რელიზები
15.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკემა მანანა მანჯგალაძემ ბრიფინგი გამართა
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართულ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შექმნილ გაუგებრობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა - ამ საკითხზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანანა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეგობარი საქართველოს სურვილი არის მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციის თემა უკრაინაშივე გახდა დიდი რეზონანსის საგანი.
"საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს გეგმებში არ შედის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, საქართველო ამ არჩევნებში ვერც ჩაერევა და არც ჩაერევა. შესაბამისად, ვერც ერთი მხარის ინტერესებს ვერ დაიცავს."- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის ინფორმაციით, პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერა დაუშვებელი და გამორიცხულია.
ამასთან, ქართული მხარე მზად არის, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ უკრაინელმა დამკვირვებლებმა.
მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ქართველი დამკვირვებლების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ თავიდანვე ინფორმირებული იყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე ყველა ძირითადი კანდიდატი.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური