Google+

რელიზები

12.04.2008
სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სამშვიდობო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით მუშა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით მთავრობის წევრებს კონკრეტული დავალებები მისცა. „გეგმა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. რამდენიმე თემატური ჯგუფი - სამართლებრივი ჯგუფი, საკონსტიტუციო საკანონმდებლო ცვლილებების მოსამზადებლად. თქვენ იცით, რომ ჩვენ აფხაზურ მხარეს ცენტრალურ მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტის კონსტიტუციურად გარანტირებული პოსტი, ხოლო ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში - გარანტირებული წარმომადგენლობა შევთავაზეთ, ასევე ვეტოს უფლება, მათ სამართლებრივ სტატუსსა და მათთვის სასიცოცხლო საკითხებზე, ასევე გარანტიები, როგორც ავტონომიის საშინაო, ისე საერთაშორისო საკითხებზეც. მე ვთხოვ ეკონომიკის სამინისტროს, გალსა და ოჩამჩირის რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მონახაზი ჩამოაყალიბოს. თქვენ იცით, რომ ფოთში თავისუფალი ეკონომიკურ ზონა იქმნება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ პარალელური ზონის მონახაზი და მოანხაზი, თუ როგორ შეიძლება ეს ორი ზონა იქცეს ერთმანეთის გაგრძელებად.

ჩვენს საერთაოშორისო მეგობრებთან და სხვადასვა პარტნიორებთან გვჭირდება აფხაზეთის ავტონომიის საერთაშორისო გარანტიების მექანიზმების შემუშავების შესახებ მოლაპარაკების წარმოება. მე მივესალმები იმას, რომ გაერომ თავის დროზე დაიწყო ლაპარაკი მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის სტატუსის გადახედვაზე. ამ ბოლო შეხვედრების შემდეგ, ჩვენ მოველით, რომ გაერო ჩვენთან ერთად იმუშავებს ამ სტატუსის გადახედვაზე.

ჩვენ ცხინვალის რეგიონის მისამართით გვსურს კონკრეტული წინადადებით გამოვიდეთ. ეს პირველ რიგში ეხება ეკონომიკის სამინიტროს. მე გთავაზობთ შეიმუშავოთ კონკრეტული პროექტი და გეგმა. გამოყოთ ფული იმისათვის, რომ წელს მოხდეს მოსავლის გარანტირებული შესყიდვა ყველა ტერიტორიებიდან და იმ ტერიტორიებიდანაც, რომელსაც ჩვენ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ, რათა პოლიტიკური სიტუაციის გაურკვევლობის გამო, ეთნიკური წარმომავლობის არცერთი ადამიანი არ დაიჩაგროს. საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც უცხოეთში სტუდენტების გაგზავნას ითვალისწინებს, გთავაზობთ უახლოეს პერიოდში ქალაქ ცხინვალიდან შევარჩიოთ ათი სტუდენტი, რომელსაც დავაფინასებთ და გავგზავნით საზღვარგარეთ სასწავლებლად. ჩვენ სერიოზულად, რადიკალურად ვართ განწყობილი იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი დაიძრას.

რუსეთის ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იარაღით მომარაგების ნაცვლად, იმედს გამოვთქვავ, რომ რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი კონსტრუქციული მონაწილე გახდება. თუ რუსეთის ცენტრალური ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, რუსეთის დიდი პოტენციალი, იყოს კონსტრუქციული მონაწილე აღნიშნული პროცესების, რეალობად იქცევა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)