Google+

რელიზები

12.07.2013
ანდრო ბარნოვი: „მძიმეა იმის გააზრება, რომ თენგიზ გუნავა სასამართლოს წინაშე იმართლებს თავს, ახალი მთავრობა კი ლამის გმირად  აცხადებს ბედუკაძეს“...

იმ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ კამპანიის ფონზე, რომელიც თითქოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ძალიან დიდი შეშფოთება მინდა გამოვხატო სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ბატონი თენგიზ გუნავას დღევანდელი დაპატიმრების გამო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ახალი ხელისუფლება დიდი ხანია სდევნის ბატონ გუნავას, მას ჩაუდეს იარაღი, ნარკოტიკები, ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ზეწოლას, მათ შორის სასამართლოს გზით, თუმცა დღემდე ვერაფერი დაუმტკიცეს. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ გუშინ ვესაუბრე როგორც თენგოს, ისე მის ადვოკატს და გამოვიკითხე საქმის დეტალები. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს არ ქონდა მისი დაკავების უმცირესი საფუძველიც კი. ერთ ეპიზოდში, რომელიც საწვავის ხარჯვას შეეხება, მის წინააღმდეგ არგუმენტი საერთოდ არ არსებობს, მეორე ეპიზოდში კი, სადაც თანხის მითვისებას ედავებიან, რეალურად, საუბარია უმნიშვნელო ადმინსტრაციულ გადაცდომაზე, ანუ იმაზე, რომ მან რაღაც ეპიზოდში პატაკის დაწერა დააგვიანა.

გამოძიებას თავისუფლად შეეძლო, დაედგინა საქმის რეალური გარემოებები და მხოლოდ ძალიან სუსტ, ფორმალურ არგუმენტებს არ დაყრდნობოდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონმა თენგიზმა ოთხჯერ მოითხოვა ეს, რაც მისი დაკითხვის სხვადასხვა ოქმებშია აღნიშნული. ამის მიუხედავად, გამოძიებამ რეალურ გარემოებებს გვერდი აუარა, მეორე მხრივ კი, სასამართლომ არ დაავალდებულა გამოძიება, რომ შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები განეხორციელებინა.

ასევე, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ თენგიზ გუნავა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლისა და მამაცობისათვის ორჯერ არის დაჯილდოებული ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ასევე - გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის ორდენებით. ეს არის ადამიანი, რომელიც იარაღით ხელში იბრძოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის როგორც ომამდე, ისე 2008 წლის ომის დროს. 2008 წლის ომის მსვლელობისას, მას უშუალოდ უკავშირდება იმ ოპერაციის ხელმძღვანელობა, რომლის დროსაც ჩვენმა მებრძოლებმა, საკუთარი სიცოცხლის უდიდესი რისკის ფასად, რუსებისგან დაიცვეს ე.წ. ბუკის ბატარეა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თენგიზ გუნავა არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი და საქართველოს გმირი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. 

ძალიან მძიმეა იმის გააზრება, რომ თენგიზ გუნავა და ძალიან ბევრი თავდადებული მებრძოლი დღეს სასამართლოს წინაშე იმართლებენ თავს, ამ დროს კი ახალი მთავრობა ლამის გმირად  აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძეს, წყვეტს მის წინააღმდეგ გამოძიებას და მის სრულ რეაბილიტაციას ცდილობს. ეს ნამდვილად სამარცხვინოა და ალბათ მართლაც არის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდი. ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნებას და კომენტარებს შემდგომ გავაკეთებთ და ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებაც საზოგადოებას ამის შემდეგ ვაცნობებთ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)