Google+

რელიზები

18.02.2011
საქართველოს პრეზიდნეტი თბილისის წისქვილკომბინატს და კოდის მეფრინველეობის მეურნეობას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი დღეს თბილისის წისქვილკომბინატს ეწვია და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ხორბლის მარაგის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.  მიხეილ სააკაშვილი იმითაც დაინტერესდა, ხომ არ ემუქრება ქვეყანას ხორბლის დეფიციტი და, შესაბამისად, ამ მიზეზით, ფასების კიდევ უფრო ზრდა. როგორც ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტს განუცხადა, ამის საშიშროება საქართველოში  აღარ არის, რადგან განხორციელებული პრევენციული ზომების შედეგად, დეფიციტი აღარ შეიქმნება. პრეზიდენტმა წისქვილკომბინატი პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო, როგორ ხდება საცავებში ხორბლის დაცვა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იმისათვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, აუცილებელია საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის ელევატორი, ტერმინალები და გადაზიდვის ცენტრები შეიქმნას.    

„როდესაც ვამბობ, რომ უნდა მოხდეს სინგაპურიზაცია, სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ საქართველო ასეთი რეგიონალური ტერმინალი და გადაზიდვის ცენტრი უნდა გახდეს. მაშინ ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცული იქნება. პროდუქციის გაძვირების დროს ვხდებით მსხვერპლი. კარგია, რომ დეფიციტი არ იქმნება, მაგრამ ხალხისთვის ფასები იზრდება. როგორც კი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრში მოვექცევით, ფასების ზრდით ქვეყანა იხეირებს და უმწეო მსხვერპლის სტატუსი აღარ გვექნება  - პირიქით, ამით ის პროაქტიულად მოსარგებლე გახდება. ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით, ჩვენ არა მარტო საქართველოს უნდა ვამარაგებდეთ, არამედ მთელ შავიზღვისპირეთს, მთელ კავკასიას და შუა აზიის ცენტრებსაც. პასიურ მდგომარეობაში კი არ უნდა ვიყოთ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვისარგებლოთ შექმნილი მდგომარეობით. უნდა გვქონდეს მოკლევადიანი გეგმა იმის თაობაზე, როგორ შევამციროთ დარტყმა და გრძელვადიანი გეგმა, ანუ ზუსტი სტრატეგია იმისა, როგორ მივიღოთ სარგებელი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

მიხეილ სააკაშვილი სასურსათო ვაუჩერების თემასაც შეეხო, რომელთა დარიგება მარტიდან დაიწყება. მისი თქმით, ეს თემა კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ვაუჩერების დარიგება კუპონიზაციას გამოიწვევს.

„ეს კუპონისგან რადიკალურად განსხვავებული რამ არის, რადგან შეგვიძლია სასურსათო ვაუჩერი ნებისმიერ ბანკში ფულზე - ქართულ ვალუტაზე გადავცვალოთ, რომელიც, სხვათა შორის, მნიშვნელოვნად გამყარდა. ამიტომ, 90-იანი წლების ტალონებისა და კუპონებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველდღე უფასურდებოდა, ეს არის მყარი ვალუტა. უბრალოდ, ადამიანს ფულის ნაცვლად ამ ვაუჩერს იმიტომ ვაძლევთ, რომ მან ის შეიძლება სხვას გადასცეს. ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ ის შოკი, რომელიც პროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი დღესვე კოდის მეფრინველეობის მეურნეობას ესტუმრა და საწარმოს მუშაობითა და მის მიერ გამოშვებული პროდუქციის რაოდენობით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კვერცხი და ფრინველის ხორცი ის პროდუქციაა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად შეეხო ფასების ზრდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს ადგილობრივი წარმოების განვითარების დამსახურებაა.   

„როდესაც რაღაც სფეროში იდება ინვესტიცია, ამ სფეროს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია. ეს მაგალითი უნდა იყოს მათთვის, ვისაც სიმინდი და ხორბალი მოჰავს. ახლა, სიმინდისა და ხორბლის მწარმოებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა შევხვდე, რათა ისინი დავაინტერესო და მეტი სიმინდი აწარმოონ. მათ შეეეძლებათ სარგებელი ნახონ მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდით და, ასევე, დააკმაყოფილონ შიდა ბაზარი. ჩვენ შესაძლებლობა გვიჩნდება, რომ უახლოეს წლებში საქართველოში მეტი სიმინდი ვაწარმოოთ და შემდეგ ექსპორტზე გავუშვათ. რაც მთავარია, ამით მეფრინველეობას შევუქმნით ბაზას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

კოდის მეფრინველეობის მეურნეობას ადგილობრივი ბაზარი სრულად - 100 პროცენტით აქვს ათვისებული და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზეც გააქვს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)