Google+

რელიზები

16.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაჭრილი პოლიციელები მოინახულა

უზნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში მოინახულა. პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა პოლიციელის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ საქართველოში შეწყალების პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი ახალგაზრდა პოლიციელი, 29 წლის ბიჭი დაგვეღუპა და ორი დაგვეჭრა. აქ მთავარი მომენტი არის ერთი - ეს კრიმინალი ციხიდან შარშან შეწყალებით გამოუშვეს. არადა, მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ სერიოზულად უნდა გადავხედოთ შეწყალების პოლიტიკას. ფაქტია რომ სტატისტიკა არ არის მანუგეშებელი. შეწყალებულთა ძალზე დიდი ნაწილი სწორ გზას ადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეწყალება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მათი სერიოზული ნაწილი დანაშაულის გზას უბრუნდება და ისევ საფრთხეს უქმნის საზოგადოებას. ის, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს თავისუფლად ვუშვებთ ეზოში; ის, რომ ჩვენ არ გვეშინია ჩვენი ოჯახის წევრები დაბრუნდებიან თუ არა ოჯახში საღ-სალამათი; ის, რომ ბევრი ადამიანი მანქანას აღარ კეტავს საქართველოში, განპირობებულია სწორედ ამ ბიჭების გმირობით და განსაკუთრებული გამბედაობით. იმდენი იძახეს პრესის საშუალებებით, რომ პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოს და ყოველთვის, როდესაც პოლიციამ იარაღი გამოიყენა, პოლიციელი დაადანაშაულეს, მოჰყავდათ სტატისტიკა და აწყობდენ დემონსტარაციებს "ჩვენი უდანაშაულოდ დაღუპული ბიჭები", რომ დღეს ეს ბანდიტი რომ მოეკლათ, ერთ-ერთ მიტინგზე მის სურათს გამოაკრავდნენ და სახელმწიფო ტერორის უდანაშაულო მსხვერპლად გამოაცხადებდნენ. ვინც ამ პლაკატებს აკრავს, იმათ სინდისზე იყოს ამ პოლიციელის სიცოცხლე. პოლიციას ამ შემთხვევაში იარაღი რომ გამოეყენებინა, არც ერთ მათგანს არაფერი არ მოუვიდოდა. იარაღი უნდა გამოეყენებინათ იმიტომ, რომ საქმე ჰქონდათ შეიარაღებულ ბანდიტთან, მაგრამ პოლიცია თითქმის დაკომპლექსდა სერიოზული პოლიტიკური კამპანიის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა, ზედმეტი ძალის გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ იქ სადაც იარაღია გამოსაყენებელი, უნდა გამოიყენონ, რათა საზოგადოება იყოს დაცული. მინდა ყოველ ჯერზე, როდესაც ასეთი დაღუპული კრიმინალის სურათს აჩვენებენ, იქვე იმ ათეულობით პოლიციელის სურათები აჩვენონ, რომელთაც თავი შესწირეს საზოგადოების დაცულობას და სიმშვიდეს. უპირველესად, საზოგადოება უნდა აფასებდეს იმას, ვინც მის მხარესაა. რაც შეეხება შეწყალების პოლიტიკას, აქ სერიოზული კორექტივებია გასაკეთებლი. საქართველოში ასეთი არაადამიანები, სახედაკარგული და გამხეცებული, თავზეხელაღებული კრიმინალები არ უნდა დათარეშობდნენ. ამაზე პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს შორის და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ასეც დარჩეს და რაიმე ყაყალბი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვითარება უკან ვერავინ ვერ შემოაბრუნოს. სამართლის უზენაესობა არის მთავარი, რაზეც ჩვენი საზოგადოების დაცულობა და სიმშვიდე დგას," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)