Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.01.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა

მოგესალმებით.

ცოტა ხნის წინათ თქვენს კოლეგებთან საუბრის საშუალება მქონდა.

გამაოგნებლად საინტერესო ხალხი მუშაობს თქვენს სისტემაში.

როგორც წესი თქვენთან სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ურთიერთობენ, მაგრამ როდესაც ელაპარაკები სასწრაფოში მომუშავე ხალხს, ხვდები რამდენად დიდი ინტელექტუალური პოტენციალია თქვენ სამსახურში.

საქართველოს ყველაზე გამოცდილი ექიმების თითქმის 100 პროცენტი, რომელიმე ეტაპზე მაინც მუშაობდა სასწრაფოში.

სასწრაფოში დიდხანს მუშაობა, ძალზე ძნელია. ისინი, ვინც ამ სისტემაში 15, 20, 25 წელიწადი გაძლო, ნამდვილი გმირები არიან და საზოგადოების განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებენ.

ასევე ძალიან მიხარია ის, რომ, როგორც მითხრეს, ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა მოდის. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ექიმების ახალი, ნიჭიერი თაობა გავზარდოთ, რასაც ხელს შეუწყობს მათი სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დასაქმება.

ჩვენ, პოლიტიკოსები ხალხს ხშირად სხვადასხვა დაპირებას ვაძლევთ და ჩვენი ოპონენტები და ამომრჩევლები ხშირად გვადანაშაულებენ დაპირებების შეუსრულებლობაში.

ვამაყობ, რომ მე და ჩემს მეგობრებს ფუჭი დაპირება არასოდეს არ მიგვიცია და ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც შევასრულეთ, სწორეს უფასო "03" სამსახურის აღდგენაა საქართველოში.

საარჩევნო დაპირებები მათი შესრულების შემდეგ ყველას ავიწყდება, შესრულებული დაპირება თავადაც მავიწყდება-ხოლმე, მაგრამ არასოდეს მავიწყდება დაპირება, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელია.

იმას გარდა, რომ ეს სამსახური აღვადგინეთ, მე თქვენ დაგპირდით, რომ ჩვენ სულ უფრო მეტ ფულს ჩავდებთ თქვენს ხელფასებში, თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მსოფლიო კრიზისისა და საქართველოში ეკონომიკის ტემპის შენელების მიუხედავად, ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ.

ადრე, თუ დაშავებული ან ცუდადმყოფი ადამიანი თავად არ წამოწევდა თავს და არ იტყოდა, რომ ფული აქვს, შესაძლოა სასწრაფო არც მისულიყო. საქართველოში ასეთი წლებიც იყო.

ასევე იყო წლები, როდესაც 15 ასეთი სამსახური ერთდროულად მუშაობდა და კონკურენცია სუსტად დაფინანსებულ და სუსტად უზრუნველყოფილ სამსახურებს შორის მიმდინარეობდა.

თქვენ მოახერხეთ "03"-ის მონოპოლიის აღდგენა და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს მონოპოლია თქვენს ხელში დარჩეს.

ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ სხვას ვუკრძალავთ რამეს, არამედ იმიტომ, რომ თქვენ უკეთესად უნდა იყოთ აღჭურვილი, უკეთესი აპარატურა და ხელფასები უნდა გქონდეთ.

მიხარია, რომ ავტოპარკი განვაახლეთ - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, პირადად ვზრუნავდი ამ მანქანების ყიდვაზე.

მიხარია, რომ ახალი აპარატურა შემოვიდა, ახალი რაციები გაქვთ; მიხარია რომ თანდათანობით ხელფასებიც გეზრდებათ. ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და ბევრად მეტად უნდა გაიზარდოს.

ალბათ გახსოვთ, შარშან იანვარში ჩვენი შეხვედრისას დაგპირდით, რომ გარკვეული კატეგორიის ექიმებს ხელფასებს გავუზრდიდით, რაც იმ ეტაპისთვის უკვე შევასრულეთ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, სანამ თქვენი შრომა სათანადო დონეზე იქნება დაფასებული.

მინდა დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ საზოგადოებას თქვენს მიმართ განსაკუთრებულად დიდი ნდობა აქვს.

საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევის მიხედვით, თქვენ დიდი ავტორიტეტი გაქვთ.

ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ ამ სამსახურის "უფასოობა", საქართველოში ფუნქციონირებს.

ეს ჩვენი ერთობლივი სოციალური პოლიტიკის დიდი მიღწევაა.

მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ და ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე იმ გმირობისთვის, რომელიც აგვისტოში, მტრის შემოჭრისას გამოიჩინეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ტყვიავის, ქარელის, გორის რაიონისა და თბილისიდან გაგზავნილ ბრიგადებს, რომლებმაც დაბომბვების დროს, ტყვიების ქვეშ მრავალი ადამიანი გადაარჩინეს.

ეს ადამიანები მედლებსაც იმსახურებენ, ორდენებსაც, მატერილურ წახალისებასაც, მაგრამ რაც მთავარია - გულწრფელ, ადამიანურ მადლობას თითოეული ჩვენგანის მხრიდან.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას გავაგრძელებთ.

ამავე დროს, უნდა ითქვას ისიც, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური ვერ დარჩება იმ კრიზისებისა და გამოწვევების მიღმა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და, პრინციპში, მთელი მსოფლიო დგას.

საქართველო დიდი ეროვნული გამოწვევების წინაშე დგას.

ერთ-ერთი უმთავრესი, მსოფლიო ეკონომკური კრიზისისა და ომის ფონზე, არის ის, რომ ბევრი ქართველი უმუშევარია.

ჩვენი პასუხისმგებლობა და მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენი ძალისხმევა, მთელი ჩვენი ენერგია, საქართველოში უმუშევრობის პრობლემის დაძლევას და ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას მოვახმაროთ.

ეს არ იქნება ადვილი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ბრძოლის მოგება.

ამ ბრძოლის მოგება ჩვენ შეგვიძლია ერთიანობის, პოლიტიკური სტაბილურობის და მოთმინების პირობებში.

ჩვენ უკვე 5 პროცენტით შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი, რაც, გარკვეულწილად, თქვენს ხელფასებზეც აისახა და დავიწყეთ პენსიების და შემწეობების ზრდა.

გადავდგით ნაბიჯები იმისათვის, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი ფული ჩაიდოს.

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ბიუჯეტის დაბალანსება.

რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია და ჩვენს ხალხს უფრო მეტი უნდა გავუკეთოთ, თუმცა სოციალური ძვრები მაინც არის.

ჩვენ შევასრულებთ ჩვენს პროგრამას.

ახლა ვიწყებთ 4-პუნქტიანი გეგმების განხორციელებას, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების ახალ პროგრამებს ითვალისწინებს; უფრო მეტი იაფი კრედიტის გაცემას მცირე მეწარმეებზე; ჩვენ ვაპირებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სამუშაო ადგილების შესაქმნელად მთელი საქართველოს მასშტაბით; ეკონომიკის სტიმულირების ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს; აქედან, მილიარდი ლარის სამუშაოებზე ტენდეტებს გამოცხადებას, რაც ხელს შეუწყობს ძველი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; ახალი შეკვეთების მიღებას კომპანიებისთვის.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მხოლოდ ამ ტენდერების საფუძველზე 25 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც საშუალებას მოგვცემს თუნდაც ნაწილობრივ ავიცილოთ თავიდან მიმდინარე სამუშაო ადგილების დაკარგვა, რაც დიდი ტრაგედია იქნება განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ და, რა თქმა უნდა, მთლიანად ქართული სახელმწიფოსათვის.

ამავე დროს, ჩვენ, სახელმწიფო აპარატმა - პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მერიამ, გამგეობებმა, უნდა ვიგრძნოთ, რომ ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის პერიოდია. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვიჭიროთ ქამრები და ადმინისტრაციული ხარჯები, მინიმუმ, 10 პროცენტით შევამციროთ.

დაზოგილი ფული უნდა დაიხარჯოს ეკონომიკის სტიმულაციისთვის და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.

ანტიკორუფციული საქმიანობა მთელი მაშტაბით უნდა განვაახლოთ, რადგან ამ მხრივ, სახელმწიფო აპარატის შიგნით კიდევ არის რეზერვები. თქვენ ტელევიზიითაც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ.

სამუშაო ადგილების შექმნით ჩვენ გავაძლიერებთ დემოკრატიას, პარლამენტის როლის გასაზრდელად ვიმუშავებთ საპარლამენტო ოპოზიციასთან, ვიმუშავებთ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის და უფრო ღია, მრავალფეროვანი და საინტერესო მედიის არსებობისთვის.

ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია იმისა, რაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ არა დაპირისპირებით, არამედ ერთიანი ძალებით, დავძლევთ უმუშევრობას, ამ დიდი გამოწვევას და შევძლებთ ახალი საქართველოს ავაშენებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულს.

მუდმივად ვადევნებ თვალს თქვენს საქმიანობას და მოხიბლული ვარ თქვენი განსაკუთრებული ნიჭითა და შრომის უნარით. ამ სამსახურს მართლაც განსაკუთრებული თანამშრომლები ჰყავს.

მსურს თანადგომა და მხარდაჭერა აღგითქვათ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)