საქართველოს პრეზიდენტი: კიდევ ერთხელ ვუწვდი ხელს საქართველოს მთავრობას და ვთავაზობ ერთობლივ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე
მოგესალმებით!
მინდა განცხადება გავაკეთო რუსეთის ფედერაციის ბოლო პროვოკაციულ მოქმედებებთან, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის რამდენიმე ადგილზე წინ გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით.
თუ ეს ასე გაგრძელდა, იქმნება საფრთხე, ჩვენს ისედაც მცირემიწიან ქვეყანაში დამატებით, ათასობით ჰექტარზე დავკარგოთ კონტროლი.
ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის საკითხი; ეს გადამწყვეტი საკითხია იმ ხალხისთვის, რომელიც იქ ცხოვრობს, რომელსაც აქვს მიწა და იღებს მოსავალს; ის, რაც დღეს ამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება, მათთვის ყოველდღიური უსაფრთხოების თემაა.
საქმე გვაქვს სრულიად გეგმაზომიერ პროვოკაციებთან.
მინდა კიდევ ერთხელ, ცალსახად გამოვხატო ჩემი პოზიცია - ამ პროვოკაციების განხორციელებაში მე ნამდვილად არ ვადანაშაულებ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის ქმედებებსა და რუსეთის მთავრობის პროვოკაციებს შორის ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ.
მიმაჩნია, რომ რუსეთი მიყვება და ახორციელებს საკუთარ გეგმას. მისთვის სულ ერთია რა განცხადებებს გააკეთებს საქართველოს მთავრობა, კონკრეტულად, იმ კვირას ან იმ თვეს.
ასევე მიმაჩნია, რომ სწორია საქართველოს მთავრობის საერთო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციას, რადგან ამ პროვოკაციებს, შესაძლოა, საშიში შედეგი მოყვეს.
არ მინდა, რომ ეს ვინმემ ერთმანეთის დასაპირისპირებლად ან პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს.
ამავე დროს, მსურს ნათლად ვთქვა, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ყოველივე ამისგან.
საქმე ისაა, რომ, ვფიქრობ, ამ პროვოკაციებით, რუსეთი ცდის საქართველოს მთავრობის სიმტკიცეს, საქართველოს შიდა ერთიანობას, პოლიტიკურ ძალთა შორის ერთიანობას, ამ ძალთა შორის რაიმე სახის თანამშრომლობის შესაძლებლობას ამ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.
რუსეთისთვის პრობლემაა საქართველოს ნებისმიერი მთავრობა.
რუსეთისთვის პრობლემა იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ ჩემი მთავრობა...
მისთვის პრობლემაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც.
აქ არც მთავრობაა მნიშვნელოვანი - მისთვის პრობლემაა საქართველოს, როგორც პარტნიორისა და სახელმწიფოს არსებობა.
ამ ათწლეულების განმავლობაში, ამაში ჩვენ კარგად დავრწმუნდით.
ახლა საკითხი დგას ასე - რამდენად მობილიზებული ვიქნებით ჩვენ და რა იქნება ჩვენი პასუხი ყოველივე ამაზე - ეს არის ობიექტური რეალობა.
ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველ წლებში, საოცარი ლმობიერება გამოვიჩინეთ რუსეთის მიმართ. ჩვენი რიტორიკა იყო უკიდურესად რბილი, უკიდურესად გახსნილი და, შეიძლება, მაამებელიც, მაგრამ ამით ვერაფერს გავხდით.
ეს პირადად ჩემი და ჩემი მთავრობის გამოცდილებაა.
დღეს უკვე ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა სცადა ეკონომიკური, პოლიტიკური, საემიგრაციო თუ ენერგეტიკული ემბარგო, საბოლოოდ, მაინც 2008 წლის ფართომასშტაბიანი ომის შემდგომ რეალობაში ვიმყოფებით.
ამიტომ ახლა არ შეიძლება არასწორი ნაბიჯების გადადგმა.
თუმცა, შეიძლება ყველა იმ გამოცდილების გათვალისწინება, რომელიც აქამდე შევიძინეთ. გამოცდილება კი მხოლოდ ერთია - რუსეთის მოქმედებები საქართველოს მიმართ რბილი რიტორიკის პირდაპირპროპორციულად მკაცრდება.
რუსეთი ახლა ცდის ჩვენს ფსიქოლოგიურ განწყობას.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ ვუახლოვდებით 2003 წლამდელ პერიოდს, როდესაც საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ხმამაღლა აცხადებდა: რაგატკებით ხო არ შევებრძოლებითო.
ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არავინ არავის არ მოუწოდებს შეიარაღებული ძალების გამოყენებისკენ - ეს წარმოუდგენილია და, ამ შემთხვევაში, არაფერს არ მოგვცემს.
ფსიქოლოგიური განწყობა იმისა, რომ ვართ უკიდურესად სუსტები და დაქსაქსულები, რომ თავადვე გამოვაცხადეთ 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობა, რომ თავადვე გამოვაცხადეთ ტერორისტების მომზადების ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ, განცხადებების იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ და არ გვსურს დასავლეთის ჩარევა, ყოველივე ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციებს და ახალისებს აგრესორს შემდგომი პროვოკაციებისთვის.
ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მათი მოქმედების სტილი არ შეიცვლება.
2008 წელს ვთქვათ რომ არ გაგვეწია წინააღმდეგობა, ისინი გააგრძელებდნენ პროვოკაციას და, საბოლოოდ, აუცილებლად შეარყევდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
ეს იყო პირდაპირი შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე.
ამიტომ, დღეს ჩემი წინადადება მთავრობის მიმართ არის ის, რომ ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენ კი არ უნდა ვექიშპებოდეთ ერთმანეთს, კი არ უნდა დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, არამედ გავათვითცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სერიოზული და საშიში თემაა.
მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ მეგობრებო - უპირველესად, ძალიან კარგად უნდა დავუკვირდეთ ჩვენს რიტორიკას.
უპირველეს ყოვლისა, უნდა დავუკვირდეთ ჩვენს ტერმინებს.
გუშინ მთავრობის ხელმძღვანელით დაწყებული, ყველა იყენებდა ტერმინს - საზღვრის გადმოწევა.
ეს არ არის საზღვარი, ეს არის ოკუპაციიის, უკანონო ხაზი და ეს ტერმინოლოგია ყველამ უნდა ავითვისოთ.
ჩვენს გამოსვლებში უნდა რჩებოდეს სიტყვა „ოკუპაცია“, რადგან, იმ პირობებში, რამდენადაც ნაკლებად ისმის საქართველოს მთავრობის გამონათქვამებში „ოკუპაცია“, მით უფრო ნაკლებად ისმის ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ეს ტერმინი ჩვენი დასავლელი პარტნიორების რიტორიკაში.
რა თქმა უნდა, ისინი ჩვენ გვიყურებენ.
ჩვენ აუცილებლად უნდა გადავხედოთ ჩვენი საშინაო პოლიტიკის ბევრ ასპექტს, რადგან ჩვენი საშინაო პოლიტიკა, სამწუხაროდ, იწვევს კრიტიკულ რეაქციას და ქვეყანა პირდაპირ ექცევა სულ უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციაში.
ამ ასპექტებს დაუყონებლივ უნდა გადავხედოთ; ჩვენს უსაფრთხოების სტრუქტურებში დაუყონებლივ უნდა დავაბრუნოთ ის პროფესიონალები, რომლებიც დაიჩაგრნენ ან გვერდზე გაწიეს, ან, მით უმეტეს, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღვძრათ - ეს ხალხი ემსახურებოდა საქართველოს და არა რომელიმე მთავრობას.
რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი დიპლომატიური ქმედებები საქართველოს მთავრობასა და მის ხელმძღვანელთან ერთად.
განსაკუთრებით მისმა ხელმძღვანელმა უნდა დაიწყოს ოფიციალური ვიზიტების განხორციელება ჩვენს მოკავშირეებთან.
ის, რომ 9 თვის განმავლობაში არც ერთი ოფიციალური ვიზიტი არ განხორციელებულა თუნდაც ევროკავშირის რომელიმე, ცალკე აღებულ, წევრ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც წინა წლებში ეს მთავრობის ჩვეულებრივი რუტინა იყო, სერიოზული პრობლემაა ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებისთვის. ეს არის სერიოზული წამახალისებელი სიგნალი რუსეთისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ და სიამოვნებით დავუჭერ მხარს, რომ რაც შეიძლება, მეტი ვიზიტები ჰქონდეს და ისაუბროს თემებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩვენიუ ქვეყნის გრძელვადიან მომავალს.
ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ შეკრებები, რასაც ვთავაზობთ მათ ღია წერილებსა თუ დახურულ კორესპოდენციებში. ასევე არაერთხელ, პირდაპირ მოვუწოდე საჯაროდ, გავაგრძელოთ უშიშროების საბჭოს შეკრებები, რადგან ამ ყველა საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი.
ჩვენ გვაქვს პრობლემები ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან მიმართებაში.
რუსეთი ყველგან ცდილობს ახალი აღიარებების მიღებას სხვადასხვა, გაეროს წევრი ქვეყნებისგან.
ერთ ქვეყანას ჩვენ უკვე შევაცვლევინეთ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით და არის შანსი, კიდევ ერთ-ორ ქვეყანასთან მივაღწიოთ იმავე შედეგს.
მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ თვითონ ვაბრალებთ საკუთარ თავს ომის დაწყებას, თავადვე ვამბობთ, რომ ვამზადებდით ტერორისტებს, არის საფრთხე, რომ ამ საბაბით, რუსეთმა ახალი აღიარებები მიიღოს.
ამ გრძელვადიანი ზიანის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დავსხდეთ ერთად, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება.
ასე რომ, დღეს ჩვენი ამოცანაა, არავითარ შემთხვევაში ამ თემაზე არ გვქონდეს არანაირი გახლეჩილობა.
ყველა სხვა საშინაო საკითხებში ჩვენი ფუნდამეტური განსხვავების მიუხედავად, თუნდაც ბოლო ხანს განხორციელებულ მიუღებელ ქმედებებზე, ჩემი ძალიან მწვავე რეაგირების მიუხედავად, მზად ვარ დავეხმარომათ ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ეს არის ის თემა, რომელთან დაკავშირებითაც მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოს მთავრობაში.
ყველანი ვართ ქართველები, ყველანი ვართ საქართველოს პატრიოტები და თუ მხოლოდ იმის გამო არ გავაკეთებთ რამეს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი არ მოგვწონს და გარკვეული პრეტენზიები გვაქვს, ამას ყველანი ვინანებთ.
ეს არის სერიოზული გაფრთხილება, რასაც რუსეთი გვაძლევს.
ასევე, სერიოზული პრობლემაა ის, რომ რუსეთიც აღარ აღგვიქვამს სერიოზულ საერთაშორისო პარტნიორად.
თავისთავად დაცინვაა, მაგალითად, ის, თუ როგორ გვექცევა ონიშჩენკო ბოლო ხანებში; ის დამოკიდებულება, რომელიც ყოველდღე მოდის ამ დაბალი რანგის რუსი მოხელისგან, ნათელი დაადასტურებაა იმისა, რომ უკვე ყველა დონეზე გაჩნდა განცდა - საქართველოს შეიძლება თავში წამოარტყა.
ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო წინა წლებში, მაგრამ მინდა, რომ ეს ახლაც შემობრუნდეს და მინდა, რომ ეს ამ მთავრობამ გააკეთოს.
ჩემი სურვილია ამ მთავრობამ გააკეთოს მეტი, ვიდრე ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა; ეს მთავრობა იყოს უფრო წარმატებული, ვიდრე ჩვენ ვიყავით ოდესმე, რადგან ეს იქნება საქართველოს წარმატება, ეს იქნება საქართველოს გადარჩენა და გაძლიერება.
კიდევ ერთხელ ვუწვდი ხელს საქართველოს მთავრობას და ვთავაზობ ერთობლივ მუშაობას ყველა ამ სტრატეგიულ, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხზე.