Google+

რელიზები

05.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარება იყო. სხდომის წევრებმა ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ უშიშროების საბჭოს სხდომა კვლავ გაიმართა და მასში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები იღებდნენ. მან ყურადღება მსგავსი შეკრებების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა პოლიტიკურ ძალას საშუალებას აძლევს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელოს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტს ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიორგი ბარამიძემ,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეებმა  თამარ კინწურაშვილმა და ბათუ ქუთელიამ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდო ბარნოვმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)