Google+

რელიზები

01.12.2010
მსოფლიოს ლიდერები მხარს უჭერენ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას

ეუთოს სამიტზე მსოფლიო ლიდერების მიმართვებში საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ოფიციალური გამოსვლისას, მათ საქართველოს პრეზიდენტის ახალი სამშვიდობო ინიციატივა დადებითად შეაფასეს, ხოლო რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ. ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს მისიის განახლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აუცილებელი და ძალზე მნიშვნელოვანია. ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივა დადებითად შეაფასა და მხარი დაუჭირა იმას, რომ ეს საკითხები ასტანას სამიტზე მიღებულ საბოლოო დოკუმენტში აისახოს. სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი: კონფლიქტების წარმოშობის და გამწვავების თავიდან ასაცილებლად, ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ეუთოს როლის გაძლიერება. ამის უკეთ გაკეთება არც ერთ სხვა რეგიონალურ ორგანიზაციას არ შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ საქართველოს საკითხით, რომლის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს, შეერთებული შტატები ძლიერად უჭერს მხარს. სამწუხაროა, რომ ეუთოს  წევრმა ქვეყანამ შემოგვთავზა მისიის მასპინძლობა და ეუთოს უფლება არ მიეცა რეაგირება მოეხდინა. ამ ორგანიზაციას საშუალება უნდა მივცეთ საკუთარი საქმე აკეთოს და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისი ეფექტიანი მისია აღადგინოს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს პატივი სცენ და შეასრულონ აგვისტო-სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირებას  ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ და იმედს გამოვთქვამთ, მისი დაპირება ახალი დიპლომატიური საფუძვლის შექმნაში დაგვეხმარება. 

ევროკავშირის პრეზიდენტი - ჰერმან ვან რომპუი:  ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენას, ადამიანის უფლებათა, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ეფუძნება. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართული მხარის გადაწყვეტილებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. 

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - ფრანსუა ფიიონი: ჩვენი წინადადება ეფუძნება იმას, რომ უსაფრთხოების დასაცავად 21 საუკუნეში წინა საუკუნის მეთოდებს ვერ გამოვიყენებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სქართველოს ტერიტორიულ მთლიაონობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ მხარეებს ბოლომდე შეასრულონ აგვისტო- სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალე ინიციატივას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მიიღოს ეს შეთავაზება. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ნიკ კლეგი: დიდი ბრიტანეთი აქ წარმოდგენილი ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ეუთოს მისიის აღდგენა აუცილებლობას  წარმოადგენს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის  მოლაპარაკებების პროცესში. მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნას ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ყველა მხარეს უბიძგებს კონფლიქტი მშვიდობიანი გზებით გადავჭრათ. 

რუმინეთის პრეზიდენტი - ტრაიან ბასესკუ: 2008 წელს საქართველოში მომხდარმა  ტრაგიკულმა მოვლენებმა, სამწუხაროდ, იმ  მარცხის არსებობა შეგვახსენა, რომელმაც ეუთოს ნდობასა და იმიჯზე  უარყოფითი გავლენა მოახდინა. ეუთოს სტრატეგიული მიზანია გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება დიალოგისა  და თანამშრომლობის გზით. ქალბატონებო და ბატონებო, თუ გვსურს წარმატებული ვიყოთ კონფლიქტების გადაჭრის  პროცესში, უპირველეს ყოვლისა, ვითარების გაუმჯობესების  მხრივ,  შედეგს დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში,  მთიან ყარაბახში უნდა მივაღწიოთ,  რაც ძალის გამოყენებით ყოვლად დაუშვებელია. 

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი - კარლ შვარცენბერგი: სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კონფლიქტების თავიდან აცილებისა  და გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ეუთოს ფარგლებში პროგრესის მიღწევა ვერ შევძელით. საქართველოსთან მიმართებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება პროგრესის მიღწევის წინაპირობა უნდა გახდეს. ამ კონტექსტში, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ეუთოს მისიის აღდგენისკენ იქნება მიმართული.

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი - მარკ რუტე: ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ ევროპაში არსებული ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა  საქართველოს, მოლდოვასა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტები.  

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - კარლ ბილდტი: ჩვენ უნდა განვაახლოთ საერთაშორისო მხარდაჭერა და ძალისხმევა არ დავიშუროთ  საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. ეს მოიცავს უსაფრთხოების მხრივ სიტუაციის სტაბილიზაციას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში,  ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების მოგვარებას და ეუთოს მანდატის აღდგენას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  

ჩვენ მტკიცედ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებულ ფარგლებში; ასევე საქართველოს ინიციატივას ძალის ცალმხრივად გამოუყენებლობის შესახებ. აქ გამომსვლელების მსგავსად, მეც მივესალმები ახალ ინიციატივას რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე.  

გერმანიის კანცლერი - ანგელა მერკელი: გულწრფელად უნდა განვაცხადოთ, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს ჩვენ ნდობის სერიოზული კრიზისი გადავიტანეთ და  მოხარული ვართ, რომ კორფუს პროცესის შედეგად ეს კრიზისი უკვე გადავლახეთ. თუ გავითვალისწინებთ ლისაბონის სამიტზე ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრას, რუსეთის თანამშრომლობას ევროკავშირთან და დღევანდელ შეხვედრას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნდობის აღდგენა ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია. ეუთოს თითოეული წევრი ქვეყნის მშვიდობა დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებაზე, ამიტომ აუცილებელია გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჟენევის დისკუსიებზე, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოება, გავაუმჯობესოთ არსებული ვითარება ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მხარს ვუჭერ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიების მუშაობის აღდგენას. 

ვალდის ზატლერსი - ლატვიის პრეზიდენტი: ეუთოს ქვეყნების ტერიტორიებზე  ჩვენ ამ დრომდე ვხვდებით გაჭიანურებულ  კონფლიქტებს და აუცილებელია ამ ტერიტორიებზე კერძოდ,  საქართველოს  ტერიტორიასა და დნესტრისპირეთში ეუთოს მისიის დამკვირვებელთა მონაწილეობა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი - სილვიო ბერლუსკონი: ახლა, როდესაც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვა ხდება, არის შესაძლებლობა, რომ რეგიონში - როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში, კონფლიქტების მოგვარებისათვის დიალოგი ვაწარმოოთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)