Google+

გამოსვლები და განცხადებები

02.09.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო ''რედისონის'' გახსნას დაესწრო

მოგესალმებით!

დღეს ჩვენი დანაპირების შესრულების დღეა.

ჩვენ დაგპირდით, რომ იმ ადგილას, რომელიც ნგრევის, განადგურების, გაჩანაგების, დამცირების, უპერსპექტივობის, უმომავლობის სომბოლოს წარმოადგენდა, აშენდებოდა ისეთი რამ, რაც საუკეთესოდ წარმოადგენდა ახალი საქართველოს ახალ მომავალზე ორიენტირებულ სახეს.

ამ ადგილას ძველი ინტურისტის სასტუმრო "ივერია" იდგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო იყო საბჭოთა კავშირში, თუმცა ისეთივე უხარისხო, როგორიც ახასიათებდა იმ ქვეყანას, განსაკუთრებით საქართველოში.

მაშინ მსგავსი შენობები უხარისხოდ შენდებოდა, რადგან მასალების უმეტეს ნაწილს იპარავდნენ. შენდებოდა ობიექტი, ხოლო მის გარშემო ამ ობიექტის ცემენტის, ბეტონის თუ სხვა მასალების ხარჯზე აშენებდნენ სახლებს.

ეს იყო სასტუმრო, სადაც ბოლო დროს განთავსებული იყო აფხაზეთიდან გამოდევნილი ხალხი.

ამ საშინელი შესახედაობის მქონე შენობაში, რომელსაც არც ერთი ფანჯარა აღარ ჰქონდა შერჩენილი, მეტი კომფორტი ვირთხებს ჰქონდათ, ვიდრე ადამიანებს.

შევარდნაძის მთავრობამ ამ ხალხისთვის უკეთესი პირობების შექმნის ნაცვლად, 16 მილიონ ლარად, გაღატაკებულ ქვეყანაში, რომლის ბიუჯეტი, თუ არ ვცდები, სულ 160 მილიონი იყო, ბიუჯეტის 10 პროცენტი იმაზე დახარჯა, რომ ამ უბედურების წინ დაედგა დავით აღმაშენებლის 16 მილიონიანი ძეგლი.

ეს იყო ამ ხალხის საბოლოო ირონია და დაცინვა, მით უმეტეს, რომ ეს ძეგლი ზურგშექცევით იდგა ყველაფერდაკარგულ მოსახლეობასთან.

ეს იყო იმ მთავრობის და ჩემი წინამორბედის სიმბოლო, ზოგიერთები კი ცდილობენ, რომ იმ პერიოდში დაგვაბრუნონ.

ეს არის ახალი საქართველოს ერთ-ერთი გამოვლინება და ჩვენი შესრულებული დაპირება. ეს იყო არა მხოლოდ დაპირება, რომელიც მე და ნურსულთან ნაზარბაევმა მოგეცით თქვენ და იმ ხალხს, ვინც აქ ცხოვრობდა ან ვინც აქ იცხოვრებს, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია იმ დაპირებისა, რომელიც შარშან მივეცით ჩვენს ხალხს.

93 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებდნენ ფარულ ომს, რუსეთი იძულებული იყო შემოსულიყო 120 ათასიანი ჯარით საქართველოში. ჩვენ გვბომბავდა 200 თვითმფრინავი, საქართველოში შემოვიდა 2 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა და ყოველივე ამის მთავარი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა იყო.

ვინაიდან იმ დღეებში მტერმა ვერ შეძლო თბილისზე საბოლოო იერიშის მიტანა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის, ერთიანობის, წარმოუდგენელი გმირობის, ერთსულოვნებისა და ამაღლებული პატრიოტული განწყობის გამო (თანაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამოგვიდგა მხარში), განიზრახეს, რომ ქართული ეკონომიკა ქართველების ხელითხვე დაენგრიათ.

როდესაც საქართველოში აღარ შემოვიდოდა ინვესტიციები, ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, ხალხი დაიმშეოდა, ქართველები საკუთარი ხელით წირვას გამოუყვანდნენ სახელმწიფოს.

ყოველივე ამას დაემატა მსოფლიო კრიზისი. ინვესტიციები შეჩერდა მთელ მსოფლიოში.

ხშირად დავდივარ სხვადსხვა ქვეყნებში ინვესტიციების საძებლად, იმისათვის, რომ საქართველოში ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ. ძალიან მდიდარ ქვეყნებშიც მშენებლობები გაჩერებულია და ყველა გეუბნება, რომ ამის გამო ინვესტიციას ვერ ჩადებენ.

შარშან ოქტომბერ-ნოემბერში თითქმის ყველა ქვეყანაში მშენებლობა გაჩერდა იშვიათი გამონაკლისების გარდა. საქართველო ომგადატანილი, ნაწილობრივ ოკუპირებული, ძალიან გაურკვევლ პირობებში მყოფი ქვეყანა, ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იყო.

იმის გამო, რომ წინა წლებში სწორი რეფორმების გატარება შევძელით, არ დავუშვით კომპრომისები და ახლოს არ გავიკარეთ კორუფცია, ჩვენთან მშენებლობა და აღმშენებლობა გრძელდება.

ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ინვესტიციების გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩემს უკან მდგომი ორასი ადამიანი, კიდევ სამ სამუშაო ადგილს ქმნის მომსახურების, ვაჭრობის და ამ ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროებში და მინიმუმ 600 ადამიანი საქმდება. ე.ი. 800 ადამიანი უკვე დასაქმებულია.

რა თქმა უნდა, შესაძლოა, ეს არ არის ძალიან მაღალანაზღაურებადი სამუშაო, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანმა ოჯახი შეინახოს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ აქ მყოფი ახალგაზრდები საღამოს წავიდნენ მეგობრებთან ერთად კინოში, კაფეში, დაისვენონ ზაფხულში, გადადგილდნენ ქვეყნის შიგნით და ზოგჯერ საზღვარგარეთაც, ერთი სიტყვით, ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები და დაეხმარონ ოჯახის სხვა წევრებსაც.

საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაპირება იყო თითოეული თქვენგანისადმი, ვინც დღეს აქ არის დასაქმებული.

ჩვენ ჯერ ჩვენი ყველა დაპირება ვერ შევასრულეთ ასობით ათასი ქართველისადმი, რომელიც დღეს უმუშევარია, მაგრამ მე დღეს მაინც ბედნიერი ვარ, რომ დანაპირები თუნდაც ამ 800 ადამიანის მიმართ შევასრულეთ.

ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია.

ჩემი წინამორბედის მთავრობის დროს საქართველო გაუბედურებული ქვეყანა იყო და ყოველთვის მაღიზიანებდა, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ამ სიტყვებით მოიხსენიებოდა. იმ პერიოდში ვიყავით ღმერთისგან და მსოფლიოსგან დავიწყებული ქვეყანა. დავიწყებული უფრო მსოფლიოსგან ვიყავით, რადგან ბოლოს მაინც გადვრჩით სასწაულებრივად ჩვენი ხალხის ერთობლივი ძალისხმევით.

ჩვენ მართლაც ვიყავით გაღატაკებული, დამშეული, კორუფციით აღსავსე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა.

მინახავს ბევრი ცინიკოსი უცხოელი, ცინიკოსი ჟურნალისტი, რომლებსაც არ უნდათ იმის დაჯერება, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება. ბუნებრივია, პირველი ინსტიქტია, დაწერო, რომ ყველაფერი ცუდად არის. დღეს ამას საქართველოზე ვეღარავინ ვეღარ წერს.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები, მათ შორის ტურიზმის სექტორში.

ალბათ იცით, რომ წელს ბათუმში 400 ათასი დამსვენებელი ჩავიდა. ეს ნიშნავს, რომ წლის დამლევამდე ჩვენ გვეყოლება 550 -600 ათასი დამსვენებელი. ეს თითქმის იმდენივეა, რამდენიც იყო აჭარაში საბჭოთა დროს.

მომავალ წელს საბჭოთა მაჩვენებელს 30 პროცენტით გადავაჭარბებთ. 2012 წელს მარტო აჭარაში იქნება უფრო მეტი დამსვენებელი, ვიდრე საბჭოთა პერიოდში აჭარაში და აფხაზეთში ერთად აღებული იყო. აჭარით არაფერი არ იფარგლება.

ძალიან ვამაყობ აჭარით, ხუთი წლის წინათ ეს ყველაზე მეტად გაუბედურებული მხარე იყო.

როდესაც ერთი წლის წინ ვთქვი,რომ ბათუმისგან ვაქცევთ ბარსელონას და დუბაის, ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს გაეცინა. ამას წინათ ერთი მათგანი ბათუმში იმყოფებოდა და თქვა: "მეგონა, რომ ის იყო ჩემი მეგობარი იდეალისტის ზედმეტი მაღალფარდოვანი გამონათქვამი, მჯეროდა, რომ მას ასე სურდა ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა, უნდა ასე არ იქნება. ახლა რომ ვიყავი ნამდვილად დავიჯერე, რომ ბათუმი უკეთესიც იქნება უახლოეს პერიოდში".

ვინც იქ იყო ყველას შეუძლია იგივე თქვას. ოთხი თვის შემდეგ ჩადით და ნახავთ, რომ ყველაფერი იმასთან უფრო ახლოს იქნება, რაც გვინდოდა.

ყოველივე ეს მარტო აჭარით არ შემოიფარგლება.

როდესაც სიღნაღი გაკეთდა, ყველამ თქვა, რომ ეს იყო ცოტა თეატრალური, ამოგლეჯილი, დღეს იქ მთელი საქართველოდან დადის ხალხი, დადიან უცხოელები და დღეს ის მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. არადა, როცა ჩვენ იქ მშენებლობა დავიწყეთ, სიღნაღი ერთი ჩამოხეულკედლებიანი, დანგრეული საბჭოთა პატარა სოფელი იყო.

გაიხედეთ მცხეთაში. ამას წინათ ვიღაცამ თქვა, რომ მცხეთას იუნესკო აკეთებსო.

ნეტა იუნესკო, ან ვინმე უცხოელი ჩვენს მაგივრად აკეთებდეს რამეს. ნეტავ ჩვენს ნაცვლად ვინმე რაიმეს გამკეთებელი იყოს. მცხეთას ქართული სახელმწიფო იმ მწირი საბიუჯეტო რესურსებით აკეთებს, რომელიც გვაქვს. რამდენიმე თვეში მცხეთა იქნება ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილი თბილისელებისთვის და სტუმრებისთვის. იქ კეთდება ახალი პრომენადები, სახლები და მცხეთა გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი, ისეთი, როგორიც ეკადრება ჩვენი ქვეყნისა და ქრისტიანული სამყაროს უძველეს ცენტრს.

გაიარეთ ძველ თბილისში და ნახეთ იქ რა ხდება.

ისე გავიზარდე, რომ ყოველთვის ვამაყობდი თბილისის სილამაზით. ბოლო წლებში თბილისი ჩვეულებრივ ჩამონგრეულ ბარაკს დაემსგავსა. ძველი თბილისი ისეთივე გახდა, როგორიც ეს სასტუმრო იყო. დღეს თითოეულ მცხოვრებს, რომელიც ძველ თბილისში ცხოვრობს, სახლი უძვირდება ჩვენს მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად მინიმუმ ხუთჯერ. მთავარია, რომ მარკეტინგულად სწორად იყოს ყველაფერი გათვლილი. ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ბევრი პროექტები, რომელიც საქართველოს სხვა კურორტებს შეეხება.

მესტია ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია მსოფლიოში, მთიანი ევროპის ალბათ ყველაზე ლამაზესი ადგილიც. გულწრფელად ვთქვათ,რომ ქართველების უმეტესობა მესტიაში არ ყოფილა.

პირადად მე პირველად მესტიაში დეპუტატობის დროს აღმოვჩნდი, 8-9 წლის წინათ. მესტიაში არ იყო გზა და ყველას არ ჰქონდა შესაძლებლობა 10 საათით ყოველგვარი გარანტიების გარეშე ემგზავრა და უსაფრთხოდ გაევლო გზა.

ჩვენ იქ წესრიგი დავამყარეთ. დღემდე ვიღაცეები ამბობენ, რომ სააკაშვილის მთავრობამ საშინელება ჩაიდინა.

მინდა დავადასტურო, რომ მე გავეცი მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების ბრძანება და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ.

ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც მთელ სვანეთს აკონტროლებდა და ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო გამაგრებული მაღალ კოშკში.

ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან ცეცხლი გახსნეს, შედეგად, ეს კოშკებიც განადგურდა და ბანდიტებიც.

ეს სწორი გადაწყვეტილება იყო - ამით მთელმა სვანეთმა ამოისუნთქა. ვინც უნდა ილაპარაკოს, რომ ეს სისასტიკე იყო, თუმცა ყველა ადამიანი მენანება და არავის არ ვუსურვებ ცუდს. საქართველოში წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება.

ამ საკითხში ჩვენი მხრიდან არც ერთი კომპრომისი არ იქნება დაშვებული.

დღეს მესტიაში შენდება გზა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ბეტონის ტექნოლოგიით, ტურისტი ფოთიდან მესტიაში წლის ნებისმიერ დროს მივა ავტობუსით ორ სააათნახევარში. ეს ნიშნავს, რომ მესტია გახდება ევროპის საუკთესო სათხილამურო და ტურისტული ცენტრი.

ყველაზე საინტერესო საზაფხულო სათხილამურო ტრასა ევროპაში არის მესტიაში. ვაკეთებთ საბაგიროებს, მოხდება მესტიის სიღნაღიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ აღდგება ყველაფერი, გაკეთდება ახალი ძალიან ლამაზი სასტუმროები, ყველაფერი გადანათდება, ეს იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი.

ასევე რაჭველებს დავპირდი და ამ დაპირებას ვასრულებთ - როგორიც მსოფლიო კრიზისიც არ უნდა იყოს, უკვე გავაკეთეთ პატრიოტთა ბანაკი, დავიწყებთ შაორის განვითარებას, შაორი იქნება ასევე საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი საზაფხულო კურორტი. რაჭაშიც ვითარდება მთელი ინფრასტრუქტურა.

ჩვენ დავიწყეთ სათაფლიის აღდგენა, ვაკეთებთ ძალიან დიდი მღვიმის გამოკვლევას და აღდგენას ყუმისთავში. იმერეთის მთელი კომპლექსი - დაწყებული ვანის სამარხებიდან, რომელიც ევროპაში უნიკალურია და დამთავრებული უნიკალური სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, დინოზავრების ნაკვალევით, წყალტუბოთი. აღდგენა მომავალ წელს დაიწყება და იმერეთში ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ კომპლექსს მივიღებთ, რომელიც დაასაქმებს ათეულთასობით მცხოვრებს.

კახეთი, რა თქმა უნდა, მხოლოდ სიღნაღი არ არის. გომბორის გზა, რომელიც თელავში გაგვყავს, პრაქტიკულად 50 წუთის სავალზე ორჯერ დაამოკლებს თელავიდან თბილისამდე სავალ გზას. ეს ნიშნავს, რომ ის პოტენციალი, რომელიც კახეთს აქვს ტურიზმის კუთხით, რატომღაც საბჭოთა კავშირის დროს ტაბუდადებული იყო. კახეთი საბჭოთა კავშირის დროს "მეწველი ძროხა" იყო - უნდა ჩაებარებინათ მილიონი ტონა ყურძენი იმისთვის, რომ შევარდანძეს სოციალისტური შრომის გმირობა მიეღო.

კახეთის გამოსასვლელთან პოსტები იდგა, რათა იქიდან ერთი კილოგრამი ყურძენი არ გამოგეტანა. მახსოვს, პატარა ვიყავი, ჩემს ნათესავებთან ერთად მოვდიოდი, როცა ჩვენი მანქანა გააჩერეს, საბარგული გაგვახსნევინეს და ჩხრეკდნენ, ხომ არ მოგვქონდა ერთი მტევანი ყურძენიც კი.

ტურისტები კახეთში მისაღები არ იყო - მხოლოდ თელავში იყო ერთი სასტუმრო.

გომბორის გზასთან ერთად კახეთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრი გახდება სიღნაღის პარალელურად.

მოგახსენებთ გუდაურზე, სადაც ვაკეთებთ ახალ საბაგირო გზებს და ვანვითარებთ იქაურობას.

თანამდებობის პირების სიხარბემ ძალიან გააფუჭა გუდაურის ლანდშაფტი და ჩვენ დავიწყეთ წესრიგის დამყარება. არ შეიძლება, ნაჩქარევად ააშენო საკუთარი თავისთვის უგემოვნო სახლი და ამით გაანადგურო საქართველოს სათხილამურო კურორტის ლანდშაფტი.

ჩვენ იქაურობას ვანვითარებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ გუდაური აღარ იქნება ერთადერთი ქართული სათხილამურო კურორტი.

ფარავნის ტბაზე აშენდება ყველაზე საუკეთესო სპორტული კურორტი საქართველოში. ეს გზა მთავრდება მომავალი წლის გაზაფხულზე და მაშინვე ვიწყებთ ახალი კურორტის განვითარებას ჯავახეთში.

აჭარაში გაგვყავს გზა, გაზაფხულზე იწყება გზის მშენებლობა ჯავახეთიდან. ჯავახეთის მხარეს ბათუმიდან საათსა და 15 წუთის სავალზე ავაშენებთ გუდაურზე უფრო დიდ კურორტს.

ამაზე უკვე ვმუშაობთ სპეციალისტებთან ერთად. საქართველოს ეს კურორტიც დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარას ზამთარშიც ექნება ტურისტული ფუნქცია სამთო-სათხილამურო კუთხით.

რამდენიმე დღის წინ ანაკლიის და ზუგდიდის მოსახლეობას პირობა მივეცი, რომ იქაურობასაც აღვადგენთ. მათ მართლა გმირობა ჩაიდინეს ბოლო კვირების განმავლობაში. სიმწრით ნაშოვნი ფულით ნაკეთები ტურისტული ობიექტები ოკუპანტებმა ერთ დღეში გაგვინადგურეს, მოსახლეობამ კი, როგორც კი ნებართვა მივეცით, ორ კვირაში აღადგინა ეს სასწაული და ბევრად უკეთესი გააკეთა.

მომავალ წელს ანაკლიაში გაშენდება საქართველოს საუკეთესო საზღვაო კურორტი.

იქ ყველაზე კარგი კლიმატია საქართველოში საზღვაო ტურიზმის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ 3 წელიწადში მინიმუმ ერთი მილიონი ქართველი დაისვენებს ზღვაზე.

ტურისტებს აფხაზეთშიც უნდა შეეძლოთ წასვლა, მაგრამ მათ წასასვლელი უნდა ჰქონდეთ დანარჩენ სანაპიროზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს კურორტიც ავაღორძინოთ.

ანაკლიის კურორტის დასრულება ნიშნავს იმას, რომ ის ავტობანი, რომელიც თბილისიდან დასავლეთში მიდის, გაივლის სამეგრელოში.

თბილისი-ბათუმის გზის დაფარვას 2012 წლისთვის შევძლებთ2 საათსა და 40 წუთში. თბილის-ბათუმის რკინიგზა 2012 წელს მაქსიმუმ სამი საათში ჩაგვიყვანს აჭარაში. ეს უკვე დაწყებულია და აუცილებლად დასრულდება დათქმულ ვადებში.

ალბათ, ბევრმა თბილისელმა, აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრმა და სტუმრებმა შენიშნეს, რომ გორიდან თითქმის ახალი გზით წამოვიდნენ. არცთუ დიდი ხნის წინათ ეს ყველაზე რთული მონაკვეთი იყო. იყო საშიში ადგილები, ერთ-ერთ მათგანს ერქვა "სიდედრის ენა", სადაც ასეულობით და ათასეულობით ადამიანი იყო დაღუპული. იყო ბევრი სხვა ადგილი, სადაც როგორც წესი საშინელი ავარიები ხდებოდა.

ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

ახლა ვიწყებთ რიკოთის გვირაბის აღდგენას და ესეც გაზაფხულზე დასრულდება. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე გვირაბი, რომელიც ოდესმე გაკეთებულა საქართველოში.თბილისიდან გასასვლელში შედარებით ძველებური ტექნოლოგიის გზაა, ბოლო რაც გაკეთდა ეს არის ევროპაში საუკეთესო ტექნოლოგია. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ და ვიხვეწებით.

საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, გზების განათების სიგრძით ბელგიის შემდეგ. ჩვენთან დაახლოებით 500 კილომეტრი გზა იქნება განათებული. ბელგიაში დაახლოებით 1000 კილომეტრია, მაგრამ არც ერთი სხვა ევროპული ქვეყანა გზების განათების მხრივ ახლოს ვერ მოვა საქართველოსთან.

განათებული გზა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის. ეს არის მრავალი ათასი ქართველის, თანამემამულისა და სტუმრის სიცოცხლის გადარჩენის გარანტი. რასაც მე ვყვები, არც პროჟექტებია და არც ფუჭი დაპირებები. ყველაფერი პატარიდან იწყება, შემდეგ გადავდივართ უფრო დიდზე.

ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ საქართველო იქცეს ას პროცენტიანი დასაქმების ქვეყანად. ეს არის ინფრასტრუქტურა.

ჩვენ გზა გამოგვყავს ჩინეთიდან ევროპაში, ჩვენი რკინიგზა უერთდება ევროპულ რკინიგზას, იმის გამო რომ ჩრდილოეთიდან რუსეთმა გადაკეტა.

გაგვყავს გზები იქ, სადაც არასდროს არ იყო. მაგალითად, დავავალე, რომ შევისწავლოთ გვირაბის შესაძლებლობა ჭიათურიდან რაჭაში, რათა რაჭა მაქსიმუმ ორ საათ სავალზე რომ იყოს ჭიათურიდან. გაგვყავს ბევრი სხვა გზა, რომლის ჩანაფიქრიც კი ადრე წარმოუდგენელი იყო.

თბილისის გზები, რომელიც ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, განტვირთავს მოძრაობას აღმოსავლეთში. დედაქალაქის გავლისას 50 წუთს დავზოგავთ.

ასევე მნიშვნელოვანია ახალი აეროპორტები, თბილისის აეროპორტი.

საქმის ერთ გამკეთებელზე ყოველთვის ბევრი კრიტიკოსი მოდის. თბილისი აეროპორტს სახურავი რომ აძვრა, ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.

პარიზში შარლ დე გოლის ახალი ტერმინალი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა გახსნა, მთლიანად ჩამოინგრა და 30 ადამიანი მოკლა. ინგლისში დაახლოებით იგივე მოხდა...

არ ვამბობ, რომ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ჩვენი შენობები არავის არ კლავს, მაგრამ ასეთი რამეები ხდება-ხოლმე.

აღმშენებლობის გაჩერება არც ერთ წუთით არ შეიძლება.

თბილისის აეროპორტი ყველაზე თანამედროვე ტერმინალია, რომელიც მინახავს აღმოსავლეთ ევროპაში. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რომ როდესღაც, სადღაც, რომელიღაც ხვრელი გაჩნდა.

ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბათუმში ხუთ თვეში აშენდა აეროპორტი და არ მინახავს ადგილი მსოფლიოში, სადაც ხუთ თვეში აეროპორტი აშენდა.

როდესაც ესპანელი არქიტექტორები ბათუმის ახალ ბულვარს გვიგეგმარებდნენ, მათი ვადა ერთი წელი იყო. 26 მაისს ავწიე პირველი ქვა, ხოლო 1 აგვისტოს ბულვარი გახსნილად გამოვაცხადე.

თითქოს ეს არაფერია, მაგრამ ასეთი ტემპებით ევროპელები არ აშენებენ. ჩვენ ძალიან დიდი დრო გვაქვს დაკარგული და ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები.

ფოთის ახალი აეროპორტის მშენებლობა დავგეგმეთ და უკვე შენდება უცხოური ინვესტიციით. ეს არის აეროპრტი, რომელიც ყველაზე დიდი იქნება ამიერკვაკასიაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი - ევროპაში არა მარტო მგზავრთა რაოდენობის მხრივ, არამედ სამგზავრო და საბარგო გადაზიდვების მოცულობით.

ჩარტერები,რომლებიც ფოთიდან ევროპამდე იფრენენ, დაახლოებით, სათნახევრიდან 4 საათნახევარი იქნება მიმართულების გათვალისწინებით. ფოთიდან ახალი ავტობანი მივა ბათუმამდე და მხოლოდ 40 წუთის სავალი იქნება, ფოთიდან ანაკლიამდე მხოლოდ 20 წუთი დაგვჭირდება, ფოთიდან ზუგდიდამდე - ოცი წუთი, ფოთიდან ქუთაისამდე კი - 45 წუთი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფოთის აეროპრტი მოემსახურება მთელ დასავლეთ საქართველოს. ფოთიდან მესტიამდე ორსაათნახევარია. ზაფხუში ხალხი ჩამოვა მხოლოდ იმიტომ, რომ მესტია ნახონ და იხილონ ჩვენი მემკვიდრეობა, დატოვონ ძალიან ბევრი ფული და ისრიალონ თხილამურებზე.

ყველაფერი ეს არის ჩვენი ხალხის შემოსავალი.

მინდა გვესმოდეს,რა ორ ხედვაზეა საუბარი.

ერთი ხედვაა, რომ ვთქვათ - ყველაფერი ცუდად არის, რამდენი კილომეტრი გაკეთდა გორამდე, მხოლოდ სამოცი? ეს არის ამ მთავრობის საქმიანობა?

კი მაგრამ, მანამდე რომ 50 წელი საქართველოში ცხოვრობდი და არაფერი არ გაკეთებულა, ეს სამოცი კილომეტრი ასე რატომ გაღიზიანებს.

ის ხომ არ გაღიზიანებდა, არაფერი რომ არ კეთდებოდა.

ბევრი სვამს კითხვას: რა კავშირშია ეკონომიკური ზრდა პოლიტიკურ სტაბილურობასთან? საქართველო ბოლომდე არ გამოსულა კრიზისიდან. ჩვენ გავქვს ეკონომიკური სერიოზული სიძნელეები და ამას არც ვმალავთ. ძალიან ბევრი სამუშაოა გასაწევი, რომ კრიზისი გადავლახოთ.

მეგობრები, ნათესავები, მეზობლები ბევრს გვყავს წასული უცხოეთში და გაიკითხეთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რა მდგომარეობაა.

ყველაზე ადვილად ჯერჯერობით საქართველომ გადაიტანა კრიზისი. როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია; როცა პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით - ააფეთქონ ქვეყანა და მისი ეკონომიკა; როცა ტელევიზიით ამბობ, რომ უნდა მოვკლა ქვეყნის დედაქალაქი; უნდა გადავკეტო გზები და მართლა კეტავ ამ გზებს; კეტავ რკინიგზას; აეროპრტისკენ მიმავალ გზას; როცა ამბობ, რომ მე ყველაფერი უნდა გავაჩერო...

წარმოიდგინეთ, ვარ ბიზნესმენი, მინდა ფულის ჩადება საქართველოში და მაქვს მილიონი დოლარი, ვხედავ ტელევიზორიით გამოსულ კუკავას, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილად, როგორც გპირდებით, ორ კვირაში ავაფეთქებთ საქართველოს. შეიძლება სერიოზული შეხედულება ამ კაცს არ ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ: მოდი ერთი თვე დავიცდი - მართლა რომ ააფეთქოს? არ ჯობს, ეს ფული ჩემოდანში მქონდეს და მე და ჩემმა ცოლ-შვილმა ან წითელი ხიდით ან თბილისის აეროპრტით, ან ბათუმის პორტით საქართველოდან გავაღწიო...

ამ ცდაში დავკარგეთ ჩვენ ბევრი დრო. ამ ცდის გამოა ეს ხალხი 6 თვით უფრო გვიან რომ დასაქმდა.

ამ ცდის გამო ჯერ კიდევ ზოგიერთი მშენებლობა გაჩერებულია თბილისში. ამ ცდის და მუქარის გამო ჯერჯერობით ბევრი პროექტი ჰაერშია გამოკიდებული.

ამის მიუხედვაად და ჩვენი საგარეო მტრების ჯინზე, საქართველო მაინც მიდის წინ.

დღეს მოვყევი ბევრად ვრცელი პროგრამა, ვიდრე ჩვენზე ბევრად მდიდარ ქვეყნებს აქვთ 30 წლის განმავლობაში.

მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დანაპირები ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში დავასრულო. როგორც დაგპირდით, რომ იქნებოდით დასაქმებული, იქნებოდა ბევრი ახალი გზა და შევასრულეთ, ისე შევასრულებთ დანარჩენ დაპირებებს.

ალბანეთი ევროპის შუაგულში მდებარეობს და ჩვენზე მეტად მომარაგების ქვეყანაა, მაგრამ მისი ნახევარი დღესაც ვერ მარაგდება ელექტროენერგიით.

ყველაზე დაბალი ელექტროენერგიის ტარიფები მთელ ევროპაში აქვს საქართველოს. შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს.

ჩვენს დაპირებებს აუცილებლად შევასრულებთ.

არ დამვიწყებია ჩემი მთავარი დაპირება, რომელიც მივეცი იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობდა - ისინი ინვესტორის მიერ გამოყოფილ ერთოთახიან ბინებში კი არ დაბინავდებიან, არამედ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, საიდანაც გამოყარეს. ამას სჭირდება გაძლიერებული, ფეხზე დამდგარი, წელში გამართული საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შენარჩუნება.

ჩემთვის დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ღერძი არის სერვისის ექსპორტი. თითოეული თქვენგანი არის სერვისის ექსპორტიორი. ჩამოდის უცხოელი, მოიხმარს თქვენს მიერ წარმოებულ ექსპორტს, ე.ი ჩვენ რაღაც გაგვაქვს ექსპორტზე. ჩვენ ექსპორტზე შეგვიძლია გავიტანოთ სასტუმრო, ჩვენი ხელოვნება, ექსპორტზე გაგვაქვს ჩვენი გზა, რადგან ამ გზაზე მოძრაობს ტრანზიტული მანქანა და ამაში იხდის ფულს.

საქართველოში შექმნილია ათეულობით საწარმო, რომელთაგან, პრაქტიკულად, ყველა მუშაობს.

ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და ასმაგად გავზარდოთ.

თუ აქამდე გვქონდა კრიზისის გადალახვის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მალე სრულდება, ახლა ვაცხადებთ ეკონომიკის სტიმულირების ახალ გეგმას.

ბოლო ერთ თვეში პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად, აგრესორის მცდელობა ახალი ომი გაეჩაღებინა, ჩაფლავდა.

ჩვენ ახლა გვაქვს შანსი ეკონომიკური ურთიერთობის გარღვევისკენ. ამას სჭირდება გააზრებული პროგრამა, რომელზეც ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს.

უახლოეს დღეებში ჩავაბარებთ ანგარიშს ჩვენს ხალხს.

წინა კვირებში ბევრი ვიარეთ რეგიონებში, ბევრი შეკვეთა მივიღეთ ჩვენი ხალხისგან, გავაცანით როგორ შესრულდა აქამდე ჩვენი დაპირებები და რა გვაქვს კიდევ შესასრულებელი.

ჩვენ უნდა გადავლახოთ კრიზისი, რომელიც დღეს ქართულ ოჯახებს აწუხებს.

საქმე ლაპარაკის ნაცვლად, ამ ლაპარაკს ძალიან ბევრი საქმე მოჰყვება.

თბილისელები იამაყებენ ამ სასტუმროთი, რომელიც განახლებული საქართველოს სიმბოლოა.

გისურვებთ წარმატებას!

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)