Google+

რელიზები

25.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. საკვირაო ქადაგებაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ დღევანდელი ვითარებაში ყველაზე მთავარი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, ურთიერთპატივისცემა და სიმშვიდის შენარჩუნებაა. მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა და პატრიარქს ქვეყნის სულიერი გამხნევებისთვის მადლობა გადაუხადა.

"საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს დასანახად, ჩვენი მეგობრების გასახარად და არაკეთილმოსურნეების იმედგასაცრუებლად, ურთულესი გამოცდა ჩააბარა, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანია აღვადგინოთ საქართველოს მთლიანობა და შევქმნათ ძლიერი საზოგადოება. ყველას მოუწოდებთ ერთიანობისკენ და დიალოგისკენ. გვჯერა, რომ ყველა ადამიანი პირად წყენასა და ამბიციაზე მაღლა დადგება და ყველაზე მაღლა საზოგადოებრივ კეთილდღეობას, საქართველოს თავისუფლებას, თავისი ქვეყნის მომავალს, ერთიანობას და საქართველოს არაკეთილმოსურნეებზე გამარჯვებას დააყენებს. ჩვენ ყველას ვუწვდით ხელს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი ეთანხმება პატრიარქის მოწოდებას იმის თაობაზე, რომ ყველამ უნდა მოუსმინოს ერთმანეთს, შესაძლოა იკამათონ კიდეც, მაგრამ მთავარ საკითხებთან დაკავშირებით ბოლოს მაინც უნდა მიაღწიონ შეთანხმებას.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა სამების ტაძრის მოხატვა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, რათა ერის სულიერმა მამამ უფრო გალამაზებულ ტაძარში ილოცოს ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტს ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მედალიონი გადასცა საჩუქრად.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)