Google+

რელიზები

24.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მესტიაში ახლადდასრულებული ობიექტები დაათვალიერა

მესტიაში ახალი, თამარ მეფის სახელობის აეროპორტი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. პირველი რეისი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა - თვითმფრინავს იგი თავად მართავდა.

„გვერდით პილოტი  მეჯდა, რომ ვითრების გართულების შემთხვევაში, მართვა გაეგრძელებინა, მაგრამ ჩემი გამოუცდელობის მიუხედავად, ეს გზა თავისუფლად დავფარე. არც ისე ძნელი აღმოჩნდა მესტიის პოვნა მთებს შორის. მესტია უფრო ახლოსაა, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია საქართველოში. ის არის საქართველოს გვირგვინი, ისევე, როგორც მთელი სვანეთი. მინდა მოგილოცოთ ამ აეროპორტის გახსნა, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებს. სვანეთში ბევრი ადგილია მის სახელთან დაკავშირებული და მათ კიდევ ერთი დაემატა - ახალი, 21-ე საუკუნის აეროპორტი", -  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალი აეროპორტი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს, მაგრამ რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების გარანტი ის თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობაა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დამონტაჟდა. აეროპორტს 120 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს და ამინდის მიუხედავად, მცირე ლაინერების მიღებას ნებისმიერ სეზონზე შეძლებს. თბილისი-მესტიის მიმართულებით რეისებს კანადური ავიაკომპანია „Kenn Borek Air" შეასრულებს და ბილეთის ფასი 150 ლარი იქნება. აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და სრულიად ახალი შენობა აქვს, რომელიც ცნობილმა გერმანელმა არქიტექტორმა მაიერმა დააპროექტა.

პრეზიდენტმა ასევე სამთო-სათხილამურო კურორტიც გახსნა, რომელი უკვე პირველ დამსვენებლებს იღებს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს და აქ წელიწადის ყველა დროს თოვლია. ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა და საბაგირო გზითაც ისარგებლა. პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იმის თაობაზე, თუ რა შესაძლებლობაა აქ ზამთრის ტურიზმის და სათხილამურო სპორტის განვითარების თვალსაზრისით. ამჟამად აქ სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ მოყვარულთათვის, არამედ სპორტული შეჯიბრებების ჩასატარებლადაც არის შესაძლებელი. აქ უკვე მოქმედებს სასტუმრო, რომელმაც პირველი სტუმრები მიიღო. პირველი სათხილამურო ტრასა 1400 მეტრი სიგრძისაა და ის იტალიურმა კომპანიამ „ლაიტნერმა" ააშენა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კურორტს დიდი პოტენციალი აქვს და მის გასავითარებლად  ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ.  

მიხეილ სააკაშვილმა მესტიის მრავალპროფილური საავადმყოფოც დაათვალიერამ რომლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.

„ბაკურიანსა და გუდაურში შარშანწინდლამდე, ვიდრე პირადად არ დავინტერესდი, ვერავინ ვერ მოიფიქრა ვერც ერთი მთავრობის დროს, რომ ელემენტარული ტრავმატოლოგიური პუნქტი გაეკეთებინათ. მთავარი შეცდომა იყო ეს. ადამიანს რაიმე რომ დამართოდა მთაში, ან თუნდაც სათხილამურო ტრასაზე, არც რენტგენის გადასაღები აპარატურა ჰქონდათ და არც საპროცედურო კაბინეტი. დაშავებული მანქანით გადაყავდათ თბილისში.  კურორტის გახსნამდე, სწორედ საავადმყოფო უნდა გაგვეკეთებინა. აქ მალე მოსახლეობაც გაიზრდება და მას კვალიფიური სამედიცინო მომსახურება უნდა გაუწიოთ, ისეთივე, როგორიც ავსტრიულ-შვეიცარიულ კურორტებზეა. მეტსაც გეტყვით - აქ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაც შეიძლება. შესაძლებელია ისიც, რომ ხალხი სამკურნალოდ უცხოეთიდან ჩამოვიდეს, როგორც არის ფეშენებელურ უცხოურ კურორტებზე. მსგავს ადგილებში საავადმყოფოს კომერციული მომგებიანობა აქვს, ხალხი კი, რა თქმა უნდა, დაზღვეული იქნება და ამ მომსახურებით ისარგებლებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მესტიის საავადმყოფოში უკვე განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა ტრავმატოლოგიური და სასწრაფო გადაუდებელი განყოფილებები. საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოემსახურება. ამჟამად, სრულად არის რეაბილიტირებული საავადმყოფოს ერთი ნაწილი, ასევე ფუნქციონირებს აფთიაქი. მრავალპროფილური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია მომავალი წლის პირველ დეკემბერს დასრულდება. მეორე ეტაპზე განახლდება და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება სამშობიარო, პედიატრიული, ამბულატორიული და სტომატოლოგიური განყოფილებები.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)