Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.03.2009
საქართველოს პრეზიდენტი დაღუპული მებრძოლების ოჯახებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესრულების დღეა.

მე და დავით ბაქრაძე ბოლო კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვთათბირობდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპული ჩვენი გმირებისა და ოჯახების დასახმარებლად.

რამოდენიმე დღის წინ ვიყავი ლერი ლაგურაშვილის ოჯახში, მე მივედი ამ ოჯახის გასამხნევებლად, თუმცა ამ ოჯახიდან თავად წამოვედი გამხნევებული. ვნახე ლერი ლაგურაშვილის მამა - თენგიზი, რომელმაც შექმნა პატრიოტული ორგანიზაცია, რომლის მიზანი ახალგაზრდების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაა. ვნახე მისი ძმები ლექსო და ლევანი, რომლებიც განაგრძობენ შეიარაღებულ ძალებში ბრძოლას, ისინიც საკუთარი ძმის გვერდით იმყოფებოდნენ, როდესაც ის დაიღუპა. ვნახე ქალბატონი დალი, რომელმაც თავად გამამხნევა ჯერ მე, შემდეგ კი მთელი საქართველო. ამ ოჯახის ნახვისას, შეუძლებელია არ გაგახსენდეს 9 ძმა ხერხეულიძე.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ვახტანგ გზირიშვილზე, მისი მამა აფზაზეთის ომში დაიღუპა, შემდგომში უკვე 18 წლის ვახტანგი ჩაირიცხა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ისიც დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან. მისმა დედამ დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი საკუთარი და დაღუპული მეგობრების დასახმარებლად. მისმა დამ გადაწყვიტა შეიარაღებულ ძალებში სამსახური და ჩადგა თავისი დაღუპული ძმის ნაცვლად ქვეყნის სამსახურში. მამა დაიღუპა, ძმა დაიღუპა, მაგრამ დაც მაინც დადგა ქვეყნის სამსახურში.

პოლკოვნიკმა დავით ელიზბარაშვილმა სოფელ ხვენისთან რუსების ტანკების გასაჩერებლად მიიტანა ნაღმები და ემსხვერპლა დიდი კოლონის გაჩერებას. მისმა მეუღლემ ქეთევანმა დაიწყო შეიარარებულ ძალებში მუშაობა.

რომელაშვილების ოჯახი იყო სამაჩაბლოდან დევნილი.გელა რომელაშვილმა პირველმა გაარღვია ტანკსაწინააღმდეგო ბარიერები, პირველი შევიდა სატანკო ბრძოლაში და მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა მისი ქალიშვილი.გიორგი კირაკოზიშვილის მეუღლე თავდაცვის სამინისტროში წავიდა სამუშაოდ.

გუშინ მქონდა საშუალება შევხვედროდი რამოდენიმე მათგანს და მადლობა მეთქვა მათთვის.

რამოდენიმე დღის წინ ბატონ თენგიზ ლაგურაშვილს ვკითხე, რა ჭირდებოდათ მათ დახმარების სახით სახელმწიფოსგან , მან მითხრა, რომ არაფერი არ ჭირდებოდათ.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ახალ მშენებარე სახლებში, იმ ხალხმა, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს დედაქალაქი, ამ ხალხის 80 პროცენტი არ არის თბილისელი, მაგრამ იმის გამო , რომ დრეს თბილისი ფეხზე დგას, ამ ადამიანების დამსახურებაა და სწორედ ამიტომ მათი ოჯახები იმსახურებენ იმას, რომ მათ ჰქონდეთ ბინა თბილისში.

ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ თავდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად. ამ გადაწყვეტილებას დღეს ვასრულებთ.

ერი დაუმარცხებელია მანამ, სანამ მას ისეთი შვილები ჰყავს, როგორებიც თქვენმა ოჯახებში გაიზარდნენ.

საქართველო დიდი გმირების პატარა ქვეყანაა. ეს პატარა ქვეყანა ისტორიას შემორჩა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ამ პატარა მიწის დასაცავად ულევი გმირები გვყავდა. ამ ბიჭებს ძალიან უყვარდათ სიცოცხლე. რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა ის, რომ მათი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას შეეწირა.

სიამოვნებით დავიკავებდი მათ ადგილს, ჩემთვისაც დიდი პრივილეგია იქნებოდა საკუთარი ქვეყნისთვის თავის გაწირვა, ჩავმდგარიყავი იმ წამებულთა რიცხვში, რომლებმაც თავი დადეს საკუთარი ქვეყნისათვის.

ჩვენ გავბედეთ ის, რაც ვერ გაბედა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. იმ ტანკებმა, რომელიც საქართველოში შემოვიდა, თავისუფლად, წინააღმდეგობის გარეშე აიღეს ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ავღანეთი. დღემდე ბევრ ევროპელს არ ესმის როგორ შეეძლოთ აზრის გავლებაც იმის შესახებ, რომ დამოუკიდებლობისათვის ღირს ბრძოლა ორასი თვითმფრინავის, სამასი ტანკის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ რომ არ გვქონდეს ბრძოლის ჟინი და უნარი, აქამდე ვერ ვიარსებებდით.

დღეს ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისათვის. ჩვენი უზარმაზარი ფასეულობა - მშვიდობა, ვერაფერმა დაარღვია. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით შიდა და საგარეო მშვოდობის ფასი. მინდა გვესმოდეს, მას შემდეგ, რაც ბევრი ეკონომიკური პროცესი განვითარდა, გვაქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, მთლიანად შეიცვალა ვითარება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ალბათობა ომის განახლების შემცირებულია, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის აბსოლუტური გარანტია არ არსებობს.

ჩვენმა არაკეთილმოსურნემ იცის, რომ ციხე შიგნიდან ტყდება, საქართველოს დაჩოქება შეუძლებელია, თუ საქართველო ერთიანი და სტაბილურია. რამდენიმე მიზეზის გამო გაჩერდა მტერი საქართველოს მისადგომებთან. როცა მე მივმართავდი მოსახლეობას 11 აგვისტოს, ზუსტად ვიცოდი, რომ ყველა გენერალს ჰქონდა მითითება თბილისისაკენ წამოსვლის. ჩვენ არ გვინდოდა პანიკის შექმნა.

თუ არა ჩვენი გმირების რამდენიმედღიანი თავგანწირული ბრძოლა, არ შეჩერდებოდა მტერი. როგორც სამასმა არაგველმა შეაჩერა მტერი, ისე ჩვენმა ჯარმა შეაჩერა ათჯერ და ოცჯერ მეტი რაოდენობის ტექნიკა. თუ არა ჩვენი საზოგადოების თავდადება, როცა თბილისის ცენტრში ბომბების საფრთხის ქვეშ ფეხი არ მოიცვალა და დაანახა მსოფლიოს ერთიანობა; თუ არა მთავრობა, განსხვავებით 1921 წლისა, არა მხოლოდ არ გაქცეულა, არამედ დარჩა ბოლომდე და არ აჩვენა მტერს ზურგი.

5 ევროპელი ლიდერი ჩამოვიდა და დადგა ჩვენს გვერდით. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ითხოვდნენ კარვების გაშლას ჩვენს ხიდებზე, აეროპორტებში, რათა რუსებს სცოდნოდათ, რომ ბომბავდნენ უცხოელ მინისტრებს. საქართველოსკენ დაიძრა ამერიკის მეექვსე ფლოტი და ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირი, ღია, უპრეცენდენტო გაფრთხილება გააკეთა. 1961 წლის შემდეგ ამერიკასა და რუსეთს შორის ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა. რომ არა ყოველივე ეს, საქართველო დამოუკიდებელი აღარ იქნებოდა და ჩვენ ჩვენს დედაქალაქში თავისუფლებით ვერ ვისარგებლებდით. ეს არის მაგალით მომავლისთვისაც. თუ ჩვენ ვიქნებით სტაბილურები, ერთიანები და შეკავშირებულები მთავარი იდეების წინააღმდეგ, გამოვრიცხავ ვინმემ გაბედოს ამ მშვიდობის შერყევა.

ჩვენ გვინდა თანამშრომლობა ყველასთან.

ჩვენი მთავარი პატივისცემა ჩვენი ბიჭების ხსოვნისადმი იქნება ის, რომ საქართველო გახდეს თანამედროვე, წარმატებული ევროპული ქვეყანა. სადაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან საუკეთესო, ევროპულ დაწესებულებებში, სადაც თავისუფლება და დემოკრატია იქნება ისეთივე, როგორიც ევროპაში, სადაც ქალაქები და სოფლები იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე დასავლეთ ევროპაში და სადაც მომავალი იქნება დაცული და გარანტირებული. რასაკვირველია ასეთი ქვეყანა გადაწყვეტს ყველა თავის სტრატეგიულ ამოცანას. ასეთი ქვეყნის ერთიანობას ვერარაფერი დაემუქრება. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოწვევა.

ჩვენ შევძელით ომის შემდგომი პრობლებების გადალახვა, თქვენ იცით, რომ ბევრი წინასწარმეტყველებდა საქართველოს ჩაბნელებას, თუმცა საქართველო არ ჩაბნელებულა. თუ ამ ზამთარს გადავიტანეთ, საქართველო აღარასდროს ჩაბნელდება.

ჩვენ შევინარჩუნეთ ფინანსური სისტემა და ჩვენ სამეზობლოში ყველა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენი ვალუტა სტაბილურია. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ პენსია და ხელფასი დროულად გაიცემა.

რასაკვირველია, არის დიდი ეკონომიკური სიძნელეები. როდესაც ადამიანი უმუშევარია და არ იცის რა უნდა გააკეთოს, ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს.

ომამდე ჩვენ ვვითარდებოდით სწორი გზით. ჩვენ ვერაფერმა ვერ შეგვაფერხა - გამოგვიცხადეს ემბარგო, მაგრამ გავაგრძელეთ განვითარება; ჩაგვიკეტეს ღვინის ბაზარი, მაგრამ უკეთესი რამ მოვახერხეთ; ჩვენი მოქალაქეები თავის ქვეყნიდან გამოყარეს, მაგრამ საქართველომ წინსვლა გააგრძელა; საქართველოში სცადეს შიდა არეულობის გამოწვევა, მაგრამ არ ავარევინეთ და ქართველმა ხალხმა ჩააბარა დემოკრატიული გამოცდა; ჩვენი საზღვრების ჩეკეტვა სცადეს, მაგრამ სხვა ქვეყნებმა გაგვიხსნეს საზღვრები და მაინც მოვახერხეთ ამ ქვეყნებთან უკეთესი ურთიერთობები აგვეწყო; დაბოლოს, დაიწყეს ომი, მაგრამ ამ ომმაც ვერ დაანგრია საქართველო.

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ წარმატებული განვითარების იმ გზას, რომელიც ომამდე გვქონდა. ამას მოთმინება, ერთიანობა, სულგრძელობა, დიალოგი, გამბედაობა და სამშობლოს სიყვარული სჭირდება, ის, რაც თქვენს შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მიწიერი და ზეციური არსებობა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის, საბოლოო ევროპული არჩევანისთვის, ცივილიზებულ ოჯახში დაბრუნებისათვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის და გაერთიანებისთვის.

ჩემო ძვირფასებო, გამოწვევა დიდია, შეიარაღებულ ძალებს დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული ოფიცერი გვყავს. ჩვენ პატარა ჯარი გვყავს, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო.

დღეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ არმიებთან სამხედრო თანამშრომლობის სრულიად სხვა ეტაპზე გადავდივართ. საქართველოს ჯარი გაათმაგებული ძალით მოემზადება, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ამ ურთიერთობას ვაყალიბებთ არა ომისათვის, არამედ იმისათვის, რომ აღარავინ აღარ სცადოს ომი და არეულობა; არა ეკონომიკური ზრდის შეჩერებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს დაცული; რათა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ეს პროცესი შეუქცევადი იყოს.

ჩვენ ამ ამოცანას ბოლომდე მივიყვანთ და ამით ჩვენიქვეყნის სახელმწიფობრიობა საბოლოოდ განმტკიცდება.

მინდა მადლობა გითხრათ არსებობისათვის. ვინ არ გიტრიალათ, რა უცხოური ჯგუფები არ შემოვიდა იმისათვის, რომ დაღუპული მებრძოლების ერთ ოჯახს მაინც დასცდენოდა საყვედური სახელმწიფოს მისამართით. არც ერთმა თქვენგანმა არ უღალატა საკუთარი ოჯახების წევრთა ხსოვნას. ამის სანაცვლოდ, თქვენ არავინ არაფერს დაგპირებიათ. თქვენ შეინარჩუნეთ ღირსება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ოჯახის წევრების გმორობა არ ყოფილა შემთხვევითი. ისინი არიან გმირები, გმირული ოჯახებიდან. ამ სწრაფადგანვითარებად უბანში იმ მოკრძალებული ბინას, რაიმეს სანაცვლოდ კი არ იღებთ, არამედ იმისატვის, რომ საქართველოს სახელმწიფომ ღირსება შეინარჩუნოს.

ჩვენი ღირსების მთავარი საქმეა ის, რომ თქვენი შვილები მუდმივად იყვნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რომ მათ მიიღონ განათლება და ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი გმირების, საქართველოსთვის თავდადებული ადამიანების, ქვეყნის გადასარჩენად დაღუპულ მებრძოლთა ნათელი ხსოვნის წინაშე!

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)