Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დროისათვის არსებული ვითარება შეაფასა

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

ჩვენი სამშობლოსთვის ამ ძალზე მძიმე, გადამწყვეტ და მნიშვნელოვან დროს მინდა მოგმართოთ, რათა აღგიწეროთ არსებული მდგომარეობა და მოგახსენოთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნის გზების შესახებ, ასევე როგორ ვმუშაობთ ამ გზებზე.

უწინარეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ის, რაც ახლა საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, სრულიად ნათელია, რომ მრავალი თვის წინ (თუ არა წლების წინათ) დაგეგმილი სამხედრო ინტერვენციაა, რომლის მიზანი ჯერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსიაა, ხოლო საბოლოო შედეგი მთლიანად საქართველოს ოკუპაცია და დამონება.

ის საინტერვენციო ძალა, რომელიც საქართველოში შემოვიდა ძალზე მრავალრიცხოვანი და სერიოზულია, რომელიც, რა თქმა უნდა, სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის.

დღეს თითოეული ჩვენგანის თავისუფლება და მომავალი ძალზე მძიმე დარტყმის ქვეშ არის.

დღეს საქართველოს ხელახალ ოკუპაციას და დამონებას, მისი დამოუკიდებლობის ჩამორთმევას ცდილობენ.

ეს ეჭვს აღარ იწვევს ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ.

ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო წუთამდე ვითმენდით და ჩვენ არაფერი დაგვიწყია, მაგრამ თუ ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მათ უპასუხეს, თითქოსდა, ჩვენს მიერ დაწყებულ ოპერაციაზე სამხრეთ ოსეთში, გუშინ და გუშინწინ გაკეთებული ოფიციალური განცხადებების შემდეგ ნათელი გახდა - ოპერაციის მიზანი საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს კურსის შეცვლა.

მათი ენიდან ეს ითარგმნება, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დასრულება.

ხორციელდება დარტყმები ზემო აფხაზეთში კოდორის ხეობის მიმართულებით, ხორციელდება დარტყმები აფხაზეთისა და სამეგრელოს მიმართულებით.

გუშინ გორის აღების მცდელობა იყო, რომელიც ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგად იბრძვიან და მათი სულისკვეთება სულ უფრო იზრდება.

ძალიან ვწუხვარ, რომ გვაქვს დანაკარგი, თუმცა ომის პირობებში ეს მოსალოდნელი იყო.

მინდა გითხრათ, რომ მოწინააღმდეს უფრო მეტი დანაკარგი აქვს, ამას მათივე წყაროებზე დაყრდნობით ვაცხადებ, მაგრამ ეს ძალზე მძიმე გამოცდაა და რეალურად, ჩვენი ძალების წარმატება ეფუძნება ენით აუწერელ, წარმოუდგენელ გმირობას.

მოწინააღმდეგე ამას არ მოელოდა.

მათი ოფიციალური განცხადებებით, მოსალოდნელზე 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა შეხვდათ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვინდა სამხედრო კონფრონტაციის, იმ ომის დაუყოვნებლივ დასრულება, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია.

ჩვენ გვინდა რუსეთის ინტერვენციის შეჩერება.

მზად ვართ და დღეს დავადასტურე კიდეც, საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერის გეგმის მხარდაჭერა,

კუშნერი უკვე იყო ჩამოსული, პრეზიდენტი სარკოზი ჩამოდის ხვალ, მზად ვართ ხელი მოვაწეროთ ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტას, ხელი მოვაწეროთ იმას, რომ დაპირისპირება აღარ განახლდეს.

უახლოეს დღეებში ველოდებით რამდენიმე ევროპელი ლიდერის ვიზიტს.

ამჟამადაც მრავალი ევროპელი მინისტრი იმყოფება საქართველოში

დღეს იწყება ჰუმანიტარული დახმარების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა მთელი მსოფლიოდან.

პირველი თვითმფრინავები საქართველოში დაჯდება 2 საათში, რომლებსაც მთელი ევროპიდან მოჰყვება თვითმფრინავების წყება, მათ შორის უკრაინიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.

მინდა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც საბრძოლო ვითარების გამო დატოვა კონფლიქტის ზონა - ჩვენ ყველას მოგხედავთ და დაგაპურებთ. ვიდრე ეს კონფლიქტი არ დასრულებულა, უმკაცრესი მითითება გავეცი, რომ უპატრონოდ არავინ არ იყოს მიტოვებული.

პირველ საათებში, რა თქმა უნდა, იყო ქაოსი, რადგან ამისთვის არ ვემზადებოდით და ძალიან მუხანათურად დაგვესხნენ თავს.

თუ გახსოვთ ჩვენ მუდმივად ვზრდიდით სამხედრო ბიუჯეტს და მუდმივად ჩნდებოდა კითხვა - რისთვის?

რისთვის და აი, ამ შავი დღისთვის.

ჩვენ კიდევ ვერ მოვასწარით იმდენის გაკეთება, რამდენის სურვილიც გვქონდა.

ამაზე ლაპარაკი არ ღირს, მაგრამ შარშან და შარშანწინ რომ შიდა დაპირისპირებაზე არ დაგვეკარგა დრო, კიდევ უფრო კარგად ვიქნებოდით მომზადებული.

თუმცა ჩვენ დღესაც კარგად ვართ მომზადებული.

რაც მთავარია, გვაქვს მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყანა მაგრად და სათანადოდ დავიცვათ, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა; გადავარჩინოთ თითოეული ჩვენგანის მომავალი და საკადრისი პასუხი გავცეთ მოწინააღმდეგეს.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ჩვენი გადარჩენა, ჩვენი გასაკეთებელია.

ჩვენს გარდა ამას არავინ არ გააკეთებს.

რა თქმა უნდა, საერთაშორისო მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო დიპლომატიური ჩარევა გადამწყვეტ როლს ასრულებს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ძალიან მობილიზებული, თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ ნამდვილ გმირობას და თავგანწირვას, თუ არ დავუპირისპირდებით ამ უზარმაზარ, ბრუტალურ ძალას, საქართველო ვერ შეაჩერებს ამ დაპირისპირებასა და კონფლიქტს.

ყვოველივე იმას, რაც ხდება - დაბომბვებს, ღამ-ღამობით სამოქალაქო ობიექტების ყუმბარების ჩამოყრას, ერთი მიზანი აქვს - ჩვენი საზოგადოებრიობის დემორალიზაცია და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევა.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, იმ ათობით ათას თბილისელს, რომელიც გუშინ გამოვიდა ქუჩებში და გამოხატა დიდი მხარდაჭერა ქართული სახლმწიფოებრიობისადმი.

გუშინ მთელი საქართველო შემოვიარე და მინდა იმ ხალხს, რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და პირიქით მანქანით მოძრაობის დროს ვნახე, მადლობა ვუთხრა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თვითმფრინავები თავზე დაგვბზუოდნენ, ჩემი მანქანით მოძრაობისას ვნახე ძალიან ბევრ მანქანაზე აღმართული საქართველოს დროშა.

საქართველოს დროშები იყო გამოფენილი ქუჩებსა და აივნებზე, სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი გამბედაობა, გამძლეობა და ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ მთელ საქართველოს.

ეს არის ის რაც ხდება.

ეს არის საქართველოს ბრძოლა ეროვნული გათავისუფლებისათვის.

ეს არის საქართველოს თავს მოხვეულ ომზე პასუხი საქართელოს საზოგადოების წინააღმდეგობით და საქართველოს საზოგადოების გმირობით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი.

ჩვენი შვილების მომავალი უცხო ქვეყნის მოხელეებმა არასოდეს არ უნდა განსაზღვრონ.

ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს საქართველოს საზოგადოების მიერ არჩეული დემოკრატიული მთავრობის მიერ ე.ი ქართველი ხალხის მიერ, რომელიც იმოქმედებს ხალხის, მრავალი ეთნიკური საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველო არასდროს არ იცეკვებს ვიღაცის დაკრულზე და არასოდეს არ გავუწმენდთ და ავულოკავთ ფეხსაცმლის ძირს უცხო ქვეყნის მოხელეებს.

ბოლო წლებში ჩვენ წამოვაყენეთ საქართველო.

ხალხო! ნურასდროს დავაჩოქებინებთ მას ისევ!

ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, მაგრამ უნდა გამოვიდეთ წელგამართული.

საქართველომ უნდა მოახერხოს მშვიდობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, მომავალში კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მათ შორის, რუსეთთანაც, რომელიც თავს დაგვესხა.

მე ასევე მინდა მივმართო რუსულ საზოგადოებას მიუხედავად იმისა, რომ ყველა საინფორმაციო საშუალებები დაბლოკილია, ინფორმაცია მაინც გადის.

ჩვენ არ ვეომებით რუს ხალხს.

ჩვენ არ ვბრაზდებით რუს საზოგადოებრიობაზე.

ამჟამად, ბევრი უსამართლოებაა ჩადენილი საქართველოსა და თითოეული ქართველის მიმართ.

დადგება დრო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ კარგი ურთიერთოება გვექნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ბოლომდე დავიცავთ კბილებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი!

ღმერთი იყოს საქართველოს თავისუფლების მფარველი!

ღმერთი ფარავდეს ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს!

გაუმარჯოს საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)