Google+

რელიზები

13.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის ფორუმს დაეწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას იღებს ევროპის სახალხო პარტიის ფორუმში.

ბრიუსელში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა. „ნატოსა და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაცია ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და სტაბილიზაციაზეა დამოკიდებული. ყველანაირი შიდა არასტაბილურობა ხელს უშლის საქართველოს პოზიციების გაძლიერებას და ჩვენი მთავარი საკითხების გადაწყვეტას. ჩვენმა ხალხმა საოცარი სიბრძნე და გამძლეობა გამოიჩინა და მთელ მსოფლიოს აჩვენა პოლიტიკური დონე. ჩვენმა ხალხმა დაგგვავალა, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო გაზაფხულზე. ამისათვის პოლიტიკურ ჯგუფებს გამოეყოთ დრო, რათა შეთანხმებულიყვნენ იმაზე, თუ რა წესებით უნდა ჩატარებულიყო ეს არჩევნები"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური ძალების მაქსიმალურად ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი არის ინტეგრირებული საპარლამენტო ცხოვრებაში, ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის საფრთხე ნაკლებადაა. მისი თქმით, უმრავლესობის მხრიდან ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებისას პოზიციები დათმობილია.

"მე ვარ მომსწრე იმისა, რომ ისეთი საკითხები დაითმო, რომელზეც დათმობა ორი-სამი თვის წინ წარმოუდგენელი იყო როგორც ოპოზიციისთვის, ასევე უმრავლესობისთვის და ეს სწორიცაა, რადგან პოლიტიკური თანხმობისთვის ბევრი რამ უნდა დათმო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის პრობლემას თავად ოპოზიციურ ბანაკში აზრთა სხვადასხვაობა ქმნის. ასევე დასძინა, რომ უახლოეს დღეებში გამოცხადდება საპარლამენტო არჩევნების თარიღი და უკვე გასულია ის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელი იყო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის არჩევნების ჩატარების მთავარი თამაშის წესების ირგვლივ შეთანხმება.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას დიალოგისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რათა პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისა და ხმების დათვლის პროცესის შესახებ. „სასურველია, ეს საკითხები ერთობლივი ძალით გადაწყდეს და თუ ეს ორ კვირაში არ მოხერხდა, მაშინ ვადები ისევ ამოიწურება და კვლავ ერთი ჯგუფის წევრებს მეორესთან შეუთანხმებლად მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რაც არასასურველია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ ერთმანთთან მაგიდასთან საუბარი. "ერთი ჯაჭვით ვართ შეკრული, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ერთმანეთის იქით გზა არ არის", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნატოსა და შიდა პოლიტიკაზე საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებაზეც გააკეთა. „ხალხის მიერ თითოეული რაიონიდან დეპუტატის პირდაპირ არჩევა და ასეთი შემადგენლობით ნახევარი პარლამენტის ჩამოყალიბება, საქართველოს პარლამენტს აძლიერებს. ეს დეპუტატი ხდება დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის პრობლემებზე. მე ორჯერ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი. გარწმუნებთ, ყველა გადამწყვეტ მომენტში ჩემი ამომრჩევლის ინტერესი ბევრად უფრო მეტად მიღირდა, ვიდრე პრეზიდენტის და პარტიული ლიდერების ინტერესები. როცა დეპუტატს სთხოვენ პასუხს, ის საპასუხოდ მოდის და პასუხს მთავრობას სთხოვს. რეალურად, პარლამენტის პოზიცია ძლიერდება პრეზიდენტთან მიმართებაში, მაგრამ ხალხის პოზიცია ძლიერდება როგორც პარლამენტთან, ასევე პრეზიდენტთან მიმართებაშიც. მე, როგორც პრეზიდენტი, მივესალმები პარლამენტის გაძლიერებას და მზად ვარ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებთან ვითანამშრომლო მათი პრობლემების გადასაწყვეტად. ეს არის დემოკრატია და დემოკრატია, რომელიც სწორად მუშაობს, ემსახურება ქვეყნის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში ქვეყნის გამარჯვებას"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენმტა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)