Google+

რელიზები

21.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელ პედაგოგებს შეხვდა

ქუთაისის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე, მიხეილ სააკაშვილი პედაგოგებს შეხვდა და საგანმანათლებლო სისტემის რეაბილიტაციაზე ესაუბრა.

"მოგესალმებით!

მასწავლებლებს ჩვეულებრივ დღეებში ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ, ამიტომ ბოდიშს გიხდით, დღეს აქ მოყვანისათვის.

დღეს ქუთაისის აღდგენილი ისტორიული ნაწილის გახსნაა. ეს იმის მეათედია, რაც ქუთაისში უნდა გაკეთდეს.

ამ ქალაქს დავამსგავსებთ თავის საუკეთესო ეპოქას.

მარტო ამ სკოლას რომ მოივლი, არ შეიძლება არ განიმსჭვალო საოცარი გრძნობით.

მიხვდები, თუ რა დიდი ტრადიცია და კულტურა აქვს ქუთაისს.

აქ კონცენტრირებულია საქართველოს ისტორია.

ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ მასწავლებლების პრობლემებზე, ეს ყველა მშობლის პრობლემაა, რომელსაც უნდა, რომ თავის შვილი იღებდეს კარგ განათლებას.

საზოგადოება სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს განათლების სისტემას, საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების ხარისხი არ პასუხობს იმ სტანდარტს,რომელიც ჩვენ გვსურს.

თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით, მაგრამ ეს თქვენი ბრალი არ არის.

ეს არის სისტემისა და სოციალური სფეროს ბრალი, ეს იმის ბრალიცაა, რომ განათლების სფერო იყო ჩამოქვეითებული და მიიჩნეოდა მეორე, მესამე ხარისხოვნად სახელმწიფო პრიორიტეტებს შორის.

ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ჭკვიანი და შრომისმოყვარე პედაგოგი, მათ შორის ამ სკოლაშიც.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც თქვენს შრომას დააფასებს და მოგვცემს საშუალებას, რომ უკეთესი განათლების პირობები შეიქმნას, მოხდეს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლება და უკეთესი შრომის პირობების შექმნა.

წელს, ამ სფეროზე მუშაობა დავიწყეთ, პედაგოგებს ხელფასი ოცდაცამეტი პროცენტით მოვუმატეთ, გავაუქმეთ ერთწლიანი ხელშეკრულებები, დავამატეთ მე-13 ხელფასი, დავაზღვიეთ პედაგოგები და სკოლის ტექნიკური მუშაკები.

იცით, რომ პირველ წლებში ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით სკოლების რემონტს. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ ზოგიერთი სკოლა უკვე იშლებოდა, ეს იყო იძულებითი რამ.

მე კარგად ვიცი, რომ განათლების სისტემაში სკოლები არის ფორმა და მასწავლებელი - შინაარსი.

ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ სკოლების რეაბილიტაცია, ამაზე უარს არ ვიტყვით, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა.

ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ სოციალური პირობების გაუმჯობესებას.

მომავალ წელს ვზრდით სადაზღვევო პაკეტს, პირველი იანვრიდან და პირველი სექტემბრიდან პედაგოგებს ხელფასს ვუმატებთ 25 ლარით.

ამას გარდა, ვავალებთ მთავრობას, შეიმუშავოს პაკეტი, რომლის მიხედვითაც ხელფასის მატება ყოველწლიურად ანალოგიურად გაგრძელდება.

ხელფასის ყოველწლიური ზრდა იქნება 50 ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ 2012 წლის ჩათვლით,სხვა პირობების გაუმჯობესების კვალდაკვალ, მასწავლებლების ხელფასი გავზარდოთ 250 ლარით.

ჩვენ გავაგრძელებთ სკოლების აღჭურვას, მეტ ფულს დავხარჯავთ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში.

მთავრობას ვავალებ, სამეგრელოსა და შიდა ქართლის დაზარალებული სკოლების ერვოპულ დონეზე გარემონტებასა და აღჭურვას.

ჩვენი ამოცანაა, თქვენ იგრძნოთ თავი უკეთესად, გქონდეთ უკეთესი პირობები, მეტი სტიმული, რომ უკეთესად იშრომოთ.

ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავნერგოთ სწორი მეთოდები.

ძალიან დიდი რამ გავაკეთეთ განათლების სისტემაში, როცა შემოვიღეთ გამოცდა,რომელიც ადამიანს აყენებს სოციალურად სამართლიან პირობებში, აღარ არის კორუფცია.

ამ ნაბიჯებს უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯებიც, ერთი მხრივ, კარგია სკოლის თვითმმართველობის გაზრდა, მეორე მხრივ კი, საჭიროა სტანდარტებზე კონტროლი.

მსოფლიოში უკონტროლო სკოლები არ არსებობს.

ჩვენ არ გვჭირდება რეფორმები რეფორმების გულისთვის.

ჩვენ გვჭირდება რეფორმები განათლების ხარისხისა და პედაგოგების ცხოვრების პირობების ასამაღლებლად.

განათლების სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

ჩვენ გვინდა მივიღოთ ხარისხიანი შედეგი.

შედეგი იქნება უფრო განათლებული ახალგაზრდობა, დაფასებული პედაგოგი, კონკურენტუნარიანი სტუდენტი.

კარგია, რომ სასწავლო ოლიმპიადები აღდგა, მედალიც მნიშვნელოვანია, ეს აძლევს დაფასებას.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ კარგად ისწავლის, ცხოვრებაში ბევრს მიაღწევს, კარგად თუ არ ისწავლის, იქნება ყველაზე დაბალ შრომით საფეხურზე, ეს მოდის სკოლიდან.

უნდა იყოს სტიმულიც და წახალისებაც, მათ შორის პედაგოგების წახალისება.

სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მუდმივი საუბარი განათლების პრიორიტეტულობაზე,

როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს, როგორი ეკონომიკური პრობლემებიც არ უნდა შეგვექმნას, თუ ახლა სკოლაში მოვახდენთ ინვესტირებას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვახდენთ ინვესტირებას ჩვენს მომავალში.

გუშინ აჭარაში გავხსენი ორი სათხილამურო სკოლა, ყოფილი პარლამენტარი ადამია მთელს საქართველოში აგროვებს ბავშვებს და უხსნის სკოლებს, ჩამოაქვს ინვენტარი.

იგი ბავშვებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ სათხილამურო სპორტს, ადრე ეს იყო თბილისის ცენტრის პრივილეგია. როდესაც ასეთი სპორტი აჭარის ღარიბ სოფელში ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩნდება იმედი.

ჩოგოვაძემ აიღო ვალდებულება, რომ იმერეთს გამოადგებოდა, ეს დასაფასებელია, იგი გადაჰყავდათ პროკურორად, მაგრამ ეს არ დავუშვი"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)