იძულებული ვართ, გამოვეხმაუროთ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის მეტად „საინტერესო“ განცხადებებს, რომლებშიც მან პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებულობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.
ვიდრე ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებდა, კარგი იქნებოდა, მინისტრის მოადგილეს ფაქტები ერთმანეთთან შეეჯერებინა. თავისთავად, სამარცხვინოა, როდესაც საგარეო უწყება, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს აქტიურად ეხმარებოდეს საგარეო ვიზიტების წარმატებით განხორციელებაში, არა მარტო პასიურობს, არამედ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და საკუთარ არათანმიმდევრულობას პრეზიდენტის ადმინისტრაციას აბრალებს.
გვინდა, საზოგადოებას საქმის ნამდვილი ვითარების შესახებ ვაცნობოთ:
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტის წინა ვიზიტის დროს (24 აპრილი - 2 მაისი), ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ დარჩიაშვილი - თავად ელჩი არჩილ გეგეშიძე იმ პერიოდში არც კი იმყოფებოდა ამერიკაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩილ გეგეშიძემ, პრეზიდენტის ამჟამინდელი ვიზიტის (14-17 მაისი) თაობაზე ყველა დეტალი იცოდა. მიხეილ სააკაშვილმა მას აეროპორტშივე გააცნო საკუთარი ვიზიტის პროგრამა და გეგმები. შესაბამისად, არჩილ გეგეშიძე, მიხეილ დარჩიაშვილთან ერთად, ახლდა კიდეც ქვეყნის პირველ პირს კონგრესში საქართველოს პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე.
აშშ-ის პრეზიდენტის (1993-2001 წლებში), ბილ კლინტონის დაჯილდოების ცერემონიას კი გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვატო მახარობლიძე ესწრებოდა.
ცხადია ისიც, რომ ტაილანდში წასვლა საგარეო საქმეთა სამინისტროს თავად არ სურდა. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო უწყებასთან ამ ვიზიტის შესახებ აქტიურად მიმდინარეობდა მიმოწერა (ამის დამტკიცება ძალიან მარტივია და სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ წარმოვადგინოთ კიდეც), მიიღეს გადაწყვეტილება, არ წასულიყვნენ.
საინტერესოა, ეკვადორში პარლამენტის თავმჯდომარის გაუქმებული ვიზიტიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დანაშაულია? როგორც ზანკალიანმა განაცხადა, დავით უსუფაშვილს „ბილეთებიც კი აღებული ჰქონია“, მაგრამ იმის გამო თქვა უარი, რომ იქ საქართველოს პრეზიდენტი მიემგზავრება... რა განმარტება მივცეთ აქ საზოგადოებას?
ძალიან საწყენია, რომ საგარეო უწყება ტყუილებს ავრცელებს და ცდილოАბს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. საქართველოს პრეზიდენტი მუდამ ცდილობს, მჭიდიროდ ითანამშრომლოს მთავრობასთან საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. ზეპირად თუ წერილობით, პრეზიდენტს არაერთხელ გამოუთქვამს მზადყოფნა, რომ მთავრობასთან ძალიან მჭიდროდ იმუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების უკეთ დასაცავად. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ინიციატივები, ხშირად, რეაგირების გარეშე რჩება და სანაცვლოდ, მხოლოდ ტყუილებს ვიღებთ.
კარგია, რომ ამ ტყუილების მხილება ძალიან ადვილია, რაშიც საზოგადოებას ამ წერილზე დართული ფოტოებითაც შეუძლია დარწმუნდეს.
იმედს ვიტოვებთ, მომავალში საგარეო უწყება, ისევე როგორც მთლიანად მთავრობა, მეტ კორექტულობას გამოიჩენს როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ისე საკუთარი საზოგადოების მიმართ.