Google+

გამოსვლები და განცხადებები

07.09.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელვაჩაურის რაიონში სამკერვალო ქარხანა გახსნა

მოგესალმებით ყველას!

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ხელვაჩაურისათვის, აჭარისათვის და მთელი საქართველოსათვის.

ჩვენ დღეს კიდევ ერთ, ახალ, თანამედროვე საწარმოს ვქმნით.

ბათუმი თვალსა და ხელს შუა იცვლება.

ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ, შანხაისა და დუბაის გარდა, არ მეგულება მსოფლიოში ქალაქი, რომელიც ასე სწრაფად გაიზარდა.

ბათუმში ძალიან ხშირად ჩამოვდივარ და კვირიდან კვირამდე ამ ქალაქში ახალი სურპრიზი მხვდება.

ბათუმში წელს ორჯერ მეტი ტურისტი ჩამოვიდა. შემდეგი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში კი, აჭარასა და მთელს შავი ზღვის პირეთში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად გაორმაგდება. ამის პირობას მე გაძლევთ, ეს ეფუძნება ჩვენს რეალურ გეგმებს, რომელსაც გადაჭარბებით ვასრულებთ.

ბათუმში დაიწყო სასტუმროების - „შერატონი" და „რედისონი" მშენებლობა, ასევე იწყება სასტუმრო „ჰაიატის" და სხვა ცნობილი ბრენდების სასტუმროების მშენელობაც.

განსახორციელებელია უამრავი სხვა წარმოუდგენელი პროექტები.

ქალაქ ბათუმზე მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორები მუშაობენ. ბათუმი საქართველოს სახეა - ეს არის ქალაქი, რომლითაც ვამაყობთ და მრავალი ასწლეულის განმავლობაში ვიამაყებთ.

განსაკუთრებით იამაყებს დღევანდელი თაობა, რადგან სწორედ ჩვენ შევქმენით ის, რითაც მთელი საქართველო და ბათუმის ყველა სტუმარი ხარობს.

საქართველო დანგრეული და განადგურებული ქვეყანა იყო.

დღეს ნავთობის არამომპოვებულ ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გვაქვს.

2007 წელს 13-15 პროცენტამდე ეკონომიკურ ზრდას უნდა მივაღწიოთ. ეს არის ჩემი დავალება საქართველოს მთავრობისადმი.

ეს იქნება აბსოლუტური რეკორდი ყველა დროის საქართველოს რეგიონისთვის და დღევანდელი მსოფლიოს ქვეყნებისთვისაც.

შარშან ჩვენ ნომერ პირველი რეფორმატორი სახელმწიფო ვიყავით.

ჩვენ დავუსახეთ ჩვენს მთავრობას, რომ ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს თვალსაზრისით საქართველო მსოფლიო ბიზნეს ელიტის პირველ ოცეულში შევიყვანოთ.

მსოფლიოს ბანკის რეიტინგით ჩვენ 134-ე ადგილზე ვიყავით.

ჩვენი დავალებაა შევიდეთ პირველ ოცეულში სინგაპურთან, ახალ ზელანდიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და რამდენიმე სხვა წამყვან სახელმწიფოსთან ერთად.

საქართველო ბიზნესისათვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი ქვეყანა უნდა იყოს.

ჩვენ ამას, ისე როგორც ყველაფერს დანარჩენს, - მივაღწევთ.

საქართველომ განვითარების ტემპების აკრეფა.

მთავარი მიზეზი ამ ეკონომიკური სასწაულის, რომელიც თვალსა და ხელს შუა იზრდება, საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვეტიციებია. წელს, ჩვენ 2 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციას ველით, რაც ჩვენი მსგავსი ქვეყნებისათვის რეოკრდია.

ჩვენი ძალიანი ჩამორჩენილი ქვეყანა ვიყავით, თუმცა ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

მსაყვედურობენ, რომ ძალიან სწრაფად დავდივარ, ჩემმა დაცვამ ამას აუწყო ფეხი, თუმცა უცხოეთში როცა მივდივართ, იქ ძალიან ნერვიულობენ ამაზე. ხშირად მაკრიტიკებენ - სად გარბის ეს ჩვენი პრეზიდენტიო? პრეზიდენტი კი არ გარბის, ქვეყანა გარბის.

ქვეყანას ეჩქარება, იმიტომ რომ ჩამოვრჩით, დავკარგეთ ბევრი დრო, ძალიან ბევრია მოსასწრები.

ჩვენ ყველას დავეწევით, გავუსწრებთ და მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ხაზზე ვიქნებით. ამას ყველანი ერთად მოვესწრებით.

საქართველოს მთავრობის მთავრი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნაა.

ბათუმში და მის შემოგარენში, ამ ქარხნის ჩათვლით, მარტო სამკერვალო წარმოებაში უახლოეს პერიოდში სამი ათასი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება.

მომავალ წელს კი, ბათუმში პირდაპირ წარმოებაში, მე არ შემყავს ამაში მომსახურების სექტორი, ათი ათასამდე დასაქმებული გვეყოლება, რაც ძალიან მაღალი რიცხვია. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ მალე, ჩვენ უმუშევრობის პრობლემა კი არა, მუშახელის არქონის პრობლემა გვექნება.

ამისათვის ჩვენ ვქმნით ტექნიკურ, ე.წ. ამერიკულ სკოლებს, სადაც ყველა სფეროს წარმოებისათვის კვალიფიციურ პერსონალს მოვამზადებთ. მშენებლობისათვის თავისთავად გვჭირდებიან სპეციალისტები.

ამდენ მშენებლობას კვალიფიციური მუშახელის მომზადება დროულად სჭირდება. ჩვენ გარკვეულწილად დავიგვიანეთ კიდეც. რამდენიმე წლის განმავლობაში გვქონდა ჩავარდნა.

პროფესიული სკოლები მოამზადებს ახალ კადრებს, ხოლო ძველ კადრებს გადაამზადებს იმისათვის, რომ მოერგონ თანამედროვე პირობებს და ჰქონდეთ საშუალება ქვეყნის მშენებლობის და საკუთარი თავის რჩენის.

რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებში მშენებლობა და, ზოგადად, მუშაობა რთულია, მაგრამ იმისათვის, რომ გვქონდეს მეტი ხელფასები, ვიყოთ უფრო დაცული, ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებმა უკეთესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება და პროდუქტიული შრომა უნდა ვისწავლოთ, შრომის ნაყოფიერება უნდა ავამაღლოთ. ამ შემთხვევაში მეტი შემოსავალი გვექნება.

ახლა ჩვენ ვქმნით მინიმუმს და შემდეგ ამ ბაზისზე უნდა ავაშენოთ ის მაქსიმუმი, რომელიც მართლაც გაგვიყვანს ძალზე კონკურენტუნარიანი და ტექნოლოგიურად დახვეწილი ქვეყნების პირველ რიგში.

ამისათვის საქართველო უამრავ ფულს დებს განათლებაში.

განათლების რეფორმისა და ინფრასტრუქტურის შექმნის თვალსაზრისით უკვე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

სახელმწიფო თავის ფუნქციას ასრულებს, ჩვენ კი, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ, რომ არა მხოლოდ მინიმუმს მივაღწიოთ და სხვა ქვეყნების ეკონომიკების გაგრძელება ვიყოთ, არამედ შევძლოთ მოწინავე რიგებში ყოფნა.

ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი პროდუქცია გამოვუშვათ შრომის ნაყოფიერება გვქონდეს, რაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობას უფრო მეტს შემატებს ვიდრე ეს რეალურად დღევანდელ დღესაა.

ამისათვის ჩვენ პირველი ნაბიჯები მართლაც ძალიან კარგი გადავდგით.

სამი წლის წინათ, როდესაც პირველად შევხვდი თურქი ბიზნესმენების საკმაოდ მოკრძალებულ ჯგუფს - მათ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა აინტერესებდათ.

მოვისმინე ერთმანეთის მსგავსი ბევრი ისტორია - მოგვატყუეს, გაგვაცურეს, წაგვართვეს, დაგვამცირეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს და უკან ცარიელ-ტარიელი გამოგვიშვეს.

მართლაც ძალიან ბევრი უარყოფითი ისტორია მოვისმინე და მაშინ ამან საკმაოდ დამაფიქრა.

თუმცა, როდესაც შარშან ბიზნესმენების უკვე ბევრად უფრო დიდ ჯგუფს შევხვდი და ჩემთან შეხვედრის ინტერესი უფრო მეტს გაუჩნდა, მაგრამ მათ შორის რამდენიმე ძველ სახესაც მოვკარი თვალი.

სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი არ მესიამოვნა, მეგონა, რომ ისევ პრეტენზიებს მოვისმენდი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ისინი მადლობის სათქმელად იყვნენ მოსული.

თურმე მათ არ სჯეროდათ, რომ ყოველივე ასე სწრაფად გამოსწორდებოდა, მაგრამ პრობლემა აღარაფერში ჰქონდათ.

ბევრმა სხვა ბიზნესმენმა კი წარმოუდგენელი წარმატებისა და მიღწევის მაგალითები მოიყვანეს.

ე.ი. საქართველოში ბოზნესმენებისთვის ოპერირება ძალიან ადვილი, ხელსაყრელი და მომგებიანი გახდა.

ეს არის საქართველოს მთავარი უპირატესობა მთელი რეგიონის მასშტაბით.

უდავია, რომ ეს არის ყოველდღიური ბრძოლა.

მაგალითად საბაჟოს მუშაობა ბევრად უფრო გაუმჯობესდა.

ამ საკითხზე მრავალი წელია ვმუშაობთ, ჯერ-ჯერობით მაინც არის ხარვეზები, მაგრამ ამასაც აღმოვფხვრით.

საოცრად გაუმჯობესდა საგასახადო სამსახურის მუშაობა, ლიცენზირებისა და ნებართვების წესი საგრძნობლად გამარტივდა და, პრაქტიკულად, საქართველოში აღარ არის კორუფცია.

ეს არი ყოველდღიური ხელჩართული ბრძოლის შედეგი და ჩვენ ერთი წუთითაც არ შევასუსტებთ ამ ბრძოლას.

მართალია, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, ხალხის ერთიანობა იმ საკითხში, რომ ჩვენი დისციპლინით, შრომისუნარიანობით გავუსწროთ ბევრ სხვა ქვეყანას.

ამას ვახერხებთ კიდევაც.

ამ ფაბრიკის გახსნა ბათუმის ამ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ გარეუბანში არის იმედის გზავნილი ყველა ადამიანისადმი, ეს არის იმედის გზავნილი დანარჩენი საქართველოსთვის.

აქ გამოუშვებენ მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების პროდუქციას.

ალბათ, გახსოვთ საბჭოთა პერიოდში ბათუმიდან დადიოდნენ მეზღვაურები, რომლებსაც ჰქონდათ ბონები და ჩეკები, მაღაზიებში უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქციაზე იდგა გრძელი რიგები.

ტანსაცმელი ახლობლებისთვის უცხოეთიდან ჩამოგვქონდა.

ამიერიდან ყოველივე ეს ბათუმში იქნება გამოშვებული და აღარ დაგვჭირდება ყოველივე ამის უცხოეთიდან შემოტანა.

ესეც ძალიან მახარებს.

ამ ქარხნის გახსნა, ინვესტიციებისთვის საქართველოს გახსნა

პრეზიდენტი გიული აღტაცებას ვერ მალავდა - ყოველივე ეს მე მაგონებს ანტალიას რამდენიმე წლის წინათ.

ბევრი სხვა უცხოელი ამბობს, რომ ბათუმი მათ ახალ ორლეანს აგონებს. ასევე ბათუმს ხშირად ადარებენ ფლორიდას, საფრანგეთის სამხრეთის საუკეთესო კურორტებს.

მინდა ვთქვა, რომ ბათუმი არც ანტალიაა, არც ფლორიდა, არც ახალი ორლეანი, თითოეული ეს ადგილი მართლაც შესანიშნავია, მაგრამ ბათუმი სხვაა და მსოფლიოს ბევრ სხვა ცენტრზე უკეთესი იქნება - მე ამის გარანტიას გაძლევთ!

ასევე ბათუმი არის ქართული წარმოშობის მილიონობით თურქის წარმოშობის ადგილი, მათ შორის, ამ ქარხნის დამფუძნებელთა ნაწილი ქართული ოჯახებია.

მინდა ვთქვა, რომ საქართველო იყო ქვეყანა, საიდანაც მისი მოქალაქეები გარბოდნენ და ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მილიონამდე საუკეთესო კვალიფიკაციის ადამიანი წავიდა უცხოეთში.

ახლა კი ბრუნდება ქართული კაპიტალი, ბრუნდებიან ის ქართველებიც კი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყვნენ სამშობლოსგან დაშორებული.

განვითარებად სამყაროში ეს მართლაც იშვიათი გამონაკლისია და ამით განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენ, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი.

რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს და ბევრი საპროგრამო მომენტი გვაქვს განსახორციელებელი.

მინდა ვთქვა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს განახლებული მთავრობის შემადგენლობის ახალი პროგრამა.

დღეს დაამტკიცეს პროგრამა ქაღალდზე, ეს ქარხანა კი არის პროგრამა მოქმედებაში - ახალი ულტრათანამედროვე სამკერვალო ფაბრიკა ბოლო ტექნოლოგიებითა და ჩვენი ათასამდე დასაქმებული თანამოქალაქით. ამას ვერანაირი საპარლამენტო დებატები ვერ ჩაანაცვლებს.

ეს არის სიტყვიდან საქმეზე გადასვლა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ საქმეს ვაკეთებთ, ხოლო შემდეგ ვყვებით გაკეთებულის შესახებ.

ხშირ შემთხვევაში კი, მოყოლასაც ვერ ვასწრებთ იმდენი საქმე კეთდება დღეს საქართველოში, თუმცა ათჯერ მეტია კიდევ გასაკეთებელი.

ათასამდე დასაქმებული ადამიანი - ეს არის ათას ოჯახში შესული შემოსავალი, ეს არის ათას ოჯახში შესული იმედის ნაპერწკალი, ეს არის შემოსავალი ბავშვებისათვის განათლების მისაცემად, სამკურნალოდ, ეს არის შემოსავალი იმისათვის, რომ ხვალინდელ დღეს წელში გამართული შევხვდეთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ დილას გაღვიძება გაგვეხარდება, რადგან გვაქვს სამსახური და ფუნქცია და არავისთან შესახვეწი და სამათხოვრო არ გვაქვს.

ამის შეფასება მხოლოდ ეკონომიკური კატეგორიებით შეუძლებელია.

მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს, უფრო სწორად მასპინძლებს, მადლობა ვუთხრა მათ ამ მშვენიერი დღისთვის, ჩვენ ველოდით ამ დღეს, ისევე როგორც ველით ბევრ ასეთივე დღეს აჭარისა და დანარჩენი საქართველოს ცხოვრებაში.

მთელი საქართველო დგება ფეხზე - ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეს ბევრი სიახლე ემატება და ბევრია კიდევ მოსალოდნელი.

ბევრი ვილაპარაკე ბათუმზე, მაგრამ ასეთივე და ბევრად უფრო წარმატებულ პროექტებს ვახორციელებთ სიღნაღსა და თელავში, წარმოუდგენელი პროექტები გვაქვს ქუთაისისთვის და სამეგრელოსთვის.

მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ.

ყოველივე ეს თქვენი დამსახურებაა.

ჩვენ მხოლოდ გეხმარებით იმით, რომ გაგვყავს გზა, გამარაგებთ ელექტროენერგიით, მოგვყავს წყალი და ხელს გიწყობთ, რომ თქვენს საქმიანობაში ხელი არავინ შეგიშალოთ, მაგრამ დანარჩენი თქვენი გასაკეთებელია.

ასევე ძალიან დიდ რეკლამას ვუკეთებთ საქართველოს იმისათვის, რომ თქვენ პროდუქციას მაღალი ცნობადობა ჰქონდეს და ადვილად იპოვოთ ბაზრები.

ასე, რომ თქვენ ცოტა რამ დაგრჩენიათ - ბევრი და კარგად იმუშავოთ და კიდევ უფრო მეტი ფული ჩადოთ საქართველოში.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)