Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.09.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს თავისუფლების მოადნიდან მიმართა

ჩემო თანამემამულენო!

მივმართავ სრულიად საქართველოს!

ყველა ეროვნების წარმომადგენელ ჩვენს მოქალაქეებს!

მივმართავ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, სომხებს, ებრაელებს, აფხაზებს, ჩვენს ოსებს!

მივმართავ ყველა ეთნიკური წარმომავლობისა და ყველა მხარის ადამიანს!

აქამდე ვამაყობდით იმით, რომ საქართველოს არის დიდი ერი და რომ ათასწლეულების განმავლობაში ამ ერმა უამრავ დამპყრობელს გაუძლო. შეინარჩუნა საკუთარი სარწმუნოება, ევრონება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ჩვენ მთელს მსოფლოს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, მაგრამ ყველაზე მეტად ვამაყობთ დღევანდელი დღით.

დღეს საქართველო ერთიანია როგორც არასდროს - მილიონზე მეტი ქართველი დღეს ერთად დგას გარეთ.

ეს არის ხალხის ყველაზე დიდი შეკრება მას შემდეგ, რაც ხავერდოვანი რევოლუციები დაიწყო ევროპაში, მას შემდეგ რაც ბალტიიპირეთის ხალხები განუდგნენ რუსულ და საბჭოთა იმპერიალიზმს. ეს 90-იან წლებში ხდებოდა.

მაშინაც ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, მაშინაც ვხედავდით ხალხის ანთებულ თვალებს.

ამდენი ხალხი არასოდეს არ გამოსულა.

საქართველო დღესაც თავისუფლებისათვის ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ჩვენ სწორედ ამ ბრძოლის წინა ხაზსს ვამაგრებთ.

ჩემო ძვირფასებო!

დღეს ქართველებმა შეკრეს ერთიანი, მძლავრი ჯაჭვი.

რამდენიმე თვის წინათ ვიყავი საბერძნეთში, ათონის წმინდა მიწაზე, სადაც თორნიკე ერთისთავის ჯაჭვის პერანგი ვნახე. მე მქონდა შესაძლებლობა ჩვენი ღირსეული მამულიშვილის ჯაჭვის პერანგს ხელით შევხებოდი.

დღეს ჩვენი ქართული, ცოცხალი ჯაჭვისგან იქსოვება ახალი ჯაჭვის პერანგი, როგორც არასდროს დიდი და ძლიერი ჯაჭვის პერანგი -საქართველოსთვის, ევროპისა და თავისუფლებისათვის.

ჩვენ გავაჩერეთ თბილისს მომდგარი ურდო, როგორც თავის დროზე საქართველომ გაუძლო თემურ ლენგის მრავალრიცხოვან შემოსევებს; საქართველომ გაუძლო მრავალი, მათ შორის, ყველაზე სასტიკი დამპყრობლის შემოსევებს.

საქართველოზე ცივილიზაციის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის პირველი რკალი გადიოდა.

დღეს, როგორც ადრე, როდესაც საქართველოს 21-ე საუკუნის ურდო მოადგა, საქართველო გაერთიანდა, ერთ მუშტად შეიკრა, ბრძოლა დაიწყო და გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის.

ჩემო ძვირფასებო!

დღეს ამ დიდ რკალში ჩვენთან ერთად დგანან არა მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ჩვენი მოქალაქეები, არამედ დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი, სულხან საბა-ორბელიანი, რომელთაც სურდათ, რომ საქართველო არასოდეს დარჩენილიყო მარტო.

დღეს, პირველად ჩვენს ისტორიაში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს არ არის მარტო - საქართველოსთან ერთად დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო დგას.

ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისათვის არის ბრძოლა სამართალსა და უსამართლობას შორის; ეს არის ბრძოლა დიდ, ბრუტარულ ძალასა და ერთ მუშტად შეკრულ, პატარა, მაგრამ გაუტეხელ ერს შორის; ეს არის ბრძოლა დავითსა და გოლიათს შორის; როგორც წმინდა გიორგიმ დაამარცხა უსამართლო იმპერატორი თავისი სულიერი სიძლიერითა და სიმტკიცით, იმის მიუხედავად, რომ იმპერატორს ურიცხვი ჯარი ჰყავდა, ისე საქართველო გაიმარჯვებს ამ უთანასწორო, მაგრამ ძალიან კეთილშობილურ ბრძოლაში; საქართველო გაიმარჯვებს ჩვენი მომავლისთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის ბრძოლაში.

მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ბრძოლა არა მხოლოდ არ გაჩერდება, დღეს ეს ჯაჭვი არა მხოლოდ არ დაიშლება, არამედ ეს ჯაჭვი გაიზრდება და გავრცელდება, რადგან საქართველოს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი.

დღეს იწყება დიდი ბრძოლა ახალი ქვეყნის გასამთლიანებლად და ასაშენებლად, ბევრად უფროს ლამაზი, წარმატებული, თანამედროვე ქვეყნის ასაშენებლად.

ჩვენი ცივილიზებული ერის შემყურე ჩვენი მომავალი თაობები, ჩვენი შვილთაშვილები და დანარჩენი კაცობრიობა იამაყებს.

ჩვენი ბრძოლა არის იმისთვის, რომ უსახლკაროდ დარჩენილ ყველა ადამიანს მოვუაროთ.

წეღან აქ სოხუმიდან დევნილი ქალბატონი, მედიკო ჯიქია იყო; მას სოხუმში არ უშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ეთნიკური ქართველია, რომელსაც მეუღლე და შვილები სოხუმში მოუკლეს.

ეს ქალბატონი დღეს აქ შვილიშვილებთან ერთად მოვიდა.

არცერთი ასეთი ადამიანი უსახლკაროდ და ზრუნვის გარეშე არ დარჩება.

საქართველოს შემდგომი განვითარება შეუძლებელია ქალბატონი მედეასა და მისთანების მოვლის, მხარდაჭერისა და ხელისგამართვის გარეშე. უპირველესად, ჩვენ უნდა ვიყოთ ჰუმანური, ადამიანური საზოგადოება, რომელიც უვლის სუსტებს და დაუცველებს.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება.

ეს არ არის ბრძოლა მხროლოდ საქართველსოთვის. საქართველოში შემოსულმა ამ ბრუტალურმა ძალამ, ამ ახალმა ურდომ, რუსული იმპერიალიზმის აღორძინების დაწყება საქართველოდან განიზრახა. მინდა თქვენი სახელით ვუთხრა მთელ მსოფლიოს, რუსული იმპერია არა მხოლოდ ვერ გაიმარჯვებს საქართველოში, არამედ რუსული იმპერიული იდეა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასამარება. იმპერია ვეღარ აღდგება - ამას საქართველო წინ აღუდგება.

ჩვენ ვამაყობთ დღევანდელი დღით!

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს ერთიანი ვართ როგორც არასდროს. თქვენი ნებართვით, მინდა დღევანდელი დღე - პირველი სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღედ გამოვაცხადო.

საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ერთად დადგა.

მინდა ვუთხრა თავისუფლებისმოყვარე ყველა ერს, რომელიც გვერდით დადგვიდგა, მინდა ვუთხრა ევროპას - შეხედოს ამ ზღვა ხალხს, შეხედოს მილიონზე მეტ ეთნიკური წარმომავლობის მქონე ჩვენს მოქალაქეს.

ახლა არის დრო, როცა ევროპამ ხელი უნდა გამოგვიწოდოს - შეხედეთ ევროპულ დროშებს, რომლებიც დღეს აქ ფრიალებს!

ჩვენ ოქროს საწმისისა და არგონავტების ქვეყანა ვართ; ჩვენ ვართ უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა; ჩვენ ვართ ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ერთიანობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ბრწინავალე მაგალითი; ჩვენ ვართ კეთილმეზობლობის, ძმობის, ჭირსა და ლხინში თანადგომის უნიკალური მაგალითი.

ევროპის, მომავალი ცივილიზაციის და თავისუფლების ბედი და საკითხი წყდება თბილისში.

თბილისი არის თავისუფლების ახალი ზღუდე და კარიბჭე, რომელსაც თავისუფლების მტერი ვერ გაანგრევს.

თავისუფლება აღმასვლას იწყებს საქართველოში, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან წმინდა გიორგის წინამძღოლობით.

ძმებო და დებო! ჩემო თანამემამულენო!

მინდა მივმართო ყველას, დანარჩენ სამყაროს!

საქართველოს ძალიან უსამართლოდ შემოუტიეს.

ასობით ქართველი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი გამოაძევეს საკუთარი სახლებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მათ სურდა ერთიანობა, თავისუფლება და ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.

მინდა ვუთხრა ყველას: ეს უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს!

მინდა ვუთხრა აფხაზეთიდან დევნილ ხუთასი ათასამდე მოსახლეს - ეს უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს და თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით საკუთარ სახლებში!

მინდა ვუთხრა ცხინვალიდან გამოძევებულ ადამიანებს - უსამართლობა ვერ გაიმარჯვებს, თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით თქვენს ფუძეზე! ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად უსამართლობას ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლით, ერთად დგომით, სიმშვიდით, სიმტკიცით, დემოკრატიითა და თავისუფლებით გავაძევებთ.

ვისაც თავისუფლების ისე ეშინია, როგორც შავი ჭირის, ვისაც თავისუფლების მოყვარე ერების დამონება სურს, ვისაც უნდა, რომ საქართველოსა და ევროპაში ბერლინის ახალი კედელი აღმართოს, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, ახალი კედლები საქართველოში ვერ აღიმართება!

ჩვენ დავდგებით ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვერავინ არ დააბრუნოს საქართველო და ევროპა უკუნეთში, ძალადობის ეპოქაში და იქ, საიდანაც თავი დავიძვრინეთ.

ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე!

ქართველი ხალხი ჩაჭიდებს ხელს მსოფლიოს ხალხს და მათთან ერთად აუცილებლად გავა სამშვიდობოზე.

მინდა მივესალმო ჩვენს გვერდით მდგომ ხალხს - უკრაინელებს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის კავშირს, საფრანგეთს, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარეა, გერმანიას, რომლიც კანცლერიც ჩამოვიდა და თავიდანვე დაგვიდგა გვერდზე.

მინდა მივესალმო ყველას, ვინც დღეს ახლა ქართველებთან ერთად დგას ევროპის მოედნებზე სტოკჰოლმში, მიუნხენში, ბერლინში, ლონდონში, პრაღაში.

მინდა მივესალმო ჩეხოსლოვაკიის ყოფილ პრეზიდენტს, ლეგენდარულ ვაცლავ ჰაველს, რომელმაც სოლიდარობა გამოგვიცხადა. ის, რაც მან დაიწყო, ჩვენ საქართველოში გავაგრძელეთ და ამ დროშებს ჩვენ ყველანი ერთად საქართველოში ავაფრიალებთ.

მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც რუსეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

მინდა ვუთხრა მათ, ნურაფრის ნუ შეეშინდებათ.

თქვენ ხომ ნახეთ, რომ საქართველოს არაფრის არ შეეშინდა - თავისუფლება და საღი აზრი აუცილებლად გაიმარჯვებს.

საქართველო არავის არ ემტერება, მათ შორის, არც რუს ხალხს.

ჩვენ მხოლოდ მათი მტრები ვიქნებით, ვინც ჩვენს საზღვრებზე გადმოვა, ქალაქებს დაგვიბომბავს, ფეხქვეშ გათელავს ჩვენს ღირსებას და თავისუფლების პრინციპს. ჩვენ მხოლოდ ამ ხალხს დავუპირისპირდებით და გაუვუძალიანდებით.

ვიდრე ერთი ოკუპანტი მაინც არის ფსოუსა და როკის გვირაბის აქეთ, ვიდრე ჩვენს ხალხს არ უშვებენ საკუთარ სახლებში, ვიდრე ადამიანებს აპატიმრებენ, კლავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, საქართველო არ შეწყვეტს წინააღმდეგობას და არ დაკეცავს თავის ამაყ, ხუთჯვრიან დროშას.

ჩვენ გავაგძელებთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას ჩვენს ქალაქებში, სოფლებში, ქუჩებში.

დავდგებით ერთად და ვიტყვით - ძალადობა და იმპერიალიზმი ვერ გაიმარჯვებს!

საბოლოოდ, თავისუფლების შეურაცხყოფა შეწყდება.

ჩვენი ღირსება ფეხქვეშ არ გაითელება, ჩვენი დროშა, რომელიც ასევე ევროპის დროშაა, ჩვენი ისტორიული, საამაყო ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც დღეს მსოფლიოსათვის თავისუფლების, გაუტეხელობისა და ერთად დგომის სიმბოლოა, მარადიულად იფრიალებს და ყოველთვის აღუდგება წინ ძალადობას, თავისუფლების მოწინააღმდეგეს და იმათ, ვისაც დანარჩენი მსოფლიოს დამორჩილება და ფეხქვეშ გათელვა სურს.

საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც ეთნიკური ჯგუფების დაფასება არ იცის.

ჩვენი სიმდიდრე ჩვენს მრავალეთნიკურობაშია.

ჩვენი სიმდიდრე ისაა, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი სინაგოგაში, მეჩეთში დადიოდა და, რა თქმა უნდა, ლოცულობდა ეკლესიაში.

ჩვენ მრავალი წელია ვლოცულობთ ეკლესიებში, მრავალი საუკუნეა დავდივართ სინაგოგასა და მეჩეთში. უკვე მრავალი საუკუნეა, რაც სხვადასხვა ენებსა და დიალექტებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ამის მიუხედავად, უკვე მრავალი ათასი წელია ქართველი ერი არსებობს, როგორც ერთიანი წარმონაქმნი და ერთობა. დღეს ეს ერი ერთად დგას მთელი მსოფლიოს დასანახად, ითხოვს მსოფლიოს თანადგომასა და დახმარებას.

მაშინ, როდესაც ყველა ეთნიური წარმომავლობისა და აღმსარებლობის ადამიანი იკრიბება, როცა ჩვენი წარსული და აწმყო ერთდება მომავლისაკენ წასასვლელად, როცა ჩვენი ეროვნული სული აღორძინებულია როგორც არასდროს, როცა ჩვენი ერთიანობა სამაგალითოა მთელი მსოფლიოსათვის, ყველას შეგვიძლია ვუთხრათ -საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას ერთიანობისათვის!

საქართველო არასდროს აღარ დაიჩოქებს, წელში გაიმართება და შექმნის ძალიან ლამაზ, წარმატებულ, ერთიან ქვეყანას და საქართველო და მისი მრავალეთნიკური ერი აუცილებლად გაიმარჯვებს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან - ევროპასთან ერთად.

მინდა მივესალმო ჩვენს მებრძოლებს!

მინდა მივესალმო ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს!

ჩვენ არ ვიყოფით ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებად, ჩვენ არ ვიყოფით მთავრობად და ოპოზიციად, ჩვენ არ ვიყოფით სისხლის ჯგუფების მიხედვით - ჩვენ ყველას ერთი გული გვიძგერს, ჩვენ ყველას ერთი სურვილი გვკლავს - ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს მივცეთ მომავალი მშვიდობიანი ქვეყანაში, ვიცხოვროთ ადამიანურ პირობებში, მოგვცენ განვითარების საშუალება, მოვახდინოთ ინტეგრაცია ევროპაში, რაზეც ასე ვოცნებობდით.

ჩვენ ვერავინ ვეღარ დაგვაბრუნებს უკან!

ჩვენ ყველანი დავდგებით ერთად, ყველანი ვიქნებით ძლიერად, ყველანი ვიქნებით წარმატებული და გამარჯვებული.

გაუმარჯოს ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ, ძლიერ, ევროპულ გამარჯვებულ საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)