საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროსოს ერთობლივი პრესკონფერენცია
მიხეილ სააკაშვილი:
ბატონო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო და ევროკავშირის პრეზიდენტო, ბატონო ევროკომისიის პრეზიდენტო, ბატონო სოლანა, ბატონო მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო!
უპირველეს ყოვლისა მსურს მივესალმო საფრანგეთის პრეზიდენტს და ვისარგებლო შემთხვევით და გადმოგცეთ მთელი საქართველოს მადლიერება თქვენი ძალისხმევისათვის, გაბედული ჩარევისათვის, ვიტყოდი ისტორიული ჩარევისათვის, იმ მიზნით, რომ შეგეჩერებინათ ომი, შეგჩერებინათ თავდასხმა, აგრესია, იმისათვის, რომ დაგემყარებინათ მშვიდობა და დაგეცვათ ადამიანის უფლებები ამ დაუნდობელ კონფლიქტში. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის პრეზიდენტია, რომ საფრანგეთს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს, ბატონი სარკოზი.
ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ სარკოზის მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიქებული დოკუმენტი, რომელსაც კონფლიქტის ორივე მხარემ ხელი მოაწერა.
მისი პირობები უნდა გატარდეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.
პრეზიდენტ სარკოზის მიერ 2008 წლის აგვისტოში შეთანხმებული ექვს პუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელებისათვის, ვფიქრობ, ამ საღამოს, წინ გადაიდგა ერთი ნაბიჯი.
პირველ ეტაპზე გამოცხადებული პირობა საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის შესახებ.
ჩვენთვის გამორიცხულია, რომ აქ იყოს სამშვიდობო ძალები, რადგან საქართველოში კლასიკური საოკუპაციო ჯარები დგას და ნაბიჯი წინ, მდგომარეობს იმაში, რომ ეს ძალები გავლენ კონფლიქტის ზონიდან, ეს არის პირველი ნაბიჯი სარკოზის ექვს პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში.
ვფიქრობ, რომ რუსულმა სამხედრო ძალებმა კონფლიქტის დაწყებამდე დაკავებულ პოზიციებისკენ უნდა დაიხიონ.
და ბოლოს, ეს არის მეორე ეტაპი, მათი საბოლოო სრული გაყვანა და მათი ჩანაცვლება ევროპული ძალებით.
ეს არის ის, რაც ჩვენს პრიორიტეტად რჩება, ეს არის ჩვენი მიზანი და რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხზე ერთი აზრის ვართ.
ჩვენ ასევე ვილაპარაკეთ იმ მნიშვნელოვან სამიტზე, რომელიც უნდა მოეწყოს აქ თბილისში, მომავალ თვეში, ამას ბატონი პრეზიდენტი უფრო დეტალურად გაგაცნობთ. და კიდევ, ვისაუბრეთ მთელ იმ დახმარებაზე, რასაც საქართველო მიიღებს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია საუბრის გაგრძელება დევნილების შესახებ, რაც ეთნიკურ ნიშანს ატარებს, რადგან საქართველოში ამ ბოლო კვირების განმავლობაში ეთნიკური წმენდა განხორციელდა.
მაშასადამე აუცილებელია ეთნიკური წმენდისა და საშინელი დანაშაულებების გამოვლენა, არის მსხვერპლი.
ისინი, ვინც დაიღუპნენ, და ისინიც, ვინც ცოცხლები გადარჩნენ ამ დახმარებას საჭიროებენ.
ბატონო პრეზიდენტო, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ის როლი, რომელიც თქვენ იკისრეთ, ემოციებით აღმავსებს.
მსურს მადლობა გადავუხადო თქვენს თანამშრომლებს, მადლობა ვუთხრა ბატონ კუშნერს, ბატონ ბაროსოს, ბატონ სოლანას.
ჩვენ ამ დიდი საქმის მხოლოდ დასაწყისში ვართ. რა თქმა უნდა საქმე ამით არ დამთავრდა, ახლა იწყება ბევრი რამ. უნდა დავიცვათ ექვსპუნქტიანი პრინციპები და ამის შემდეგ გავაგრძელოთ ევროპული პრინციპების გატარება საბოლოო შედეგის მისაღებად, იმისათვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც სამართლიანობის პრინციპი საქართველოში, ამ რეგიონში.
უღრმესი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, ახლა სიტყვას თქვენ გადმოგცემთ.
ნიკოლა სარკოზი:
ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქმე, რომელსაც ვაკეთებთ მხოლოდ ერთიანი ძალებით კეთდება, ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობთ ევროკომისიის პრეზიდენტი, ბატონი ბაროსო, ევროკავშირის საბჭოს უმაღლესი წარმოადგენელი, ბატონ ხავიერ სოლანა და აგრეთვე ბატონი კუშნერი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ხელმძღვანელობს.
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი საქმე არ დაგვისრულებია. ეს რეალობაა.
ჩვენ ეტაპობრივად მივიწევთ წინ. უკანასკნელად აქ რომ ჩამოვედი, (ეს იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად).
ამჯერად იმისათვის ვარ აქ, რომ გაგაცნოთ კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე რუსული სამხედრო ძალების გაყვანის კალენდარი.
აქ ყველაფერი ნათელია, საქმე ეხება 7 აგვისტომდე დაკავებულ პოზიციებს.
რა თქმა უნდა ეს არ არის დასასრული, რადგან ჩვენ შეთანხმებაში ვითვალისწინებთ საერთაშორისო განხილვების დაწყებას 15 ოქტომბრიდან ჟენევაში.
ჩვენს წინ კიდევ ბევრი საქმეა შესასრულებელი.
ბატონო პრეზიდენტო, ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგება მთელი ამ აღდგენითი გზის გასავლელად და დადგება მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მთლიანობის გარანტად.
ჩვენ ბატონ ბაროსოსთან ერთად, ასევე ბატონ სოლანასა და ბატონ კუშნერთან ერთად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ ევროპა ვერ მოახერხებს იყოს ერთიანი პოლიტიკური ძალა, მაშინ ვერავინ შეაჩერებდა ომის ესკალაციას.
მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის საქმე, რაც ჩვენ ბატონ ბაროსოს, ბატონ კუშნერსა და ბატონ სოლანასთან ერთად გავაკეთეთ სრულყოფილიფ. მაგრამ ეს საქმე, რომელმაც შეაჩერა ომი, ათ დღეზე ნაკლებ ვადაში და რომელიც რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის საშუალებას იძლევა ერთ თვეზე ოდნავ მეტ დროში, ვფიქრობ თუ არა ევრო კავშირი, სხვა ძალა ამის განხორციელებას ვერ შეძლებდა.
მესამე დეტალი - აქ რაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ეს ეხმაურება იმ პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის დაარსების სათავეებშია ჩადებული. ეს პრინციპებია: ადამიანის უფლებები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტის დიალოგის საშუალებით მოგვარება, ეს არის ჩვენი პრინციპები.
მინდა აღვნიშნო რომ პატარა საქმე არ იყო ევროპის ერთიანობის შენარჩუნება.
რა პოზიცია დაიჭირა ერთიანმა ევროპამ ? ჩვენ უფლებამოსილი ვართ, მე და ბატონი ბაროსო ეს გითხრათ.
ჩვენ დავგეგმეთ, როგორც მე ეს რამოდენიმე საათის წინ მოსკოვში აღვნიშნე, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის ცალმხრივი აღიარება. ეს ტერიტორიები ქართული მხარის ტერიტორიებია.
არცერთ გაეროს წევრ ქვეყანას არ აქვს უფლება მეზობელი ქვეყნის საზღვრები შეცვალოს. ამგვარად, ბატონო პრეზიდენტო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი და რუსები ამ საკითხზე სხვადასხვა აზრის არიან.
ჩვენ ვეცადეთ თავიდან აგვეშორებინა მეორე ცივი ომის დაწყება.
ამ რეგიონში თქვენ უკვე გამოცადეთ ცივი ომის, ორ ბანაკს შორის დაპირისპირების დამანგრეველი შედეგები, ამან თქვენ თავისუფლება და განვითარება არ მოგიტანათ. ამგვარად, ჩვენ ვარჩიეთ დიალოგი და მტკიცე პოზიციები.
ის, რომ ჩვენ დიალოგს ვანიჭებთ უპირატესობას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მტკიცე პოზიციები არ გვაქვს.
ყველაფერი თავიდანვე ნათელი უნდა იყოს : ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვამზადებთ საქართველოში იმ ძირითადი ქვეყნების მეთაურების შეხვედრას, რომლებიც ეკონომიკურად დაეხმარებიან საქართველოს ფეხზე წამოდგომის საქმეში.
მანამდე კი, ჩატარდება კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
ვნახავთ სად შეიძლება მისი ჩატარება, იმისათვის რომ თავი მოვუყაროთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც დაეხმარებიან საქართველოს. მას შემდეგ, რაც პირველი იმპულსები უკვე გაკეთდა ძირითადი ქვეყნების მეთაურების მიერ.
ქალბატონებო და ბატონებო! მე აღარ გავიმეორებ იმას, რაც მოსკოვში ვთქვი, ევროპა ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც პრეზიდენტ მედვედევთან გავაფორმეთ. და თუ ეს შეთანხმება ისე შესრულდება როგორც მე ამის იმედი მაქვს და მწამს, ჩვენ თავიდან ავიცილებთ დაღუპულებს, სიღარიბესა და ტანჯვას.
ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვაგვარეთ ყველაფერი, ვის ძალუძს პრობლემების ერთ თვეში მოგვარება. მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ მშვიდობის სამსახურში მდგომი ევროკავშირის ნება.
მე მხარს ვუჭერ იმ აზრს, რომ პრობლემის გადასაჭრელად, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ საქართველოში, საჭიროა დიპლომატიასა და პოლიტიკურ დიალოგს მივმართოთ, სამხედრო ძალების გამოყენება არ არის სწორი გამოსავალი.
ჩვენ ვერ დავგმობთ ძალის გამოყენებას ერთ მხარესთან მიმართებაში და მხარს დავუჭერთ მეორე მხარეს იგივე არჩევანის.
ამით მე მსურდა მეთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც მოსკოვში გავაფორმეთ იყო საუკეთესო რისი მიღწევაც შეიძლებოდა.
ამით ყველაფერი არ სრულდება, მაგრამ ჩვენი ბოლო ვიზიტის შემდეგ ბატონ კუშნერთან ერთად, იმედი გაჩნდა.
მინდა გითხრათ, რომ თვე-ნახევრის წინ იმედი ძალიან მცირე იყო. უფრო სწორად თვე-ნახევარზე ნაკლები დროის წინ, ერთ თვეზე ცოტა მეტი დროის წინ.
და ბოლოს, მინდა მადლობა მოგიხადოთ, ბატონო სოლანა, ბატონო ბაროსო, ამ მგზავრობისთვის, საქმისთვის რომელიც ერთად გავაკეთეთ და რომელიც ადასტურებს, რომ ევროპას ძალუძს იყოს ძლიერი მაშინ, როდესაც მასზე პასუხისმგებელი სხვადასხვა ინსტიტუციები ერთ ენაზე საუბრობენ.
ხოსე მანუელ ბაროსო:
ძალიან მოკლედ მოგახენებთ, მხოლოდ რამოდენიმე სიტყვას დავძენ იმას, რაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ევროკავშირის სახელით ბრძანა : რომ საქართველოს მისთვის ამ მძიმე წუთებში შეიძლება ჰქონდეს იმედი ევრო კავშირის სოლიდარობისა და მტკიცე გადაწყვეტილების. ევროკავშირი და მისი ოცდაშვიდი წევრი ქვეყანა, მისი ორგანოები საუბრობენ და მოქმედებენ მტკიცედ, ერთხმად, იქნება ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ ჰუმანიტარული დახმარების სწრაფი გამოგზავნა, ან კიდევ ექვს პუნქტიანი გეგმის სრული განხორციელება.
ეს ის არის, რაც ევროკომისიამ გააკეთა ამ კრიზისის შემდეგ, ფინანსური დახმარების თვასაზრისით.
როგორც ეს პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა ჩვენ ვამზადებთ საერთაშორისო კონფერენციას დამხმარე ქვეყნების მონაწილეობით.
გარდა ამისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი მზად არის გააღრმავოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან.
ეს იყო ჩვენი სამიტის გადაწყვეტილება, პირველ სექტემბერს.
ჩვენი სურვილია საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
თუ ყველა პირობა იქნება შესრულებული, ეს გულისხმობს თავისუფალი გაცვლის ზონის შექმნას, მოკლევადიანი ვიზების გაცემის გამარტივებას და აგრეთვე განმეორებითი მიღების შეთანხმებას.
როგორც ეს პრეზიდენტმა სარკოზიმ აღნიშნა, მოსკოვში დღევანდელი შეხვედრის საფუძველძე ჩვენ დავიცდით, რომ ადგილზე განხორციელებულმა ქმედებებმა ასახოს პრეზიდენტ მედვედევის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.
დასასრულს, უბრალოდ ვიტყოდი, რომ დღეს უნდა გავაკეთოთ არჩევანი.
ეს არის არჩევანი ძველ ევროპას, ბლოკების ევროპასა და მომავლის ევროპას შორის.
ეს არის პარტნიორების ევროპა მშვიდობის სამსახურში, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, წინსვლისა და თავისუფლებისათვის მოღვაწე ევროპა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური