25.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ვიცე-პრემიერი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერს ალექსანდრე ვილკულს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ყურადღება მთავრობათაშორისი კომისიის მუშობის განახლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და სხდომების გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ლაპარაკი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, დონეცკსა და ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულოებისთვის კლასის დაწევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "წარმოუდგენელი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა“.
"თუ ნოტა უკვე გავაგზავნეთ, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ვაუქმებთ გენერალურ საკონსულოსებს ოდესასა და დონეცკში. ახლა უკრაინასთან ურთიერთობის დონის დაქვეითების დროა?!
გადაწყვეტილებას იღებენ იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნული კონსული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნული კონსულით შეიცვალოს. ეკითხათ და თვად მოვხსნიდი. ამით ხომ საქართველოს აზიანებთ. ჩვენს მთავარ პარნტიორთან, უკრაიანასთან წარმომადგენლობის დონეს ვადაბლებთ მხოლოდ იმის გამო, რომ მე ჯინში ჩამიდგეს ვინმე. ვფიქრობ, ეს ანტისახელმწიფოებრივი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა მაშინ, როდესაც უკრაინა ჰაერივით გვჭირდება. მე მინდა ყველამ გაიგოს, ეს არის სტილი, რომელიც სრულიად მიუღებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობას ასუსტებს და არასწორია ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ პიროვნული ქიშპის გამო ვასუსტებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას,"- განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ევროკავშირის მინისტერიალზე გაკეთებული განცხადებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიდის.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, გუშინ, სამწუხაროდ, წამყვანმა მინისტრებმა საქართველო "აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრ იმ ქვეყნებს შორის მოიხსენიეს, რომელთაც მიმდინარე შიდა სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესების გამო, ევროკავშირში წინსვლასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. მიმაჩნია, ჩვენ ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს ვითარების გამოსასწორებლად და ამ საკითხზე უნდა ვიმუშავოთ... ეს არ არის უბრალოდ საპარლამენტო ორგანო, ეს არის ევროპის კავშირის უმთავრესი ორგანო. კიდევ კარგი, საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღეს და მხოლოდ გაგვაფრთხილეს, თუმცა ძალიან მკაცრად. შემდეგი იქნება გადაწყვეტილება, მას კი ვეღარ შევცვლით და საქართველოს მრავალი წლით დავხევთ უკან. ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ყველაფერი კარგად არის - კარგად არ არის! საქართველო მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ და ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ იმის მიუხედავად, თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.