Google+

რელიზები

25.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს კახეთში სტუმრობისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციის აქციებთან, ასევე მოსალოდნელ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნების ჩაშლას ცდილობს. პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციასთან დიალოგის გამართვა ხელისუფლებამ მრავალჯერ სცადა, თუმცა მათ რიგებში არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, დიალოგი ბოლომდე არ შედგა. საქართველოს პრეზიდენტი ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის იდეით გამოდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებისთვის მომზადებას ურჩევს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამ გზით საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება და დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩაერთვებიან.

"მინდა ვთქვა ძალიან ნათლად: ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი გავაკეთეთ - სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას ძალიან ბევრი რამ შევთავაზეთ იმისათვის, რომ ყველა კმაყოფილი ყოფილიყო და არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაგვეტარებინა. გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს ძალიან ბევრ წინადადებაზე შიდა შეუთანხმებლობის, ყოყმანის, გადაუწყვეტელობის თუ ვითარების გამძაფრების სურვილის გამო, ბევრმა მათგანმა თქვა უარი. ვხედავ, რომ ოპოზიციის ერთ რადიკალურ ნაწილს არჩევნების ჩაშლა სურს. პლებისციტით, ქართველმა ხალხმა ნება გამოხატა, რომ არჩევნები გაზაფხულზე გაიმართოს. ჩვენ კი ქართველი ხალხის ნებას აუცილებლად შევასრულებთ. არჩევნები გაიმართება გაზაფხულზე და ქართველი ხალხი აირჩევს ხალხის სამსახურზე ორიენტირებულ პარლამენტსა და ხელისუფლებას. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არჩევნები იქნება ძალზე სუფთა და გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიწვევ ყველა ჯგუფსა და პარტიას, შევქმნათ ინტერფრაქციული ჯგუფები, ვიმუშაოთ და ერთად გავაკეთოთ საქმე, რათა კომისიები კარგად დაკომპლექტდეს, საარჩევნო პროცესები გამჭვირვალე, ხოლო დამკვირვებელთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტი იყოს და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. უნდა გაკეთდეს ის, რაც ხალხს სურს. ძალზე ვწუხვარ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ყველაზე მეტად რადიკალური ფრთა მიმართავს შიმშილობას. ამას მართლა ძალიან განვიცდი. პირადად ვთხოვე ჩვენს ექიმებს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ყოველგვარი გართულება თავიდან ავიცილოთ. ყველას მოვუწოდებ ნუ ეთამაშებიან ნურც საკუთარ და მით უმეტეს, ნურც სხვის ჯანმრთელობას. ქართველი ხალხის ნებას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაუდგება წინ. არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა ხალხმა გადაწყვიტა.

ასევე მინდა შევეხო ტელეკომპანიების თემას. რა თქმა უნდა, ყველა ტელევიზია უნდა გაიხსნას, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. აუცილებლად გაიხსნება ტელეკომპანია "იმედი". ეს სამართლებრივი პროცედურებზეა დამოკიდებული. მთავარი ისაა, რომ ყველაფერი გაკეთდება დემოკრატიისა და თავისუფლების ფარგლებში. ამას ვერც წინ დაუდგება ვინმე და ვერც შეცვლის. ყველაფერი ყოველთვის ზუსტად ისე გაკეთდება, როგორც ეს ხალხს სურს. ჩვენ ჩვენი საზოგადოების ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად ვმუშაობთ. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და არსებულ პრობლემებს გადავჭრით ისე, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებრიობას სჭირდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)