Google+

რელიზები

02.02.2011
საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დავალებების შესრულების შესახებ მოსთხოვა ანგარიში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერების პროგრამის განხორციელების პროცესით დაინტერესდა და მსოფლიოში პროდუქტების გაძვირებასთან დაკავშირებით, მინისტრებს ახალი ღონისძიებების დასახვა დაავალა.     

„იყო დავალება, რომ მსოფლიოში ფასების ზრდით განპირობებული სირთულეები ხალხისთვის მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა. პირველი დავალება იყო ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, რადგან ზამთრის პერიოდში ოჯახებს ყველაზე მეტად, ალბათ, სითბო სჭირდებათ და ვაუჩერები, გარკვეულწილად, მათ გარემოებას შეუმსუბუქებს. ამით ჩვენს ხალხს გავუადვილებთ ცხოვრებას. ამ ვაუჩერის სახით ყველა ოჯახში 20 ლარი შევა, მაგრამ მისი გადაცემა შესაძლებელია სხვა პირისთვისაც. ჩვენს ოჯახებს, რომლებსაც არ სჭირდება ეს დამატებითი 20 ლარი და, ვთქვათ, სჭირდება მათ ნათესავს, მეგობარს, მეზობელს, შეეძლება მათთვის გადაცემა. ამ შემთხვევაში უნდა გამოვრიცხოთ ბიოუროკრატია და არ შევქმნათ რიგები ამ თანხის საკუთარ ანგარიშზე დასასმელად. ასევე ამ ვაუჩერზე უნდა  გავზარდოთ შრიფტის ზომა, რათა ხალხს შეეძლოს ვაუჩერის გამოყენების წესის წაკითხვა. ამ ვაუჩერით, შეღავათი შეიძლება ქალაქში, საშუალოდ, ერთ თვეზე ნაკლები იყოს, სოფლად კი, ერთ თვეზე მეტი. ელექტროენერგიის ნაკლები ხარჯვის შემთხვევაში შესაძლებელია 2 თვეზეც გადანაწილდეს. მსოფლიო ბაზარზე საწვავისა და პროდუქტების ფასის მატების პირობებში, მით უფრო ზამთარში ელექტროენერგიის ფასის თუნდაც ოდნავ შემცირება, გარკვეული თვალსაზრისით, უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. მთავრობის მხრიდან ეს არის სოლიდარობის გამოხატვა იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ჩვენ ხალხს ამ ინფლაციური ტვირთის გამო ექმნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, ამჟამად, ვაუჩერები ბეჭდვის პროცესშია, მათი დარიგება 10 თებერვლიდან დაიწყება და 15 მარტამდე გასტანს. მომხმარებელს კი, კომპანიაში მისვლა და ვაუჩერის დამოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ ვაუჩერი სხვისგან მიიღო.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოსავლიანობის გასაზრდელად წელს სათანადო ნაბიჯები გადაიდგა, რაც მოსახლეობისთვის გაზრდილი ფასების პირობებში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. სოფლის მეურნეობის მინისტრისგან მან სიმინდის პროგრამის განხორციელების პროცესის თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც ბაკურ კვეზერელმა აღნიშნა, რომ ამ პროგრამაში ჩაბმის მსურველთა რეგისტრაცია კვლავაც გრძელდება. მისი თქმით, პროგრამის განხორციელების შემდეგ მოსავალი, მინიმუმ, გასამმაგდება, რაც, თავის მხრივ, შემოსავალს გაასამმაგებს თითოეული მწარმოებლისა და იმ ადამიანისთვის, ვინც ამ პროგრამაში დარეგისტრირდება. სამინისტრო ამ ხალხს მომსახურების მთელ პაკეტს სთავაზობს და ჩნდება შანსი, რომ საქართველომ სიმინდის ექსპორტიც აწარმოოს. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლისა და, შესაბამისად, შემოსავლის გასამმაგება მინიმალური შედეგია, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ პროგრამას ხალხი მაინც ეჭვის თვალით უყურებს და მინისტრს მათი უფრო მეტად ინფორმირება დაავალა.   

„თუ  ჩვენ არ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და თუ ეს დაუყოვნებლივ არ გავაკეთეთ, თუ ამ საქმეში დაუყოვნებლივ არ ჩავდეთ ფული, გაზრდილი ტურიზმის პირობებში სოფელი, პრაქტიკულად, ვერ იხეირებს.  რეალურად, საკუთარ თავსაც ვერ გამოვკვებავთ, აღარაფერს ვამბობ, ვთქვათ, 3 მილიონ ტურისტზე, რომელსაც წელს ველოდებით საქართველოში. მათ შემოაქვთ ფული, რომლის გარკვეული ნაწილი სასტუმროებზე და მათ  მომსახურებაზე დაიხარჯება, მაგრამ დანარჩენი ნაწილი წავა ისევ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში, საიდანაც უნდა შემოვიტანოთ პროდუქტები. ამით, ჩვენ დავკარგავთ შემოსავლის მიღების და ე.ი. სამუშაო ადგილების შექმნის სერიოზულ შანს. ამიტომ, აქ ძალზე ინტესიურად გვჭირდება გადამამუშავებელი საწარმოებების სერიოზული მუშაობა, რადგან ჩვენი მთავარი პასუხი გაზრდილ ფასებზე, ეს არის მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ხალხს უნდა შეეძლოს ამის ფულის გადახდა.

რომელიღაც ქვეყანაში, სადაც  ყველა დასაქმებულია და მაღალი შემოსავალი აქვთ, ნაკლებად აწუხებთ რა ღირს წიწიბურა  - ორჯერ მეტი თუ იგივე. იქ კი, სადაც ხალხს ყოველდღიურად უხდება ბრძოლა არსებობისთვის, სადაც ხალხს არ აქვს სამსახური, ეს უზარმაზარი დარტყმაა. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში არის  ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა. თავისთავად, ეს ქალაქისთვის ამსუბუქებს დარტყმას მაღალი ფასებისგან, ვაუჩერებიც გარკვეული შემსუბუქებაა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილია იმისა, რაც ხალხს რეალურად აწუხებს. ერთი სიტყვით, ყოველდღიურად უნდა ვიფიქროთ ამაზე, ჩვენს ხალხს ათმაგად უნდა მივხედოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. მთავრობა ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს სოლიდარობის რეჟიმში თავის მოქალაქეებთან", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ინფრასტურული პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამის უზრუნველყოფა რამაზ ნიკოლაიშვილს დაავალა.

"არ უნდა გაჩერდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რადგან ესეც არის დამატებითი  სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები იქმნება იქ, სადაც გზა, ახალი ნაგებობები, რკინიგზა და სადგურები შენდება. ამ შემთხვევაში, გაზრდილი ფასები ხალხისთვის, შედარებით, ნაკლები დარტყმაა. ამიტომ, ამ პროექტების გაჩერება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მეორე მხრივ,  მაქსიმალურად უნდა შევძლოთ თანხების მობილიზაცია. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მეტი თანხა შემოდის, მაგრამ თანხა სწორად უნდა გადავანაწილოთ და ამაზე ერთად უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა ორეზიდენტმა.

ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის მდგომარეობა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე დახარჯული თანხის შესახებ ისაუბრა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „არ უნდა გამოგვრჩეს და უნდა ვიზრუნოთ, რომ დეფიციტით არ გავაღრმაოთ ინფლაცია. ამ მხრივ, მგონი, უკეთესად გვაქვს საქმე". კახა ბაინდურაშვილმა მონაცემებიც დაასახელა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში 36 მილიონი პროფიციტულია და ამ თვეების განავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ ხარჯი უფრო ნაკლები იყოს და ამ მხრივ ინფლაციას არ შეუწყოს ხელი.

„ე.ი. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ფისკალური პოლიტიკით ინფლაციაში შიდა ფაქტორები გამოვრიცხოთ. ეს რთულია იმ პირობებში, როცა ინფრასტრუქტურაზე ამდენი იხარჯება. ფული იდება ეკონომიკაში, მაგრამ ფულის ჩადება და მისი ამოღება უნდა იყოს ისეთი, რომ ფასებზე არ აისახოს. აპრილიდან, მაისიდან მოსავალი შემოდის და მდგომარეობის შემსუბუქებას უნდა ველოდოთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ხალხს 90-იან წლებში მიღებული აქვს გამოცდილება და ცუდად ახსოვს რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ამ პირობებში ნამვილად გამორიცხულია რომ იგივე განმეორდეს. მაშინ ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო და, შესაბამისად, არ გვქონდა სახელმწიფო პოლიტიკა. სრულიად უპასუხისმგებლო იყო ფისკალური ინსტიტუტები. ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რომ შიდა ფაქტორებით ეს პროცესი არ გავაღრმაოთ და ყველამ  ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)