საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოფელ სკრაში მოსახლეობას შეხვდა
მოგესალმებით ყველას!
თქვენთან ჩვენთვის საჭირბოროტო თემებზე სასაუბროდ ჩამოვედი.
უწინარეს ყოვლისა, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერისთვის.
თქვენი მხარდაჭერა ჩვენს დიდ დამსახურებად არ აღმიქვამს, ეს არის თქვენი დიდსულოვნების გამოხატულება და თქვენს მიერ გაცემული კრედიტი, რათა ყოველივე ეს აგინაზღაუროთ და ჩვენი ყველა დაპირება შევასრულოთ.
ჩვენი 50-თვიანი პროგრამა არის სწორედ ჩვენი დაპირების შესრულება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სოფლების საზოგადოებრიობის მიმართ.
სოფლის მეურნეობისა და სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება ჩვენი პროგრამის მთავარი არსი და მთავარი დანიშნულებაა.
ეს ჩემი პირადი სოციალური პროგრამაა 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში.
სოფლად ძალზე ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ სოფელმა შეიძლება საქართველო და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მნიშვნელოვნად წასწიოს წინ.
მსოფლიოში საწვავის ფასი კატასტროფულად მატულობს, შესაბამისად მატულობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასი.
ბოლო წლების განმავლობაში, მსოფლიოში საკვების ფასი 30 პროცენტით გაიზარდა და კიდევ უფრო მოიმატებს.
ყველა პროგნოზით, უახლოეს პერიოდში კვების პროდუქტების ფასი მსოფლიო ბაზრებზე შეიძლება გაორმაგდეს.
ეს ცუდი ამბავია მომხმარებლებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, ქართული სოფლის მეურნეობისთვის ეს არის შანსი იმისა, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია და ბაზრებზე გასვლა მოვახერხოთ.
ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.
მიწათმოქმედება
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვარდების რევოლუციამდე 800 ათასი ჰექტარი სავარგულიდან მუშავდებოდა 140 ათას ჰექტარზე ოდნავ მეტი.
წელს ჩვენ მოვახერხეთ თითქმის 400 ათასი ჰექტარი მიწის დამუშავება.
უახლოეს ოთხ წელიწადში, 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოში არ უნდა დარჩეს არც ერთი დაუმუშავებელი სავარგული.
თუმცა ერთია მიწის დამუშავება, ხოლო მეორე - თუ როგორ ვამუშავებთ მას.
შარშან ჩვენ ვაშლის, პრაქტიკულად, მთელი მოსავალი გავყიდეთ.
საქართველოში მოგვყავს 60 ათასი ტონა ვაშლი მაშინ, როდესაც მარტო ამ რეგიონის - შიდა ქართლის პოტენციალი 200 ათასი ტონაა.
ჩვენ რომ 200 ათასი ტონა ვაშლი მივიღოთ, არა მარტო ექსპორტი არ დაგვჭირდებოდა (პროდუქციის 6 პროცენტი იმპორტს შეადგენს), მთლიანად გადავფარავდით ყველა ბაზარს.
ამ რეგიონში დიდი შვეიცარული კონცერნი "ჰიპი" ვაშლის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს.
თუ ის კარაგდ ამუშავდა, მარტო ამ საწარმოს შეუძლია ნახევარზე მეტი მოსავალი აითვისოს.
უნდა აშენდეს რძის გადამამუშავებელი საწარმოები - ერთი უკვე გაიხსნა, მალე მეორეც გაიხსნება და რძის ჩამბარებელი პუნქტი ყველა დიდ სოფელში გვექნება.
დღესდღეობით, ჩვენი ძროხები საშუალოდ 3-დან 6 ლიტრამდე რძეს იწველიან; ლაქტაციის პერიოდი უფრო მოკლეა, ვიდრე უმეტეს ქვეყნებში.
ჩვენთან წველადობა წელიწადში ერთ ტონას შეადგენს, ისრაელში - 10 ტონას, ევროპის ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 5-6 ტონაა.
ეს მარტო თქვენი გასაკეთებელი არ არის - ამაში სახელმწიფო უნდა დაგეხმაროთ.
ფერმერთა სახლები
დიდ სოფლებში ფერმერთა სახლები იხსნება.
მალე ასეთი პუნქტი მინიმუმ 100 გვექნება და ვფიქრობ 200-მდე ავალთ.
ამ სახლებში იმუშავებენ კვალიფიციური აგრონომები, ხოლო თითოეულ ასეთ პუნქტთან გაიხსნება მაღაზია, რომელშიც გლეხისთვის საჭირო ინსტრუმენტები და ინვენტარი გაიყიდება - თოხიდან და ბარიდან დაწყებული, სასუქით დამთავრებული.
მსგავსი პუნქტი უკვე გაიხსნა საქართველოს 20-მდე სოფელში და კიდევ გაიხსნება უკლებლივ ყველა დიდ და საშუალო სოფელში.
როგორც ყველა სოფელში ვხსნით ამბულატორიას და იქნება სოფლის ექიმი, ასევე ყველა სოფელში გაიხსნება ფერმერთა სახლები.
სოფლებში გახსნილი ამბულატორიები უმაღლესი დონის კომპიუტერებითა და თანამედროვე საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რათა სოფლის მცხოვრებმა ადგილზე მიიღოს ისეთივე დახმარება, როგორსაც დედაქალაქში მიიღებდა.
ამით იმის თქმა მსურს, რომ სოფლებში სოფლის მეურნეობის მოსმსახურებაც ისეთივე მაღალი დონის უნდა იყოს, როგორიც როგორც სამედიცინო მომსახურება.
ფერმერთა სახლებში გაერთიანებული იქნებიან არა მარტო კვალიფიციური აგრონომები, არამედ აღჭურვილობაც შესაბამისი გვექნება - შევიძენთ კომპიუტერებს და ჩავერთვებით მსოფლიო ქსელში, რათა თითოეულმა ფერმერმა, აქ მცხოვრებმა თითოეულმა მოსახლემ მისთვის სასარგებლო კვალიფიციური რჩევა მიიღოს მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნილებისა და ამა თუ იმ ნარგავის მოვლის შესახებ.
მაგალითად, შარშან დასავლეთ საქართველოში პეპლის პრობლემა გაჩნდა, რის გამოც მოსავლის უდიდესი ნაწილი განადგურდა.
წელს ამ პრობლემას ვაგვარებთ, მაგრამ ფერმერთა სახლების პირობებში შეიქმნება სპეციალური ცენტრები მსგავსი პრობლემებისგან თავის დასაზღვევად.
სარწყავი სისტემები
ვიცი, რომ დიდ პრობლემები გექმნებათ სარწყავ წყალთან დაკავშირებით.
კომუნისტების დროს მოქმედებდა ელექრო ქაჩვის სისტემა, სხვათა შორის, წელს 600 ათასი ლარი გამოვყავით იმისათვის, რომ ამ რეგიონში სარწყავი წყლის სუბსიდირება მოგვეხდინა, მაგრამ ჩვენი პერსპექტივა მაინც თვითდინებით მორწყვაა.
ამ საკითხზე ჩვენ ყველგან ვმუშაობთ.
9 მილიონი ლარი გამოვყავით ტაშისკარის სარწყავი არხის რეაბილიტაციისათვის; სოფელ სკრაში ცალკე სისტემაა და მისთვის ცალკე გამოვყავით თანხა.
საქართველოში სარწყავი სისტემის აღდგენაზე შარშან და წელს ლარი გამოყოფილი თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს.
მომავალ წელს შეგვეძლება თვითდინებით მოვრწყათ იმაზე თითქმის 2-ჯერ მეტი, ვიდრე კომუნისტების დროს ირწყვებოდა ამავე მეთოდით.
უახლოესი 2 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლება მოვრწყავთ იმის 80 პროცენტი, რამდენსაც რწყავდნენ საბჭოტა პერიოდში.
50-თვიანი პროგრამის ფარგლებში ამ მაჩვენებლებს გადავფარავთ და მოვრწყავთ ბევრად უფრო მეტ სავარგულს, ვიდრე ირწყვებოდა კომუნისტების პერიოდში, მაშინ, როდესაც ელექტროენერგია პრაქტიკულად უფასო იყო.
ამის საშუალებას ახალი ტექნოლოგიები და ახალი ინვესტიციები იძლევა.
მექანიზაცია
დღეს საქართველოში, დაახლოებით, 5000 ტრაქტორია, რომელთაგანაც ნახევარი ძველია და, პრაქტიკულად - გაუმართავი.
იმისათვის, რომ მოთხოვნილება მთლიანად დავფაროთ, 12 ათასამდე ტრაქტორი გვჭირდება.
ამათგან ნაწილი უნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე.
ბოლო სამი წლის განმავლობაში 1500 ტრაქტორი შემოვიყვანეთ, მაგრამ ახლა ვავალებ სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კიდევ 1500 ტრაქტორი შემოიყვანოს.
50 თვის განმავლობაში საქართველოში მინიმუმ 15-16 ათასი ტრაქტორი უნდა გვქონდეს, რათა სოფლის მეურნეობა უფრო ინტენსიური გახდეს.
უახლოესი ორი წელიწადში კერძო შემომტანებთან ერთად ჩვენ უნდა საბჭოთა პრერიოდის მაჩვენებელს უნდა მივაღწიოთ, ეს კი, 10-12 ათასი ტრაქტორია.
ყოველივე ეს კეთდება იმისათვის, რომ შემოსავალი გაიზარდოს და ოჯახებმა შვება იგრძნონ.
ხორბალი
მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის დეფიციტია, მაგრამ წელს ჩვენ 2ჯერ მეტ მოავალს ავიღებთ ვიდრე შარშან, რადგან დამუშავების რაოდენობა გაიზარდა.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავაკმაყოფილებთ ჩვენი მოთხოვნილების თითქმის მესამედს, მაგრამ ეს არის სტიმული ფერმერებისთვის, რომ მომავალ წელს მეტი დათესონ.
თუ კარგად ვიმუშავებთ და კარგი მოსავალი გვექნება, შესაძლოა საქართველოს მოხმარების ნახევარი ადგილობრივი პროდუქციით გადავფაროთ.
თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რომ უახლოესი 50 თვის განმავლობაში ყველა პროდუქციის და, მათ შორის, ხორბლის მხრივ, მხოლოდ საკუთარ წარმოებაზე ვიყოთ დამოკიდებული.
ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს.
მიხარია, რომ უკვე ბევრი კარგი ისტორია მესმის.
მაგალითად, სურამში ადამიანმა შეინახა კომუნისტების დროინდელი საკონსერვო ქარხანა და ახლა უშვებს მსოფლიო დონის კონსერვებს, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ბაზარს მიეწოდება.
ამ ქარხნის დაკონსერვებული პომიდვრები, ამას წინათ, საქართველოს მთავრობამაც დააგემოვნა - მისი ხარისხი უმაღლესია და ვერსად მსოფლიოში მსგავსს ვერ აკეთებენ.
სპეციალურად ვსწავლობდი ამ საკითხს და გამოვარკვიე, რომ აქვე ახლო-მახლო ერთი ჰექტარი მარწყვის მოკრეფის შემდეგ რამდენიმე ადამიანს 6-7 ათასი ლარი შემოუვიდა.
მოგეხსენებათ, ეს ძალზე მძიმე შრომაა, მაგრამ თუ ოჯახი ერთად მუშაობს, შემოსავალიც თვალსაჩინოა.
დღეს შევიტყვე ისიც, რომ ამ ბაღის მფლობელმა, სადაც ახლა ვიმყოფებით, ბალის ჩაბარების შემდეგ 2 ათას 200 ლარამდე აიღო.
ბალის მოკრეფაც უმძიმესი შრომაა, მაგრამ ეს შემოსავალი ოჯახისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
თხილის მოსავალიც დიდი გვაქვს.
მართალია, იმის გამო, რომ თურქეთშიც კარგი მოსავალი მოვიდა, შესაძლოა ფასი იმდენად დიდი არ იყოს, რამდენსაც ვისურვებდით, მაგრამ თხილით მიღებულმა შემოსავალმა დასავლეთ საქართველოს ოჯახებში, 10-15 და ზოგან 20 ათასი ლარი შეადგინა.
გურჯაანში ყველაზე ადრე მოვიდა ხილი და, ამ მხრივ, ამ რაიონს სტრატეგიული უპირატესობა აქვს.
ერთი ჰექტარიდან ზოგიერთ კულტურაზე იქაურ ოჯახებს 10 დან 14 ათასამდე ლარი აქვს შემოსავალი.
უდავოა, რომ ძვირდება სასუქი, წამალი, კატასტროფულად ძვირდება საწვავი, მით უმეტეს, რომ საქართველოში ნავთობი თითქმის არა გვაქვს, მაგრამ, ამავე დროს, ძვირდება ჩვენი პროდუქციის ფასიც.
უკვე აღვნიშნე, რომ ეს ხდება იმიტომ, რომ ძვირდება გადამუშავებული პროდუქციის ფასი.
მაგალითად, გადამუშავებული ჩაის კულტურიდან ბევრად მეტ შემოსავალს მივიღებთ, ვიდრე გადაუმუშავებელისგან.
ბოსტნეულის მხოლოდ გაყინვა რამდენჯერმე ზრდის მის ფასს.
თუ ჩვენ ვიპოვით ისეთ კულტურებს, რომელთა შენახვა უფრო ადვილია, მეტ მოგებას ვნახავთ.
მაგალითად, ჩვენი ვაშლი ძნელად შესანახია და სარდაფებსა და მსგავს სათავსებში გვიწევს მათი მოთავსება, მაშინ, როდესაც არის ვაშლის არგენტინული ჯიშები, რომლებიც ყოველივე ამის გარეშეც ადვილად ინახება.
ეს ჯიშები სახელმწიფოს დახმარებით, ნელ-ნელა უნდა შემოვიტანოთ და დავრგათ.
ასე რომ, ჩვენი ამოცანა სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაცია და ეფექტიანობაა.
ვერც თქვენ და ვერც სახელმწიფო ამას ცალ-ცალკე ვერ გააკეთებს.
ეს მხოლოდ ჩვენი თანამშრომლობით და ასევე თქვენ შორის თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
მინდა ერთ საკითხზე დავფიქრდეთ, ჩვენ მაინც გვიჭირს ერთმანეთში კოოპერირება.
საზოგადოება შეეჩვია კოლმეურნეობას, რომელიც ასე არ გვიყვარდა.
ახლა, როდესაც ეს მართლაც საჭიროა, ხალხს კოოპერაცია უჭირს.
ბათუმში გაიხსნა მზესუმზირის ზეთის სახდელი ქარხანა.
მაშინაც კი, როდესაც ეს ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდება, ზეთზე საქართველოს შიდა ბაზრის მოთხოვნილების მხოლოდ 20 პროცენტს დავაკმაყოფილებთ.
არადა, შეგვიძლია ჩვენი ბაზარიც სრულად დავაკმაყოფილოთ და ექსპორტზეც გავიტანოთ.
გურჯაანში შევკრიბეთ გლეხები და შევთავაზეთ კოოპერაცია, რათა მზესუმზირა ერთად დაგვეთესა, ერთად მოგვევლო და ერთად ჩაგვებარებინა. შემოსავალიც შესაბამისად განაწილდებოდა.
ძალიან გაგვიჭირდა 100-პროცენტიანი კოოპერაციის შექმნა.
არადა, სხვაგვარად საქმე არ გამოვა.
კოოპერაცია გვჭირდება მექანიზაციის თვალსაზრისით, წამლის გამოყენებაში, საწვავის დაზოგვისა და ბაზრებზე გასვლის მხრივ.
კოოპერაცია გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი ცალცაკლე უფრო მდიდრები გავხდეთ.
სახელმწიფო გაგიწევთ კონსულტაციას, რომ ამ საკითხში ხალხმა საერთო ენა მონახოს.
ძალა ერთობაშია პოლიტიკაშიც, სოფლის მეურნეობაშიც, ადამიანურ ურთიერთობებშიც და სხვა ყველაფერში.
კოოპერაცია დიდად წაადგება საქართველოს და ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ჩვენ ახალ ბაზრების მოსაპოვებლად ვიბრძვით და უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში მოწეული მოსავალი მთლიანად გაიყიდოს.
მაგალითად, ქართული ჩაისთვის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი და ინდოეთია, რადგან საკუთარი ჩაი მათი შიდა ბაზრის მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს.
მსოფლიო კრიზისიდან საქართველო უფრო გაძლიერებული უნდა გამოვიდეს.
მსოფლიო კრიზისი შეინიშნება საწვავის ფასშიც და სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების თვალსაზრისითაც.
ჩვენ უნდა ვაწარმოოთ იმდენი, რომ ჩვენც დაგვრჩეს, უცხოეთშიც გავიტანოთ და ყველამ ერთად სერიოზული შემოსავალიც მივიღოთ.
ეს არის ძირითადად ის, რისი თქმაც თქვენთვის მსურდა.
თქვენ იცით, რომ გვაქვს პროგრამა, რომელებც ითვალისწინებს გზის გაყვანას ყველა სოფლამდე.
მართალია, ამ სოფელში კარგი გზით მოვედი, მაგრამ საქართველოს 150-მდე სოფელში უნდა შეგვეძლოს ასეთი გზით მისვლა.
ეს ამ რეგიონშიც ბევრგან არის გასაკეთებელი.
ამას წინათ, თურქეთის სოფლებში ვიარეთ და შემშურდა კიდეც, იმდენად კარგი გზები იყო სულ პატარა სოფლებში.
ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ საქართველოშიც.
შეკითხვა:
მაინტერესებს, რა დახმარება გვექნება ვაშლის ექსპორტთან დაკავშირებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ მთელი რეგიონი ვაშლის წარმოებითაა დაკავებული.
მიხეილ სააკაშვილი:
22 მილიონი ლარის ოდენობის იაფი კრედიტი გავეცით სოფლის მეურნეობის განვიტარებისთვის და ამ მაჩვენებელს კიდევ გავზრდით. რაც შეეხება ვაშლს, ძირითად პრობლემას მისი შესანახი ნაგებობები წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია კერძო ბიზნესის ჩართვა, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გახდება. მსგავსი ნაგებობები ასაშენებლად ბიზნესმენებთან უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.
შარშან დავხარჯეთ სამი მილიონი ლარი და წელს უფრო მეტს დავხარჯავთ იმისთვის, რომ ექსპორტი წავახალისოთ. ახალი სატრანსპორტო საშუალება გავხსენით უკრაინისკენ, ყაზახეთისკენ, აზერბაიჯანისკენ, ევროპის ქვეყნებისკენ და მიმაჩნია, რომ წელს გაუყიდავი ვაშლი არ დაგვრჩება. მართალია, წელს ცუდ მოსავალს არ ველით, მაგრამ მოსავალი მაინც ციკლობრივია და შესაძლოა ისეთი არ იყოს, როგორიც იყო შარშან. შარშან თითქმის მტელი მოსავალი გაიყიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ყურძნის ცუდი მაგალითიდან გამომდინარე, ყველას ძალიან გვეშინოდა. ცალკე პროგრამა გვაქვს ყურძენზე, მაგრამ არც ვაშლს დავტოვებთ მიუხედავს.
შარშან საკონტრაქტო დისციპლინა რამდენჯერმე დაირღვა იმის გამო, რომ ფასები მუდმივად მატულობდა. ახლა უფრო წინდახედულად უნდა დავდოთ კონტრაქტები, რათა ერთი მხრივ, კარგი რეპუტაცია გვქონდეს და დანაპირებ ფასში გავყიდოთ პროდუქტი, მეორე მხრივ, ეს ფასი თქვენთვის იყოს ხელსაყრელი.
შეკითხვა:
ბატონო პრეზიდენტო, ბევრ გლეხს არა აქვს საშუალება საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად იყიდოს საწვავი, იქირაოს მუშები და ტრაქტორი და ა.შ. კოოპერაცია ძალიან კარგია, მაგრამ ბევრს დახმარება სჭირდება. იქნებ სახელმწიფომ აღმოუჩინოს რაიმე დახმარება ხალხს...
მიხეილ სააკაშვილი:
საწვავის ფასი იზრდება, მაგრამ იზრდება იმ პროდუქციის ფასიც, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პროდუქციის ფასი უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე გაწეული ხარჯები პროდუქტის მოყვანისთვის. რეალურად, მიმდინარეობს შეჯიბრი. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ მსოფლიო ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე, რთული ეკონომიკური პირობები დავძლიოთ. გაზისა და ნავთობის ფასი ისეთი რომ ყოფილიყო, როგორც ოთხი წლის წინათ იყო, პრობლემა არ გვექნებოდა. ნავთობის ფასი ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა ოთხჯერ, ჩვენი ეკონომიკა კი - სამჯერ. ამიტომ, ჩვენი ეკონომიკა უნდა გაიზარდოს კიდევ უფრო მეტჯერ, ვიდრე იზრდება ნავთობის ფასი. ეს არის პასუხი ამ კატაკლიზმებზე.
ჩვენ შემოვიყვანთ კიდევ 1500 ტრაქტორს, მათი გაქირავების საფასურს კი უფრო შევამცირებთ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ტრაქტორი ყველასატვის იყოს ხელმისაწვდომი, ეს ერთი.
მეორე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გარკვეული მიმართულებებით ვაძლევთ სუბსიდიებს ხალხს ცალკეულ პროდუქტებზე: ვაშლზე, ყურძენზე... ამაზე ცალკე პროგრამა გვაქვს. დანარჩენი ადგილობრივი ხელისუფლების ოპერატიულ მუშაობაზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად უნდა პასუხობდეს ხალხის მოთხოვნებს.
ქველმოქმედება კი არ იყო ის 650 ათასი ლარი, რომელიც აქ სარწყავ სისტემებზე დავხარჯეთ. ჩვენ ვკრებთ გადასახადებს, მათ შორის ფერმერებისგან.
სახელმწიფოს სწორი პოლიტიკა არის ის, რომ ხალხს იქ დაეხმარო, სადაც ეს აუცილებელია. ჩვენ სწორედ ასე ვმუშაობთ, სხვაგვარად წარმოუდგენელია.
შეკითხვა:
ბატონო პრეზიდენტო, კარგად მოგეხსენებათ, რომ ღვინის პრობლემა და ღვინის რეალიზაცია დიდწილად რუსეთზე იყო დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის მხარე თანახმაა განიხილოს ეს საკითხი და თითქოს, ამის თაობაზე შეხვედრებიც დაიწყო. მაინტერესებს იქნება თუ არა წელს დადებითი ძვრა ამ თვალსაზრისით?
მიხეილ სააკაშვილი:
მე მოვისმინე, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ რაღაც თქვა იტალიაში ყოფნის დროს, მაგრამ უფრო მომეჩვენა, რომ რუსეთის მთავრობის მხრივ, ეს იყო რეაქცია იმ ძალიან მკაცრ კრიტიკაზე, რომელიც დასავლეთიდან დაიმსახურეს. თუ ეს ასე არ არის, დაველოდებით ბიუროკრატებს ქვედა დონეზე. ჩვენი ღვინის ხარისხი რომ საშიში იყო და ხალხი დაიწამლებოდა, ვფიქრობ, თქვენ ამის არ გჯერათ. ამის მათ თავადაც არ სჯერათ. სხვათა შორის, ერთ-ერთი ძალზე ცნობილი მსოფლიო ლიდერი მეუბნებოდა, რომ რამდენიმე თვის წინათ მოსკოვში ძალიან მნიშვნელოვან სადილზე მიიწვიეს და სუფრაზე მხოლოდ ქართული ღვინო იყო.
ის ხალხი ქართულ ღვინოს ისევ სვამს. ემბარგომდე რუსეთში ღვინის მოხმარება 180 მილიონი ბოთლი იყო და ეს მაჩვენებელი 150 მილიონამდე ჩამოვიდა. საინტერესო სტატისტიკაა, რადგან მთელ მსოფლიოში ყოველ წელს სულ უფრო მეტ ღვინოს სვამენ, რუსეთში კი შემცირდა. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვმსჯელობდი და ვარაუდი გამოვთქვით, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ ქართულ ღვინოს სვამდა და ახლა სხვა არ უნდა. უნდა ვიყო თუ არა გახარებული იმით, რომ რუსეთი უფრო ფხიზელია, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ქართული ღვინო საშიში იყოს თუნდაც სიფხიზლის თვლასაზრისით, თუკი ზომიერი დოზით მიიღებენ.
ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ შიდა ბაზარზე ხარისხიანი ღვინო იყიდებოდეს, მათ შორის, რესტორნებში და ამას ძალზე მკაცრად ვაკონტროლებთ. დღეს ევროპაში ბევრად მეტი ღვინო გადის. მაგალითად, პერპექტივა გავქვს, რომ პოლონეთში 5 მილიონი ბოთლი ღვინო შევიტანოთ საქართველოდან. რამდენიმე მილიონი ბოთლით გაიზრდება ღვინის შეტანა უკრაინაში.
ღვინის ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე სასამართლო პროცესი მოვიგეთ და ევროპის მთელ რიგ ბაზრებზე ფალსიფიცირებული პროდუქცია გავაუქმეთ. ასე რომ, ჩვენ არ გვძინავს და ველოდებით იმ დროს, როდესაც ჩვენი რუსი მეგობრები მონატრებულ ქართულ ღვინოს თავადვე დაიბრუნებენ.
ჯერ-ჯერობით ყოველივე ეს შემოიფარგლა მხოლოდ განცხადებებით და იმედია, რომ ამ განცხადებებს კონკრეტული მოქმედება მოჰყვება.
მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, ორ წელიწადში რუსეთის გარეშეც, პრაქტიკულად, მთელ ღვინოს დავაბინავებთ. ტურისტების ზრდასთან ერთად კი, 50-თვიანი პროგრამის ფარგლებში (ჩვენ 10 მილიონ ტურისტს ველით), საბერძნეთისა და ისრაელის მსგავსად, მთელ ქართულ ღვინოს საქართველოში მოვიხმართ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება, ქვეყნის პოპულარიზაცია და ჩვენი ღვინის ხარისხის ზრდა - ყველაფერი ერთად ამ პრობლემას საერთოდ დაგვავიწყებს და ლაპარაკი მხოლოდ ფასებზე თუ იქნება.
წელს ჩვენ მევენახეებს სერიოზულად დავეხმარებით როგორც დავპირდით კიდეც, არა ზოგადად ქაღალდზე და არა ღვინის ქარხნებს, არამედ მევენახეებს - იმ ხალხს, ვისაც ყურძენი მოჰყავს.
ამ მხრივაც დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ - ჩვენი "რქაწითელი" ყურძნის უნიკალური ჯიშია, ასეთი გემრიელი ყურძენი მსოფლიოში არ არსებობს, მაგრამ მისი შენახვა და გადატანა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მაგალითად, სომხური ყურძენი უფრო ნაკლები ხარისხისაა, მაგრამ მისი ექსპორტირება შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ბაჯაღლო ოქრო, მაგრამ რად გინდა, საქართველოს ფარგლებს იქით ვერ გადის. ამიტომ, გარკვეული ჯიშები თანდათან ნაწილობრივ უნდა ჩავანაცვლოთ. "ჩხავერი" ასევე უნიკალური ჯიშია, რომელიც გურიასა და აჭარაში მოჰყავთ. ამ სახეობას ბევრად მეტი პოპულარიზაცია და გავრცელება სჭირდება. რაჭის უნიკალური ჯიშები შეიძლება ბევრად მეტი მოვიყვანოთ. ასე რომ, ამ მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას ბევრად მეტი აქვთ სამუშაო.
შეკითხვა:
ბატონო პრეზიდენტო, ძალიან კარგი პროგრამა დაიწყო მთავრობამ დაბალპროცენტიანი კრედიტების სახით, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული. რამდენიმე პროექტი ჩვენს რეგიონში უკვე განხორციელდა კიდეც. პირადად მე ერთ-ერთი პროექტის მონაწილე გახლავართ - მეცხოველეობის განვითარება გადამამუშავებელი მრეწველობითა და რძის გადამუშავებით სოფლებში. მინდა გითხრათ, რომ თუკი მსგავსი პროექტების შემუშავება გაგრძელდება სოფლის მეურნეობის განვიტარებისთვის ძალიან კარგი იქნება. ამ დროს შეიქმნება სამუშაო ადგილები, ხალხი მიიღებს ხელფასს და სიღარიბის დონე ქვეყანაში, ფაქტობრივად, დაიწევს. წელს უკვე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ამოწურულია. მაინტერესებს თუ გაგრძელდება ეს მომავალში?
მიხეილ სააკაშვილი:
სამცხე ჯავახეთში გავხსენით რძის ჩამბარებელი რამდენიმე პუნქტი და რძის ფასი თავდაპირველად 60 თეთრი იყო, შემდეგ კი 45 თეთრი გახდა. კახეთში ჯერ კიდევ 60 თეთრად იბარებენ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი ზელანდია სერიოზული კრიზისის გამო რძის ფხვნილს ვეღარ უშვებს. ამიტომ, ეს ბაზარი იქნება გახსნილი და მკვეთრად გაიზრდება ფასები. თუ კარგად იმუშავებთ, ამ მხრივ, დიდი შესაძლებლობებია.
რაც შეეხება პროექტს, ის აუცილებლად გაგრძელდება და გაფართოვდება კიდეც. საცალო ქსელში არსებული რძის პროდუქტების თითქმის 100 პროცენტი იყო იმპორტი. დღესდღეობით, თითქმის მთლიანად დავფარეთ ჩვენი მოთხოვნა. თუმცა ეს რა გასაკვირია, როდესაც 90-იანი წლების დამლევს სოფლის მეურნეობის მთელი პროდუქციის 70 პროცენტი იმპორტი იყო. წელს უკვე 7 პროცენტზე ჩამოვედით, ხოლო რძის პროდუქტების მხოლოდ 10 პროცენტია იმპორტული. ერთი მხრივ, რძის პროდუქტების იმპორტი მთლიანად უნდა მოვსპოთ. მეორე მხრივ, უნდა წავახალისოთ სხვა მწარმოებლები (დიდი რუსული მწარმოებელი "ვიმბლდამი" შემოვიდა) და, მათ შორის, თქვენი მიმღები პუნქტები, რათა პაკეტებს დააწერონ, რომ დამზადებულია ორგანული რძისგან.
საქართველოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე არის ორგანული პროდუქცია. ის, რომ თქვენ ნაკლებ შხამ-ქიმიკატებს იყენებდით, სიღარიბის ნიშანი იყო. მართალია, შემოსავალი იზრდება, მაგდამ ამან არ უნდა გაგვიტაცოს. ორგანული პროდუქცია იმდენად დიდი სიმდიდრეა, იმდენად ძვირად ფასობს, იმდენად დიდია მასზე მოთხოვნა, რომ ეს უნდა იყოს ნაჩვენები, მათ შორის, რძის პროდუქტებზე. ფხვნილის პროდუქტიდან უნდა გადავითეთ ნამდვილი რძისგან დამზადებულ პროდუქციაზე. ამის რეალური შესაძლებლობა გვაქვს.
ასევე სახელმწიფომ ცენტრალიზებულად უნდა შემოიყვანოს მეწველი ძროხები და ჯიშები გავაუმჯობესოთ. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. რასაც აქამდე ტანკებსა და ქვემეხებზე ვხარჯავდით, იმაზე ორჯერ მეტი უნდა დავხარჯოთ ამ მიმართულებით, რათა საქართველოში ამ მხრივ ვითარება შეიცვალოს. ასევე მნიშვნელოვანია საქონლის კარგად გამოკვება და ამაზეც უნდა ვიზრუნოთ. თუ ახალ ჯიშებსაც გორაკებზე ვარბენინებთ, ისინიც მათი წინამორბედების ბედს გაიზიარებენ და მათსავით ჩამოხმებიან. ეს არის ევროპული სტანდარტის რეალურად დამკვიდრება საქართველოში.
რაც შეეხება რძის პროდუქტების წახალისებას, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა დიდ სოფელში რძის ჩამბარებელი მინიმუმ ერთი პუნქტი მაინც გავხსნათ, მით უმეტეს იქ, სადაც უფრო მეტად არის განვიტარებული მეცხოველეობის ტრადიცია. ახლა მსოფლიოში ყველაზე მეტად სწორედ მეცხოველეობის პროდუქტებზე იზრდება ფასები. რა თქმა უნდა ბრინჯზეც, ხორბალზეც, მაგრამ ეს დარგი ამ მხრივ პრიორიტეტულია. ბევრგან მძვინვარებდა ვირუსები, ბევრგან არის მკაცრი კანონები, საქართველოს კი შეუძლია მთელ რიგ ბაზრებზე გასვლა. ძალიან დიდი ბაზრებია ახლო აღმოსავლეთში, დიდი ბაზრებია ჩინეთში, ინდოეთში. ჩვენი მცირემიწიანობის პირობებშიც შეგვიძლია უფრო ინტენსიურად მუშაობა.
ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის ასი საწარმოს პროგრამა. დაახლოებით, 30 საწარმო უკვე გავხსენით. ასი უნდა გაკეთდეს შემდეგ წელიწადნახევრის განმავლობაში. 50-თვიანი სიღარიბის დაძლევის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამის ფარგლებში ჩვენ გვჭირდება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 250 საწარმო.
სახელმწიფო საკუთრებიდან ხალხს მიწებს ვაძლევთ იმისთვის, რომ საწარმოები გახსნან, მაგრამ ინვესტორის არჩევისასაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მყარი გარანტიები უნდა მივიღოთ იმის თაობაზე, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება. საგადასახადო მექანიზმებიც უნდა ვარეგულიროთ. იმ ხალხს, ვინც ათობით ათას ჰექტარს გამოუყენებლად აჩერებს, გადასახადი ისე უნდა გავუძვიროთ, რომ მიწის "დამწნილება" არ უღირდეს. მათ კი, ვისაც სახელმწიფოს მხრივ დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, გადასახადი უკიდურესად უნდა შევუმციროთ. პირველ კატეგორიას საგადასახადო მექანიზმებით მაქსიმალურად უნდა ვაგებინოთ პასუხი, რათა შეცვალოს მუშაობის სტილი. საქართველოში მიწას ოქროს ფასი აქვს და ამ ოქროს არავინ არ უნდა დააჯდეს - ის უნდა ემსახურებოდეს ხალხს და იყოს ეკონომიკურ ბრუნვაში.
მინდა დიდი მადლობა გითხრათ, ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა.
საწვავის გაძვირების მიუხედავად, საგაზაფხულო სამუშაოები, ვფიქრობ, წარმატებით დავასრულეთ და ახლა მთავარი მოსავლისა და შემოსავლის მიღებაა.
დგება ინვესტირების დრო.
თქვენ იგრძნობთ, რომ საქართველო არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ სრულფასოვანი სახელმწიფოა, რომელიც თითოეული თქვენგანის გვერდით დგას და თქვენს დასახმარებლადაა მოწოდებული.
გისურვებთ წარმატებებს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური