Google+

რელიზები

26.05.2010
საქართველოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე სამხედრო ფორმით მივიდა და მონუმენტი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე სამხედრო ფორმით მივიდა და მონუმენტი გახსნა. "რამდენი ახალი შენობა და ქალაქი არ უნდა ავაშენოთ, ახალი გზა და ესტაკადა არ უნდა შევქმნათ, ყველაფერ ამისი საწყისი და საფუძველი ამ ადამიანების გმირობაა",-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას ყოველთვის აწუხებდა აზრი, რომ საქართველოში არ იყო დაღუპული მებრძოლების მონუმენტი, თითქოს ხდებოდა მივიწყება იმ გმირობის, რომელიც ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის ჩაიდინეს. 
"იყვნენ დანებების მოსურნეები და სხვისი ჩექმის წვერის გემოს მოტრფიალეები, მაშინ ამ ხალხმა მიატოვა საქართველო, მაგრამ საქართველო არ მიუტოვებიათ პატრიოტებს. პატრიოტები არიან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, მონუმენტზე არის ოსების, აფხაზების, სომხების, აზერბაიჯანელების გვარები. მე არასოდეს არ გავყოფ მათ, ისინი სამმაგად ქართველები არიან. სისხლის ფასად მათ ყველამ ერთად გადაარჩინეს საქართველო"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ მონუმენტის ცარიელ ადგილებს ახალი გვარები აღარ დაემატოს, თუმცა აღნიშნა, რომ გადამწყვეტ მომენტში თითოეული ქართველი სამშობლოს დაცვისთვის მზად უნდა იყოს. 
"აქ არის 4000 გმირის სახელი. აქ არის ბევრი ცარიელი ადგილი და ვისურვებდი, რომ აქ გვარები არ დაემატოს, მაგრამ თუ გვინდა, რომ არსებობდეს საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, ჩავიცვათ ეს ფორმა; უნდა ვიყოთ მზად, გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ მზად, დავეცეთ ჩვენს მიწაზე და ჩვენი სახელები დაეწეროს მონუმენტის ცარიელ ადგილებზე" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მონუმენტი მთელი ღამით იქნება განათებული და მისი დანახვა ნებისმიერი მფრინავი ობიექტიდან იქნება შესაძლებელი.
"მონუმენტის იდეა ეფუძნება იმას, რომ მონუმენტი უნდა იყოს მსუბუქი, გამჭვირვალე და - არა მძიმე, არა ძალიან ნაღვლიანი. მთავარია, რომ ამ მონუმენტზე ოქროს ასოებით უნდა იყოს გამოსახული მათი გვარები და სახელები. ეს მონუმენტი უნდა იყოს, როგორც განათებული ლამპარი, რომელიც იქნება დიდი სინათლის სვეტი და ვინც არ უნდა გადაუფრინოს საქართველოს, ეს სვეტი გამოჩნდება ყველა თვითმფრინავიდან. ეს არის ჩვენი მებრძოლების განათებული სულები " - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნის ჩექმები თელავენ ჩვენი მიწის საუკეთესო ნაწილს, მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო დგას, როგორც თავისუფლების სიმბოლო. "2008 წლის აგვისტოში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის გეგმა რომ შესრულებულიყო, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღარ ექნებოდა - დღეს აღარ იქნებოდა, არც საქართველოს დედაქალაქი და აღარ იფრიალებდა ამაყად საქართველოს დროშა, დღეს აღლუმს კი არ აღვნიშნავდით, არამედ აღვნიშნავდით გასაბჭოების დღეს, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი კიდევ აღნიშნავს. ქართველმა გიმრებმა შეაჩერეს საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე დღით ის ჯარი, რომელმაც 24 საათში აიღო ავღანეთი, 48 საათში  -  ჩეხოსლოვაკია და რამდენიმე დღეში  - უნგრეთი",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტიმა. 
მისივე თქმით, ქართველმა მებრძოლებმა საქართველოს მთავრობას მისცეს შესაძლებლობა, რუსული აგრესიის შესახებ ეცნობებინა მსოფლიოსთვის და  რუსეთი  შეეჩერებინა ყველანაირი დიპლომატიური ქმედებებით.
"ვიდრე ვცხოვრობ, მე ვიქნები ვალში მათ წინაშე", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)