Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.09.2009
გარდაბანში საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ელექტროხაზის პრეზენტაცია გაიმართა

მოგესალმებით ყველას!

ამ გამოსვლის დროს, ჩვენ დავაყენებთ ელექტროგადამცემი ხაზის პირველ ანძას.

მინდა გვესმოდეს, რა მნიშვნელობის მოვლენა ხდება დღეს ჩვენს ენერგეტიკაში, ე.ი. თითოეული ქართული ოჯახის ცხოვრებაში.

როდესაც 2006 წლის იანვარში, ჩემთვის არასაიდუმლო,მაგრამ მსოფლიოსთვის იდუმალ გარემოებებში აფეთქდა ელექტროგადამცემი ხაზები რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველოს უდიდესი ნაწილი აბსოლუტურ უკუნში ჩაეფლო. ამას დაემატა ავარია იმერეთის ხაზზე და საქართველო უკიდურესად სუსტ მდგომარეობაში აღმოჩნდა ენერგეტიკული მდგრადობის თვალსაზრისით. ქვეყანა კატასტროფულ ვიტარებაში იმყოფებოდა.

მაშინ მე საკუთარ თავს და ჩვენ ხალხს დავპირდი, რომ აღარასოდეს დავუშვებდით ჩვენი ბავშვების გაყინვას იმის გამო, რომ ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი გაითიშა.

ჩვენ არასდროს მივცემთ საშუალებას ერთ მოთამაშეს ენერგეტიკულ ბაზარზე გვიკარნახოს თამაშის ეკონომიკური და პოლიტიკური პირობები.

ჩვენ არასდროს აღარ დავუშვებთ, რომ საქართველო დამოკიდებული იყოს მხოლოდ ერთ მიმართულებით და მის დამოუკიდებლობას სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

ჩვენ ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს ვასრულებთ - დღეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, იმ რეგიონში, რომელსაც საქართველო მიეკუთვნება, მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქვეყანა იყო ყველაზე უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული თვალსაზრისით.

ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ ძალიან უჭირს და მაგრამ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არავის არ ვაყვედრით.

ჩვენთვის ეს ხაზი არის ჩვენი დაპირების ასრულება, რომელიც ქართველ ხალხს მივეცით - საქართველოს გრძელვადიანი საშუალება ექნება იყოს განათებული, გამთბარი და საკუთარ მომავალში დარწმუნებული.

ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არის არა მარტო სითბო და სინათლე, ეს საწარმოების რაოდენობის გაზრდას და სამუშაო ადგილებს უზრუნველყოფს.

დღეს შევხვდი სპეციალისტებს, რომლებიც ახლაც აქ არიან. მათ მითხრეს, რომ ამ ენერგეტიკული ხაზის მშენებლობაზე ორი ათასი ადამიანი დასაქმდება.

რამდნიმე თვის განმავლობაში ჩვენ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ვიწყებთ.

ხშირად ამბობენ, რომ საქართველო მომსახურების ქვეყანად ვაქციეთ. ეს ძალიან გაუთვითცნობიერებელი და უპასუხისმგებლო ნათქვამია. იტალიაა მომსახურების ქვეყანა თუ საფრანგეთი? ზოგადად, ტურიზმი არის მომსახურების ექსპორტი, ანუ ჩვენი ხალხის შემოქმედებით მომსახურების ექსპორტი.

საქართველო ასევე იქნება პირდაპირი ექსპორტის ქვეყანა, რადგან ჩვენ ვაპირებთ ელექტროენერგიის ექსპორტს, სამრეწველო საქონლის ექსპორტს.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გავხსენით. ამის გაკეთებას ხალხს აპრილში დავპირდით. ახალი იდუსტრიული ზონის პროექტს ჩინელებთან ერთად მოვაწერეთ ხელი.

ორივე პროექტი ქუთაისში, დაახლოებით, 15 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს. მაგალითად, ხარების ღვინის ქარხანამ, რუსეთის ემბარგოს შემდეგ ,უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება განავითარა და ახალ-ახალ ბაზრებზე გადის.

ამ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა პირდაპირკავშირია საწარმოების წარმატებულ ფუნქციონირებასთან.

როდესაც თურქეთში 1000 მეგავატის ექსპორტი შეგვეძლება, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შევძლებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მოვა ახალი ინდუსტრიები, აშენდება ახალი საწარმოები, რადგან გვექნება გარანტირებული დენის წყარო და ელექტროგადამცემი ხაზები ქვეყნის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში გაიშლება ჰიდროელექტრო სადგურების ფართო მშენებლობა, რადგან საქართველო დღეს არსებული ჰიდროპოტენციალის 10 პროცენტზე ნაკლებს იყენებს.

ამ ხაზის გახსნის შემდეგ, მხოლოდ ნამახვანის მშენებლობაზე, რომელიც, პრაქტიკულად, გარანტირებულად მოყვება ამ ხაზს, მომავალი წლიდან 4-5 ათასი ადამიანის დასაქმებას შევძლებთ. ფარავანჰესის მშენებლობაზე დავასაქმებთ რამდენიმე ასეულ ადამიანს, ასევე მტკვარჰესზე და საბოლოოდ ამ მიმართულებით, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს თვეებსა და წლებში 20-30 ათასი კაცი დასაქმდება.

იმ ინდუსტრიებში კი, რომლებიც ამის პარალელურად იქმნება, დამატებით, 50-დან 100 ათასამდე ადამინის დასაქმებას ვგეგმავთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ.

ეს ფანტაზია არ არის - პირადად ვიყავი ქუთაისში, ვნახე დასაქმებული ადამიანები და ვნახე სინათლე მათ თვალებში.

ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, რადგან ყოველთვის მინდა ვთქვა იმაზე ნაკლები, ვიდრე შეიძლება რეალურად იყოს. ეს არც გარანტირებული არ არის, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს სტაბილურობასა და პოლიტიკურ მდგრადობაზე, ასევე იმაზე, რამდენად უნარიანები აღმოვჩნდებით, ვისწავლოთ, გავფართოვდეთ, ვიმუშავოთ და კიდევ უფრო ეფექტიანები გავხდეთ.

საქართველო ბიზნესრეიტინგით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზეა, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო ჰონ-კონგის, სინგაპურის, კანადის, ამერიკის ინგლისის დონეზეა, იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებზე უკეთესად ვცხოვრობთ.

დღეს სამთავრობო პოლიტიკისა და კორუფციის დამარცხების შედეგად, საშუალება გაგვიჩნდა, რომ ძალიან კარგად ვიცხოვროთ და წამყვან ქვეყნებს დავეწიოთ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კარგად ვიმუშვებთ და მოცემულ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ.

შესაძლებლობიდან რეალური ცხოვრების დონემდე გზა იმდენად მოკლე იქნება, რამდენადაც უფრო მეტ ტექნოლოგიას ავითვისებთ, რამდენადაც უკეთ გამოვიყენებთ ჩვენს შიდა უპირატესობებს და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას.

გამოვრიცხავ, რომ ვინმემ რომელიმე ხაზი ჩაგვიჭრას და საქართველო ჩაბნელდეს. ჩვენ ახლა რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი-ირანი-შავი ზღვის რეგიონის ერთიანი ენერგოსისტემის ნაწილი ვხდებით. ამით საქართველო უფრო დაცული იქნება.

პირველი ანძა უკვე დგას.

ეს არის ჩვენი საარჩევნო ლოზუნგის ახალი ვარიაცია - საქმე ლაპარაკის პარალელურად, ანუ ჩვენ ვლაპარაკობდით და საქმე გაკეთდა.

მინდა ჟურნალისტებს ერთი რამ ვთხოვო: როდესაც ამბობენ "სააკაშვილი ხალხს დაპირდა", არასწორია - მე ახლა კი არ ვპირდები, არამედ ვახსენებ, რომელი დაპირება შევასრულეთ.

ლაპარაკის პარალელურად კი საქმე კეთდება.

ეს ერთი და სხვა მრავალი.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)