Google+

რელიზები

14.10.2010
საქართველოს პრეზიდენტმა ოლეგ ბასილაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო  ორდენით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა გამოჩენილ მოღვაწეს პრეზიდენტის სასახლის შენობაც დაათვალიერებინა.

 „ვფიქრობ, შეუძლებელია ზედმეტად შეაფასო ის, რაც თქვენ საზოგადოებრივი მოღვაწეობისას, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და დაახლოებისთვის გააკეთეთ. თქვენ ამას აკეთებდით არა მარტო იმიტომ, რომ ქართული გვარი გაქვთ, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბევრი სხვა მოღვაწე ბევრს აკეთებდა ამ ხალხის დასაშორებლად. არა მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ ასე - ამას ისტორიაც სათანადოდ შეაფასებს. ერებს აქვთ სხვადასხვა პერიოდი, აქვთ სხვადასხვა, თითქმის, გადაულახავი პრობლემა, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ. ჩვენთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი  ხელოვნების განვითარებაში შეტანილი თქვენი დიდი წვლილისთვის და, ამავდროულად, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად, რომელმაც არ უნდა დაივიწყოს ისინი, ვისაც მოქალაქეობრივი პოზიცია ეკავა და მეგობრობისა და სიმართლის მხარეს იდგა", - განაცახდა საქართველოს პრეზიდენტმა.

„მე მხოლოდ ერთი მინდა ვთქვა - ის, რაც ახლა ხდება, ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელია და დიდი ბედნიერებაა. რა შემიძლია გითხრათ? მამაჩემი და ბაბუაჩემი აქედან არიან, ჩემი ნახევარძმა ქართველი იყო. ის დაიღუპა. 41-43 წლებში მე, დედაჩემი და ბებიაჩემი საქართველომ შეგვიფარა - თბილისის უნივერსიტეტმა თავშესაფრად პატარა ოთახი მოგვცა, მაგრამ კარგად ვცხოვრობდით - როგორც ყველა, ჩვენც ვშიმშილობდით და როგორც ყველას, ჩვენც ისე გვიხაროდა. ჩვენთვის და თქვენთვის, ყველასთვის საქართველო უფრო მეტია, ვიდრე მოძმე ერი. მოძმე ერები ბევრი გვყავს, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს ის, რაზეც ბატონი პრეზიდენტი საუბრობდა და ამ კავშირის გაწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, ეს ყველას კარგად გვესმის. გავიხსენებ ლიხაჩოვის სიტყვებს, რომელიც კულტურაზე დეკლარაციას წერდა და მას ამ სიტყვებით ასრულებდა: „პოლიტიკური სისტემების, თვით სახელმწიფოების არსებობა კულტურის მიღმა ყოველგვარ აზრს კარგავს". თითქოს თავხედური გამონათქვამია, მაგრამ ეს სწორედ ასეა, რადგან ერთადერთი, რაც კაცობრიობის მეხსიერებაში რჩება არის ის, რაც შორეული ქვეყნების და ადამიანების გულებმა შექმნეს. ეს არის ის, რაც ადამიანებს აახლოებს, რაც ჩვენი გულების უნისონში ფეთქვას გამოიწვევს. ბედნიერი ვარ მოგილოცოთ ეს დიდი დღესასწაული და მეორე, ბედნიერებაა, რომ მიმდინარეობს ფესტივალი, რომელმაც შესაძლოა მცირე წვლილი მაინც შეიტანოს ჩვენი დაახლოების საქმეში. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ჩვენი ურთიერთობა უწინდებურად ძმური, მეგობრული და თბილი გახდეს", - აღნიშნა ოლეგ ბასილაშვილმა და გამოსვლა მაიაკოვსკის ლექსის სტრიქონებით დაასრულა: Лишь только нога вступила в кавказ, я вспомнил что я грузин!  

ოლეგ ბასილაშვილის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)