Google+

რელიზები

17.06.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდები პრეზიდენტის სასახლეში "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მათი პოზიციისა და აზრის  მოსასმენად, ღია ეთერით მიიწვია. შეხვედრა პრეზიდენტმა ახალგაზრდებისადმი მიმართვით დაიწყო. მან გულისტკივილი გამოთქვა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონი განათლების სისტემაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ქვეყნის პირველი პირი პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მისი თქმით, არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება სტუდენტების პოზიციისა და მათი აზრის გაუთვალისწინებლად.

„თუ თქვენი აზრი არ იქნება გათვალისწინებული, პრეზიდენტს აქვს ვეტოს უფლება. არ მგონია, ამ ვეტოს გადალახვის რესურსი არსებობდეს, რადგან უმრავლესობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველო განათლების, ცოდნის, განვითარების, ინტელექტისა და პროგრესის ცენტრი უნდა გახდეს. ქვეყნის პირველ პირს მიაჩნია, რომ მსგავსი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წინსვლის ნაცვლად, საბჭოთა ეპოქაში დააბრუნებს, მხოლოდ მტრის ინტერესია.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ამგვარი ცვლილებებით მტერს გამარჯვების საშუალება არ უნდა მისცეს. ჩვენ კუთხეში დასაყენებელი არაფერი გვჭირს. ჩვენი დამპყრობელი ჩასაფრებულია და ერთი სული აქვს, როდის აღარ იქნება საქართველო მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გადაყლაპოს და მოინელოს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა  - „ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის ერთადერთი შანსი განათლებაა. თქვენ ხართ ჩვენი მომავლის მთავარი წარმომადგენლები. სადაც განათლება და პროგრესია, იქ არის თავისუფლება. ყველაფერს კრიტიკულად უნდა შევხედოთ. ნებისმიერი მთავრობა, თუ ის გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, არ შეიძლება, განათლებას ეწინააღმდეგებოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთ ნეგატიურ მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება და საკუთარი გულისტკივილი გამოთქვა აშშ-ის  კონგრესის ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მისთვის კატასტროფაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის უკუსვლაზე საუბრობენ.

„ზოგიერთებმა თქვეს, თითქოს ეს მე გამიხარდებოდა, რადგან იმ მთავრობას შეეხება, რომელიც მე მებრძვის, მაგრამ, მსგავსი მოსაზრებების მქონე ხალხისგან განსხვავებით, მე არ ვარ იმ ძველი, ფეოდალური ტრადიციის გამგრძელებელი, რომლებიც სიამოვნებით ეკვრებოდნენ უცხო მტერს, ასუსტებდნენ საკუთარ ქვეყანას საკუთარი ინტერესების დასაცავად და კარ-მიდამოს გასაფართოებლად. ეს ქვეყანა ჩვენ ყველამ ერთად ვაშენეთ. მე,  სხვებთან ერთად, ვარ ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელი. შეუძლებელია, მიხაროდეს მსგავსი განცხადებების მოსმენა. რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში, როგორც არ უნდა გვემუქრებოდეს და აკავებდეს ჩემს უახლოეს თანამებრძოლებს, შეუძლებელია, გულზე არ ვსკდებოდე, როდესაც ასეთ განცხადებას იღებენ. ჩემი ინსტინქტია ის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს! ახლა ისინი უნდა იღებდნენ რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მისცენ იარაღი - როგორც ობამა და სააკაშვილი შეთანხმდნენ, დავაჩქაროთ საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში; ამის ნაცვლად კი აცხადებენ, რომ ქვეყანა უკან წავიდა დემოკრატიის თვალსაზრისით. კარგად მახსოვს, რიჩარდ ჰოლბრუკი მეუბნებოდა - რუსეთი თავს რომ დაესხას რომელიმე პოსტსაბჭოთა არადემოკრატიულ ქვეყანას, ამერიკა თითსაც არ გაანძრევსო. 2008 წელს კი ამერიკა დადგა ფეხზე, რადგან საქართველოს მიმართ ჰქონდა სიმპატია, გვქონდა დემოკრატიული, საყვარელი ქვეყანა. ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, იმსახურებს პატივისცემას. თუ ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება, ადვილი ლუკმა გავხდებით", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჯიმით 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტს განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გარდა, სტუდენტებმა  მიმდინარე და ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთაან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები და საკუთარი პოზიცია გამოხატეს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)