Google+

რელიზები

21.02.2008
მიხეილ სააკაშვილი: „ხელისუფლება სტიქიით მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს“

მოსკოვში გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში უამინდობის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საავტომობილო გზებზე ვითარება კონტროლდება. მისივე ინფორმაციით, კვლავ რთული ვითარება რჩება შიდა ქართლში და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

საცხოვრებელ სახლებზე სტიქიით მიყენებული დაზიანების სალიკვიდაციოდ, საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის დამატებითი სახსრები გამოჰყო.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების 80 პროცენტი უკვე აღდგენილია, ხოლო ნაწილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, დიდთოვლობის გამო გზებზე ჩარჩენილი მგზავრების გამოყვანისა და გზების გაწმენდის ოპერაციებში ჩართული იყო შსს-ს სამაშველო სამსახური. სამაშველო ოპერაციაში საქართველოს დახმარება სომხურმა მხარემ გაუწია და საზღვართან ახლოს, ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონებში ჩარჩენილი მოქალაქეები სომხეთში გადაიყვანეს.

„მინდა იცოდეს ყველამ, ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ მივატოვებთ გაჭირვებაში. ყველა ადამიანს, ვისაც მიადგა ზარალი, ხელისუფლება სტიქიით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს, ამისათვის გამოყოფილია თანხები. ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისაკენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილების დროს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სიტუაცია ძალიან მალე დაუბრუნდეს ნორმალურს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)