ალბათ ამჩნევთ, რომ ყველა, თუნდაც პატარა საწარმოს გახსნასაც ვესწრები - თუ 20-30 სამუშაო ადგილი მაინც იქმნება საწარმოს მესვეურებს მადლობას ვუხდი; ყველგან გაგვყავს გზა, დენი, გაზი ოღონდაც ვინმემ დამატებით სამუშაო ადგილი შექმნას.

გასული 50 დღის განმავლობაში სამუშაო ადგილების შექმნაში, ახალი კომპანიების დასახმარებლად შევიმუშავეთ იაფი დაკრედიტების ექვსი ტიპის მექანიზმი.

20 თებერვლიდან დავიწყეთ იაფი კრედიტის პირველი პროგრამის განხორციელება და ისეთი კომპანიების დაფინანსება, რომლებიც წინ წასწევს ხალხის ეკონომიურ მდგომარეობას, გაზრდის ექსპორტს და შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს.

მაშინ, როდესაც საქართველოში იაფი კრედიტი არ არსებობდა, ჩვენ ეს სისტემა შევქმენით, რისთვისაც პირველი 35 მილიონი გამოვყავით.

რა თქმა უნდა, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

მინდა ამის კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ.

დუშეთში ძველ დროს ქართული ხალიჩების საწარმო იყო, სადაც ძალიან მაღალი ხარისხის ტრადიციულ ხალიჩებს ქსოვდნენ.

ამ საწარმოში იმ დროს 75 ქალი მუშაობდა, რომელთაგანაც 74 უცხოეთში წავიდა და პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერდა.

იაფი კრედიტის საშუალებით ეს საწარმო ისევ ამუშავდება.

ეს ადამიანები უკან ბრუნდებიან; თბილისში მზადდება ახალი დაზგები, რომლებიც ამ საწარმოს გადაეცემა და არა მარტი მას - ბევრ სხვა სოფელში დაიდგმება.

ერთი მხრივ, ეს გააცოცხლებს ამ სოფლებს, იმედს მისცემს ამ სფეროში დასაქმებულ ოჯახებს, ხოლო მეორე მხრივ, ავაღორძინებთ დარგს, რომელიც გაქრობის პირას იყო მისული, ხალხი ისევ დასაქმდება და გავალთ საექსპორტო ბაზარზე.

ეს არის მხოლოდ ერთი კომპანიის მაგალითი.

თუ ამ ერთ ისტორიას ასეულებზე და ათასეულებზე გადავამრავლებთ, დავინახავთ, რომ იაფი კრედიტის ჩვენს პროგრამაში, მართლაც, ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გათვლილი, რომელიც საქართველოში ბევრად მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და მიგვიყვანს საქართველომდე სიღარიბის გარეშე.

მესამე - ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები ქართული სოფლის დასახმარებლად.

საქართველო ძლიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სოფელი გაძლიერდება.

დღეს სოფლად ჩვენი მოსახლეობის 50 პროცენტი ცხოვრობს, არადა ერთიანი ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს გამოვიმუშავებთ.

ეს დიდი უსამართლობაა და ჩვენი ისედაც მცირერიცხოვანი სამუშაო რესურსის არაადეკვატური გამოყენება.

ქართული სოფლის გასაძლიერებლად, პირველი 50 დღის განმავლობაში, როგორც ხალხს დავპირდით, რამდენიმე ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით.

გასული კვირების განმავლობაში საქართველოში 350 ტრაქტორი შემოვიყვანეთ, შევქმენით ტექნიკური მომსახურების ცენტრები - "ემ-ტე-ეს"-ები, რომლებიც ჩვენი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მექანიზაციას, ზოგიერთი მათგანი - 10-წლიანი განვადებითა და დაბალპროცენტიანი სესხებით.

ამ თვეში პირველი ტექნიკური მომსახურების ცენტრები გავხსენით.

ყოველივე ეს ამცირებს დანახარჯებს, რადგან საწვავი უფრო ცენტრალიზებულად შემოდის და სამართლიანად დგება რიგები, რაც ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამაა.

დავიწყეთ სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის სამწლიანი პროგრამა, რომელიც 400 კილომეტრზე მეტი სიგრძის საირიგაციო არხების რეაბილიტაციას გულისხმობს.

საქართველოში არ იქნება ეფექტიანი სოფლის მეურნეობა, თუ არ გვექნება სარწყავი არხები და მელიორაცია.

ამ პროგრამის დასრულების შემდეგ მოვრწყავთ უფრო მეტ ფართობს, ვიდრე კომუნისტების დროს ვრწყავდით და ამით ძალიან ვამაყობ.

თავად დავდივარ და ვამოწმებ ამ არხების რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას, რადგან ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროგრამაა იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ეფექტიანი გახდეს.

თანაც, დღეს მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია მკვეთრად ძვირდება.

ყველაფერი რაც საკვებად ვარგისია, ძალიან მაღალ ფასებში იყიდება.

მთავარია ინტენსიურად ვაწარმოოთ, რადგან ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას აქვს გასავალი, მაღალი ცნობადობა, რეპუტაცია და ბაზრები, მხოლოდ სჭირდება ხელშეწყობა, რითაც ვართ კიდეც დაკავებული.

ხვნა-თესვის კამპანიის დასაწყებად ყველა ფერმერს რამდენადაც შევძელით დავეხმარეთ.

რა თქმა უნდა, 20 ლიტრი საწვავი, რომელსაც უფასოდ ვარიგებთ, ბევრი არ არის, მაგრამ ეს საკმარისია, რომ 1-1,5 ჰექტარი მიწა მოიხნას.

ეს არ არის ცოტა, როდესაც საკარმიდამო და სხვა დაუმუშავებელი ნაკვეთის ათვისებაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე საწვავი ამდენად გაძვირდა.

მათი ხარჯები ჩვენ ცოტათი მაინც შევამცირეთ და ამ დახმარებას მთლიანობაში, დაახლოებით, 900 ათასი ფერმერი ღებულობს.

ასე რომ, რაც უფრო მაღალია პენსია, რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მით უფრო ძლიერი იქნება სოფლები.

ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზნები და მათ მისაღწევად პირველი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა შევძელით.

მადლობელი ვარ ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით.

მათ ძალიან ბევრი იმუშავეს.

ამ პროცესში მე დავინახე დიდი მონდომება, ენთუზიაზმი, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ხალხის წინაშე, სამშობლოსა და ხალხის დიდი სიყვარული და რაც მთავარია პროფესიონალიზმი.

ჩვენ მთავრობა დავაკომპლექტეთ არა პარტიული ან სხვა რომელიმე ნიშნით, არამედ სწორედ პროფესიონალებით.

თუმცა იმაში ცუდი არაფერია, თუ ადამიანი პოლიტიკური კუთხით მუშაობს საკუთარი ქვეყნის აღორძინებისათვის და ასეთ ხალხსაც ხელშეწყობა სჭირდება.

თუმცა მთავრობაში მოვიყვანეთ ის ხალხი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკაში და ახლა ქმნიან ქვეყნის აღორძინების პოლიტიკას.

მიუხედავად ამისა, ჩემს მთავრობას ხმამაღლა ვეუბნები: ეს არ არის საკმარისი და ჯერ ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი.

მე დავდივარ მთელ ქვეყანაში და პირველი რასაც ვხედავ არის ის, თუ რამდენად მეტი გვაქვს გასაკეთებელი უამრავი ჩვენი მოქალაქის მძიმე ცხოვრების შესამსუბუქებლად; იმისათვის, რომ იმედი დავუბრუნოთ ძალიან ბევრ ქართველს; რომ უფრო სწრაფი ტემპით მივუახლოვდეთ საქართველოს სიღარიბის გარეშე! მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.

ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენ დამოკიდებული ვართ ინვესტიციებზე.

დღეს მთელ მსოფლიოში კატასტროფულად ძვირდება საწვავი, თუნდაც ბოლო ერთ წელიწადში მისი ფასი 70 პროცენტით გაიზარდა.

2008 წლის პირველ სამ თვეში მთელ მსოფლიოში მოიმატა უკლებლივ ყველა საკვები პროდუქტის ფასმა - გაძვირდა პური, ფქვილი, ზეთი, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის პროდუქცია.

რა თქმა უნდა, ამან თითოეული მოქალაქის ჯიბეს დაარტყა.

ახლა მთავარია არა ის, თუ რა გავაკეთეთ ამ 50 დღის განმავლობაში, არამედ ის, თუ რას გავაკეთებთ მომავალი 50 დღის, 50 თვის განმავლობაში და, საერთოდ, მომავალი წლების განმავლობაში.

მთავრობისგან გაცილებით უფრო მეტს მოვითხოვ.

ძალიან სწრაფი ნაბიჯით უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც საპენსიო პაკეტი 100 დოლარს გაუტოლდება, რასაც დავპირდიტთ კიდეც ხალხს.

ამავე დროს, უნდა მოვახდინოთ სოციალური დაცვის სისტემის რეფორმირება.

სოციალური შეღავათები გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი და სამართლიანი უნდა გახდეს.

პირადად დავავალე მთავრობას უახლოეს პერიოდში დაიწყოს რეფორმაზე და ამ პაკეტებზე მუშაობა.

მაგალითად, სოფლად ბევრგან მივიდნენ სოციალური მუშაკები, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათ ვერ აღმოაჩინეს ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელსაც მართლა უჭირს.

ამიტომ ვთხოვე მთავრობას სოფელის გამგეობებს გამოართვას იმ ხალხის სია, რომლებსაც განსაკუთრებულად უჭირს, რათა დამატებით მათ მივცეთ სოციალური დახმარების პაკეტი.

ბევრად მეტია გასაკეთებელი დასაქმებისთვის.

ჩვენ უნდა გავაფართოვოთ იაფი კრეედიტის მასშტაბები ისე, რომ კარგი წინადადების წარმოდგენის შემთხვევაში, არც ერთ ადამიანს არ გაუჭირდეს ამ კრედიტის მიღება.

ამას გარდა, უმუშევრობის დასამარცხებლად ბევრად მეტი გვექნება გასაკეთებელი სხვა პროგრამების ამოქმედების თვალსაზრისით.

ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ პროგრამებს, რომლებიც შემუშავებული გვაქვს ხალხის დასასაქმებლად და ბევრად უფრო მიზანმიმართული და სწორი პროგრამები უნდა შევქმნათ.

მე ვაპირებ მუშაობას იმაზე, რომ ევროპული და სხვა უცხოური ფინანსური ბაზრებიდან საქართველოში მოვიზიდოთ კომერციული ინტერესები და შემოვიტანოთ დამატებითი კაპიტალი, რადგან ამ კაპიტალის გარეშე ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.

ჩვენ ისედაც დაგვაზიანა გასული წლის ქვეყნის პოლიტიკურმა კრიზისმა.

5 იანვრის არჩევნების შედეგად ჩვენ ეს კრიზისი გადავლახეთ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავედით.

საქართველოში ისევ შემოდის ფული.

ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ მილიონი დოლარის ინვესტიცია ქმნის 50 სამუშაო ადგილს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მრავალი მილიარდი გვჭირდება იმისათვის, რომ საქართველოში ხალხი დასაქმდეს.

ამას უნდა სტაბილურობა; სიმშვიდე - საქართველოში ბანდიტები აღარ უნდა დაბრუნდნენ ქუჩაში; გადასახადების შემდგომი შემცირება და მთავრობის უფრო ეფექტიანი მუშაობა; ამისათვის საჭიროა პორტებისა და ჰიდროელექტროსადგურების განვითარება; ინფრასტრუქტურის გასავითარებლად ახალი მშენებლობები წამოწყება; ინვესტიციების შემოსვლა; გზები კეთდება არა მარტო იმისათვის, რომ ჩვენ ვიაროთ და ვისიამოვნოთ, არამედ იმისათვისაც, რომ გზების - ეკონომიკის ამ არტერიების მშენებლობით, შემდგომი განვითარება, პროდუქციის ტრანსპორტირებასა (რაც ხელს შეუწყობს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაიაფებას) და აუცილებელ კომუნიკაციას უზრუნველყოფს; მნიშვნელოვანია გაზიფიკაცია, სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურის შეცვლა ყველა სოფელში, სოფლის ამბულატორიების გახსნა, რადგან სამუშაო რესურსისა და საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება; ჩვენ ვხსნით სამას პუნქტს, რომლებშიც შესაძლებელი იქნება რძის რეალიზაცია...

ასე რომ, ბევრი რამ ამ მიმართულებით ნამდვილად კეთდება.

პირველმა 50 დღემ დამანახა, რომ მთავრობა ქმედითუნარიანია, მაგრამ დამანახა ისიც, რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია.

ამიტომ მე ვიქნები მაქსიმალურად მომთხოვნი, რათა მთავრობამ დაამტკიცოს, რომ ის მართლა ხალხის სამსახურშია და ნამდვილად არის ღირსი ჩვენი ხალხის მთავრობა ერქვას.

დღეს ჩაგაბარეთ ანგარიში დაწყებული სამუშაოების შესახებ, მაგრამ ყველა ჩვენს დაპირებაზე პასუხს ვაგებთ, ასე ვარ შეჩვეული, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც.

თქვენ წინაშე შემდეგი 50 დღის შემდეგაც წარვსდგები, მოგახსენებთ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში და რა გვაქვს კიდევ გასაკეთებელი.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გავაკეთეთ ბევრი რამ, რასაც ვგეგმავდით, მაგრამ თუ მკითხავთ ყველაფერი გავაკეთეთ თუ არა რისი იმედიც გვქონდა, გეტყვით: რა თქმა უნდა - ჯერ არა, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ.

ჩვენ მივაღწევთ გაცილებით მეტს და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ეს ასეც იქნება.

როდესაც ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა კორუფციის გარეშე, ყველამ დაგვცინა, მაგრამ ეს სიტყვა საქმედ იქცა; მაშინ დაინახეს პირველად, რომ ჩემი დაპირებების მიმართ არასერიოზული მიდგომა არ შეიძლებოდა.

როდესაც ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა შევარდნაძისა და მისი კორუმპირებული კლანის გარეშე, არავინ არ დაიჯერა, მაგრამ ეს სიტყვაც იქცა საქმედ.

როდესაც 4 წლის წინათ ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა ქურდებისა და სიბნელის გარეშე, ამის რეალობად ქცევა ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ ეს სიტყვაც იქცა საქმედ.

ახლა ვამბობთ, რომ საქართველო იქნება სიღარიბის გარეშე და მინდა ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი საქმე, საქმე - ლაპარაკის გარეშე.

ბოლოს და ბოლოს, ეს არის ის ოცნება, რამაც მოახდინა ვარდების რევოლუცია, ეს არის ის, რამაც 2003 წლის 23 ნოემბერს ყველა გაგვაერთიანა, რასაც დავპირდით ჩვენს შვილებსა და ჩვენს ოჯახებს, ეს არის ჩვენი, როგორც მთავრობის მისია.

ჩვენ ამ მისიას, რომლის შესრულებაც თქვენთან ერთად დავისახეთ მიზნად საქართველოს მომავლისთვის, თითოეული თქვენგანისთვის, იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს არასდროს აღარავის აღარ გაუცრუვდეს რწმენა, არასდროს აღარ დაუბრუნდეს ცინიზმის მდგომარეობას, არასდროს არ დაკარგოს საკუთარი ძალების რწმენა და მხოლოდ წინსვლაზე იფიქროს, აუცილებლად დავძლევთ.

ამ მიზანს, ყოველივე ამისა და საქართველოს მომავლის გულისთვის, თქვენთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)