Google+

რელიზები

07.03.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წყნეთში ახალი სასტუმრო გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წყნეთში ახალი სასტუმრო და გასართობი ცენტრი "კოპალა" გახსნა, რომელიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალეიშვილს ეკუთვნის. სამსართულიან კომპლექსში 24-ნომრიანი სასტუმრო, საცურაო აუზი, კინო-თეატრი, ბავშვთა ცენტრი და სხვა გასართობი დარბაზებია. კომპლექსის მშენებლობა ორი წელი მიმდინარეობდა და 9 მილიონი ლარი დაჯდა. კომპლექსში 70 ადამიანია დასაქმებული.

"მრავალი წლის განმავლობაში ამ კაცს ყველაზე კარგი რესტორნები ჰქონდა რუსეთში. 1980-იან წლებში პირველმა მან დაიწყო ეს ბიზნესი და მოსკოვში, თავის დროზე, პრეზიდენტები, ჟურნალისტები, უცხოელები მარტო "ფიროსმანში" დადიოდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მან საქართველოში დაიწყო ფულის ჩადება და ბევრი კარგი ობიექტი გააკეთა. ის,რომ დღეს მსოფლიო კრიზისის პირობებში მან ფული ჩადო და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც აგრძელებს ინვესტირებას, ძალიან მნიშვნელოვანი და მართლაც პატრიოტული საქმეა. ამ სასტუმროში თითქმის 9 მილიონი ლარია ჩადებული და 70-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ასეთი ინვესტიციები შეინარჩუნებს ქართულ ეკონომიკას და გადარჩენს სამუშაო ადგილებს. ჩვენ ვიმყოფებით რეგიონში, სადაც ჩვენს გარშემო ქვეყნებში ეკონომიკას შეექმნა სირთულეები. საქართველო გაძლებს, საქართველო გადარჩება სიძნელეების პირობებშიც კი, თუ გვექნება პოლიტიკური სტაბილურობა. თავის დროზე, რუსეთმა თავისი ბაზრიდან გამოგვაგდო, მაგრამ დროულად გავატარეთ რეფორმები. მთავრობა, ყველა დონის ხელისუფლება იმისათვის მუშაობს,რომ არ მოხდეს ყველაზე უარესი რამ - ეკონომიკის ჩამოშლა. ეს არც მოხდება, ყველაფერი პირიქით იქნება. როდესაც სახელმწიფოს კვალდაკვალ, ასეთი პატრიოტები დებენ ფულს საქართველოს ეკონომიკაში, ეს არის ყველაზე დიდი იმედის მიმცემი. დღეს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ვიდრე ეკონომიკური აქტიურობა, ვიდრე ფულის ჩადება საქართველოს ეკონომიკაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, საქართველოს სტაბილურობაში და საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენაში, მე ძნელად წარმომიდგენია. თუ ყველაფერს ისე განვახორციელებთ, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ყველა სხვა ამოცანას გადავწყვეტთ. მე აქ იმისათვის მოვედი, რომ მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკეს. ყველა ადამიანს, ვინც ასე იმუშავებს, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პრეზიდენტი იქნება მისი მთავარი მოკავშირე, ხოლო საქართველოს მთავრობა იქნება მისი მთავარი დამხმარე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)