Google+

რელიზები

18.01.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტურისტული ზონების დაგეგმარების პრეზენტაცია გამართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაკურიანში მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და სამშენებლო და ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ საქართველოს მთიან ზონაში საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე ესაუბრა და ანაკლიისა და მესტიის ტურისტული დაგეგმარების პრეზენტაციაც გამართა. პრეზიდენტმა მათ მთავრობის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვით, ქვეყანას 5-6 წელიწადში ზამთრის ათი და რამდენიმე სათხილამურო კურორტი ექნება. ფოთში კი ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება, რომელიც 2012 წელს ამოქმედდება.

პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში კრიზისის გამო მშენებლობა შეფერხდა, კეთდება წყალსადენი, საკანალიზაციო სისტემები და გზები. მისი თქმით, ბაკურიანში მშენებლობა მკაცრ კოტროლზეა აყვანილი, რათა არ მოხდეს ის, რაც გუდაურში მოხდა. გუდაურში ქაოტური მშენებლობის დაშვება, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მთავრობის სისუსტე იყო. მისი თქმით, სანამ მთავრობა თბილისში უკანონო მშენებლობებს ებრძოდა, გუდაურში ძალიან დიდი ფართობი არასწორად იქნა ათვისებული - აშენდა საცხოვრებელი სახლები, სადაც ხალხი ან საერთოდ არ ადის, ან თუ ადის - თვეში ერთხელ. თუმცა, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დარჩენილი ფართობის ათვისება და განვითარება არც ახლაა გვიან; გუდაურის მთის მეორე მხარეს კი შესაძლებელია ახალი საბაგიროების დამონტაჟება. რაც შეეხება ბაკურიანის ახალ სათხილამურო ტრასას, როგორც მან განაცხადა, ის სხვა ქვეყნების კურორტების ტრასებს არფრით არ ჩამოუვარდება.

"ამ კურორტებზე ქაოტურად აღარაფერი მოხდება. ჩვენ ყველას შევუწყობთ ხელს და უფრო გაიშლება მშენებლობა, ვიდრე აქამდე, იქნება მაქსიმალურად ლიბერალური რეჟიმი, მაგრამ ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. მინდა, რომ საქართველოში ვაშენებდეთ არა ახალ საბჭოთა კურორტებს, არამედ ახალ დავოსებს, ახალ სენტმორისებს. ამაში გაზვიადებული არაფერია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მაღალმთიანი სვანეთის საკურორტო ზონად ქცევის შესახებაც ილაპარაკა და მესტიასა და ჭუბერში დაგეგმილი სამუშაოების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.

"სვანეთი არც ისე შორსაა, როგორც გვგონია. თბილისიდან ზუგდიდამდე ჩასვლას ახალი ავტობანით 2 საათი და 20 წუთი დასჭირდება, ზუგდიდიდან მესტიამდე - 2 საათი, ხოლო ჭუბერამდე - 1 საათი", -აღნიშნა მან.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მესტია ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია ევროპაში და მას ტურისტისთვის ბევრი სერვისის შეთავაზება შეუძლია. მისი თქმით, მიმდინარე წელს მთავრობის ამოცანაა მესტიაში ძველი საბაგიროს აღდგენა, ახალი საბაგიროს აშენება, ოლიმპიური ზომის ღია საციგურაო მოედნის მოწყობა და უშბის პლატოს კარგად შესწავლა. პრეზიდენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მესტიის შიდა გზების დასრულება, გზის ჭუბერამდე მიყვანა და წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაავალა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების შედეგად, უახლოეს ხუთ წელიწადში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა გახუთმაგდება.

"მესტიაში არის ის, რაც არის ძალიან ცოტა ადგილებში ევროპაში, ეს არის საზაფხულო-სათხილამურო ტრასა - უშბის პლატო, რომელიც ოლიმპიური ზომისაა. ამ ზომის ოლიმპიური ტრასა ერთადერთია ევროპაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, პარალელურად ვითარდება ანაკლიის კურორტი, რომელიც მესტიიდან 1,5-2 საათის სავალზეა და მესტიაში ჩასულ ტურისტს ზღვაზე ჩავლის საშუალებაც ექნება.

პრეზიდენტის განცხადებით, გუდაური არ არის საზაფხულო კურორტი, რადგან ის ალპურ ზონას მიეკუთვნება, მესტიაში კი საუკეთესო ჰავაა. მისი თქმით, მესტიაში დიდი კულტურული პოტენციალია (X-XI საუკუნის 100-ზე მეტი კოშკია) და დამსვენებლებისთვის ამ მხრივაც საინტერესო იქნება.

"უნიკალური საგანძურებია მუზეუმებში არა მხოლოდ მესტიაში, არამედ უშგულშიც", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იგი სამთო-სათხილამურო კურორტებზე კვების პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ზამთრის არც ერთ კურორტზე ეს საკითხი სათანადოდ არ არის განვითარებული, ხოლო მესტია, მისი თქმით, ამ მხრივაც ძალზე პერსპექტიულია.

ასევე პერსპექტიულ კურორტად მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი ჭუბერსაც, რადგან, მისი განცხადებით, ჭუბერი მონაცემებით - მზიანი დღეებისა და თოვლის რაოდენობით, სასრიალო ადგილების მოცულობით, გუდაურსაც სჯობს.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სვანეთში მშვიდი და სტაბილური მდგომარეობაა, არადა ერთ დროს კრიმინალთა თავშესაფრად იყო ქცეული. მისი თქმით, დღეს ყველაზე ღარიბი რეგიონი, მალე უმდიდრეს ადგილად უნდა გადაიქცეს.

"ადრე სვანეთი აფრასიძეებზე, კრიმინალებზე გადაცემული ადგილი იყო. დღეს თბილისში ზოგიერთებს სწყინთ კიდეც, რომ ეს ადამიანები დავიჭირეთ და ისინი პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანეს. როგორ არ ვთქვა უხეშად იმ ხალხზე, ვინც ამას გვიკეთებს? ე.წ პოლიტიკური ელიტიდან ზოგიერთის ასეთი დამოკიდებულება ინცესტს მახსენებს. შეიძლება საკუთარ ქვეყანას ასე ეპყრობოდე?!" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქუთაისში უახლოეს 3-4 წელიწადში 300 ათასი ადამიანი იცხოვრებს, ამდენივე - ბათუმში, ხოლო 150 ათასი - ფოთში. შესაბამისად, აღნიშნულ კუთხეებში იმდენივე ადამიანი იქნება, რამდენიც მთლიანად თბილისში. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კურორტები არა მარტო შიდა მოხმარების უნდა იყოს, არამედ ტურიზმი მთავარი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს.

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თებერვლიდან საქართველოს კურორტების რეკლამირება დაიწება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საერთაშორისო არხებზე ინფორმაციული რგოლები და გადაცემები გავა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)