რელიზები
19.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ახლა ხელჩართულ დიპლომატიურ ბრძოლაში ვიმყოფებით და აქ უმრავლესობა, უმცირესობა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. ყველანი ქართველები ვართ და საქართველოსთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ“
რუსეთის ფედერაცია მუშაობს იმისთვის, რომ რაგორღაც დააკანონოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თავისთავად, ის, რომ ამ ოკუპაციას აღიარებს, ძირითადად, მხოლოდ რუსეთი, ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად მოუწევს ამ ტერიტორიებიდან გასვლა. თუმცა, თუკი ის იმდენს შეძლებს, რომ ბევრმა ქვეყანამ დააკანონოს ეს, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთის თვალსაზრისით, ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ძალიან სერიოზული დიპლომატიური ქმედებები. წინა წლებში ჩვენ გავაჩერეთ ჩვენი ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი სწორედ დიპლომატიისა და უცხოეთში ინტენსიური სიარულის მეშვეობით. აქ აზიის ქვეყნების სამიტია და ზუსტად ის ადგილი, სადაც რისკის ჯგუფის მთელი რიგი ქვეყნები ჩამოდიან. აქ ჩვენი დელეგაციაც იმყოფება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, სამწუხაროდ, არ არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. არადა იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტი დადის, საგარეო უწყებაც უნდა დადიოდეს და კულუარებში უნდა მუშაობდეს ამ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. მიკვირს, რატომ არ არის აქ სამინისტრო - მათ ამ სამიტის შესახებ რამდენიმე თვით ადრე იცოდნენ. ვფიქრობ, მომავალში მეტი კოორდინაცია გვმართებს. ახლა მივემგზავრები ეკვადორში, პრეზიდენტის ინაუგურაციზე. ჩვენ მათთან დიდი ხანია ურთიერთობა დავამყარეთ. შედეგად, ეკვადორი სრულად უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იქაც ჩამოდიან რისკ-ჯგუფების ქვეყნები, რომლებთანაც რუსეთი აქტიურად მუშაობს. ამიტომ, მსურს შევთავაზო, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს: ჩვენთან ერთად წამოვიდნენ, რათა მხოლოდ უმცირესობის წევრები არ ვატაროთ. პრეზიდენტის დელეგაცია უნდა შედგებოდეს ორივე პარტიის წარმომადგენლებისგან. ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები არ უნდა განსხვავდებოდეს და ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ამ მხრივ, ეკვადორში მაინც უნდა გამოსწორდეს ვითარება - პრეზიდენტს თან ახლდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მუშაობდეს საქართველოს საკითხებზე. ახლა ხელჩართულ დიპლომატიურ ბრძოლაში ვიმყოფებით და აქ უმრავლესობა, უმცირესობა და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ უნდა არსებობდეს. ყველანი ქართველები ვართ და საქართველოსთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ.