Google+

რელიზები

19.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მთავარი შეხვედრა ამერიკელ კოლეგასთან ჯორჯ ბუშთან ჰქონდა. პრეზიდენტებმა შეხვედრისას პოლიტიკური საკითხები განიხილეს, რომელთა შორის მთავარი ეკონომიკა, კონფლიქტური რეგიონები და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადასვლა იყო. შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ ბუშმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმის თაობაზე, რომ დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ბუქარესტის სამიტზე იგი სრულიად სამართლიანად ელოდება მაპ-ის პროგრამის მიღებას.

ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტიც გაიხსენა და ქართული სამზარეულოსა და ქართული ცეკვის შესახებაც ისაუბრა.

"ბატონო პრეზიდენტო მოხარული ვარ, რომ კვლავ ვაშონგტონში იმყოფებით. ვიხსენებდი ჩემს მოგზაურობას საქართველოში, წარმოუდგენლად გემრიელ კერძებსა და ქართულ ცეკვას.

ჩვენ საკმაოდ კარგი დისკუსია გვქონდა, აღფრთოვანებული ვარ საქართველოს პრეზიდენტით, იმ გზით, რომელსაც საქართველო გადის და იმ საქმით რომელსაც საქართველო აკეთებს. შეხვედრისას რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაამარტივა საგადასახადო კოდექსი და გასაგები გახადა საკუთარი ხალხისათვის. საგადასახადო კოდექსის გამარტივებას მე საკუთარ ქვეყანაში ვცდილობდი, რაც არც თუ ადვილი საქმე აღმოჩნდა. გილოცავთ ამ წარმატებას. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს წვლილზე დემოკრატიისა და თავისუფლების განვითარების საქმეში არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ერაყი. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სამხედრო ძალები ერაყში ვაჟკაცობითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ და პროფესიონალურად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. ამისათვის მადლობას გიხდით ბატონო პრეზიდენტო.

ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საზღვრების სუვერენიტეტის შესახებაც.

ბოლოს, ნატო-ში თქვენი მისწრაფების თემას შევეხეთ. ბუქარესტის სამიტი საკმაოდ ახლოსაა. მაპ-ი საკანდიდატო გეგმაა და პრეზიდენტმა საააკაშვილმა კარგად იცის, რომ ის ნატო-ს წევრობას არ ნიშნავს. თუმცა ეს პროგრამა საშუალებას აძლევს ქვეყანას, საბოლოოდ, ამ ალიანსის წევრი გახდეს. მწამს, რომ საქართველოს წევრობით ნატოც მიიღებს სარგებელს, ისევე როგორც საქართველო ისარგებლებს ამ ორგანიზაციის მხარდაჭერით. ეს ის მესიჯია, რომლითაც ბუქარესტის სამიტზე წარვსდგები ", - განაცხადა ჯორჯ ბუშმა და დასძინა, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტს ბუქარესტში ისევ შეხვდება.

პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა საუბარი შორიდან დაიწყო და ჯორჯ ბუშის იმდროინდელი გამოსვლა გაიხსენა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პირველი პირი. მან აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი მაშინ ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრობდა. მისი თქმით, საუბრისას ჯორჯ ბუშმა შავი ზღვისპირა რეგიონი ახსენა, თუმცა მაშინ ეს რეგიონი არავის არ აინტერესებდა.

"ამერიკა იდეალიზმის ექსპორტიორია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გვჯერა, რომ ჩვენი პარტნიორობა ძალზე ძლიერი და მყარია დემოკრატიის მშენებლობისა და სამხედრო საქმეში. ვამაყობ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები და ქართველი სამხედროები ერაყში არა მარტო აკონტროლებენ სიტუაციას და იმყოფებიან იქ ხალხის დასაცავად, არამედ წარმატებითაც ართმევენ თავს მათ წინაშე დასმულ ყველა სხვა ამოცანას. ყოველივე ეს სამუდამოდ დარჩება მომავალი თაობების მახსოვრობაში.

მადლობას გიხდით იმისათვის, რომ დემოკრატიის თავისუფლებას, საქართველოს საზღვრების სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენი ქვეყნის ნატო-სკენ მისწრაფებას უჭერთ მხარს. მსურს მოგახსენოთ, რომ ის, რაც თქვენ გააკეთეთ არა მარტო ჩემი ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისათვის, ისტორიას რევოლუციური ცვლილების სახით შემორჩება - შეიცვალა გარემო და ხალხს ისეთი ცხოვრების შანსი და შესაძლებლობა მიეცა, რომელზეც არც კი ოცნებობდა. გემადლიერებით და ვამაყობთ, რომ თქვენი დღის წესრიგში ჩვენთვისაც გამოინახა საკმაოდ სერიოზული ადგილი. საქართველო თქვენი დახმარებით აღმოჩნდა და მყარად დაიმკვიდრა ადგილი თავისუფლების რუკაზე. ეს არა მარტო საქართველოს შეეხება, არამედ ამ რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანასაც. ვფიქრობ, თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. დღეს მოვისმინეთ ყველაფერი ის, რისი მოსმენაც თავისუფალი მსოფლიოს ლიდერისგან გვსურდა. ვფიქრობ, ეს გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს. მადლობას მოგახსენებთ იმ იმედისათვის, რომელიც სამშობლოში მიმყვება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ხვალ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)