Google+

რელიზები

18.02.2008
მიხეილ სააკაშვილის განცხადება უცხოელი ჟურნალისტებისათვის

მსურს კოსოვოს სიტუაციასთან დაკავშირებით მცირე განცხადება გავაკეთო. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები, სადაც პარალელი იყო გავლებული კოსოვოსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რეგიონებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილსაც სეპარატისტები მართავენ. არსებობს ძალიან დიდი სხვაობა იმასთან დაკავშირებით რაც მოხდა კოსოვოში და რა სიტუაციაც არის დღესდღეობით საქართველოში. კოსოვოელები ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი არიან და საქართველოში სეპარატისტები თავად არიან ეთნიკური წმენდის განმახორციელებლები. მოგახსენებთ რა ხდებოდა საქართველოში ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ: აფხაზეთის მოსახლეობის 80 პროცენტი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაბომბვის შედეგად იქიდან გაიქცა, ეს ყველაფერი ხდებოდა იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც საბჭოთა არმიის ნარჩენებმა მოამზადეს იმისათვის, რომ განეცალკევებინათ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოსაგან. როდესაც ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში აფხაზეთი დაიბომბა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ერთხელაც ის დღე დადგებოდა ... ახლა კი ყველაზე ცინიკური სიტუაციაა, ზოგიერთებს სურთ კოსოვოს მაგალითზე დააკანონონ ეთნიკური წმენდა, ერთ-ერთი ყველაზე დავიწყებული ეთნიკური წმენდა, რომელიც განვლილ საუკუნეში ჩატარდა. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება ამას არასოდეს დაეთანხმება, რადგან ეს იქნება საერთაშორისო წესრიგის დასრულება, საერთაშორისო კანონების და ადამიანების უფლებათა დაცვის და კაცობრიობის საღი აზრის უხეში დარღვევა.

შეკითხვა: დაუჭერს თუ არა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს?

მიხეილ სააკაშვილი: -არავის, არასოდეს უკითხავს რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც უნდა განიხილებოდეს საქართველოში. ჩვენ უფრო გვაწუხებს შესაძლო პროვოკაციები, რომელიც უკავშირდება კოსოვოს სიტუაციას მთლიანობაში. ჩვენ დავაკვირდებით ამ სიტუაციას, ფრთხილად, და ვიმოქმედებთ სიტუაციის სირთულის შესაბამისად.

ფრანს პრესის სააგენტო: რა რეაქცია მოყვება საქართველოში რუსეთის მიერ კოსოვოს აღიარებს?

მიხეილ სააკაშვილი: -არა მგონია, რომ რუს პოლიტიკოსთა შორის ვინმემ გარისკოს და არიოს სიტუაცია კავკასიაში. რუსებმა კარგად იციან კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები, ის რომ ეთნიკური წმენდა საბჭოთა არმიამ ჩაატარა და რომ ეთნიკური წმენდის დაკანონება გახდება ძირითადი საფრთხე ყველასათვის ამ რეგიონში. თუმცა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ რუსეთში წინასაარჩევნო პერიოდში და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)