საქართველოს პრეზიდენტი „ბაქო-თბილისი-ყარსი–ახალქალაქის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშოებს ადგილზე გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალქალაქს ესტუმრა და „ბაქო-თბილისი-ყარსი–ახალქალაქის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშოებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, რომელიც კარწახსა და ახალქალაქში აღნიშნულ სამუშაოებზე არის დასაქმებული.
ქვეყნის პირველმა პირმა, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის ამ უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტის განხორციელების პროცესში მთვრობა გაურკვეველ, ხელოვნურ დაბრკოლებებს ქმნის, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. მისი შეფასებით, მსგავსი პრობლემები აფერხებს მშნებლობის ტემპს, რაც, მისივე თქმით, ყოვლად დაუშვებელია. პრეზიდენტის განცხადებით, რკინიგზა, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სექტორის განვითრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შექმნილი დაბრკოლებების გამო კი , ქვეყანამ სატრანზიტო გადაზიდვის მხრივ, მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა.
„ამ პროექტს ისტორიული, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ იმის გამო, რომ სერიოზული შეფერხებებია დაფინანსების მხრივ. ბევრი გაურკვეველი საკითხი წარმოიქმნა უცებ აზერბაიჯანულ მხარესთან, იმის ნაცვლად, რომ ეს პროექტი წელს დასრულებულიყო. პირადად მე ვვარაუდობდი, რომ ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადას იმ მნიშვნელოვანი რკინიგზის საზეიმო გახსნით დავასრულებდი, რომელიც საქართველოს ევროპასთან შეაერთებდა. რეალურად, ეს რკინიგზა არის ჩინეთისა და ლონდონის შემაერთებელი რკინიგზა და თუ ევროპისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, საქართველოსთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ გვიწევს საუბარი იმის თაობაზე, რომ ეს რკინიგზა ვერ დამთავრდა ვერც წელს და, როგორც დღეს დავრწმუნდი, ვერ დასრულდება ვერც მომავალ წელს. სამწუხაროდ, ამას კიდევ ორი წელიწადი დასჭირდება. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგეთ ავღნური ტვირთი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. ლაპარაკია ავღანეთიდან ამერიკის ტვირთის გადაზიდვაზე, რაც უამრავ ბიზნესს შექმნიდა საქართველოში. როდესაც ასე ინტენსიურად ვლაპარაკობთ აფხაზეთზე გამავალი საქართველო–რუსეთის რკინიგზის გახსნის შესახებ, პრაქტიკულად, ეს არის დროის წინააღდეგ მუშაობაა, რადგან სწორედ რუსეთს აძლევს ხელს ამ რკინიგზის მშენებლობის შეფერხება, რათა სამაგიეროდ, სასწარაფოდ გახსნან აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი. მას სურს პლაცდარმი გაიკეთოს საქართველოში და არა ის, რომ საქართველომ გაიხსნას გზა ევროპაში. ეს არის ძალიან სერიოზული, სტრატეგიული და ბინძური თამაში, რომელიც საქართველოს გარშემო ვითარდება. არ მინდა, რომ საქართველოს რომელიმე მთავრობა აყვეს ამ თამაშებში. პრაქტიკულად, ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ძალიან დიდი ეკონომიური პროექტი, რომელიც ზრდიდა საქართველოს სტრატეგიულობას. ეს პროექტი თითოეულ მოქალაქეს გაუმართავდა ხელს და საქართველოს გაუხსნიდა ფანჯარას ევროპაში. არ მინდა, ამ თამაშებით ეს ფანჯარა დაგვეხუროს. დღეს ვნახე, რომ იქ ხალხი ცდილობს, მუშაობს, ენთუზიაზმიც აქვთ, მაგრამ ეს იმის მეათედი მასშტაბიც არ არის, ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად – სამწუხაროდ, ეს პროექტი წელს აღარ მოესწრება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ განსაკუთრებული ზომები მიიღონ, რათა პროექტი მომავალ წელს მაინც დასრულდეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
„ბაქო-თბილისი-ყარსის–ახალქალაქის“ რკინიგზის პროექტი ახალი სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზას. მისი განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, სარკინიგზო დერეფანი გაიხსნება კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც, საბოლოოდ, საზღვაო გზით გადაზიდვის აუცილებლობას გამორიცხავს.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.