Google+

რელიზები

28.02.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში ახლადგახსნილი ობიექტები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ფოთს ესტუმრა და რამდენიმე ობიექტი მოინახულა. კერძოდ, იგი კომპანია "ვისოლი ჯგუფის" სუპერმარკეტ „სმარტის" ქსელის ახალი ობიექტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიალს დაესწრო და პროექტის დეტალებით დაინტერესდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და პროექტის ავტორებმა მიხეილ სააკაშვილს ინფორმაცია დაწვრილებით მიაწოდეს.

ქალაქის ისტორიულ ცენტრში გემის ფორმის თანამედროვე სავაჭრო ცენტრი 3 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, რომელშიც, სავაჭრო ობიექტების გარდა, 150 მაყურებელზე გათვლილი კინოთეატრიც განთავსდება. პროექტი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. ცენტრში, რომლის გახსნაც 2012 წლისთვის იგეგმება, 150-მდე ადამიანი დასაქმდება.

მიხეილ სააკაშვილმა „თეგეტა მოტორსის" ახლადგახსნილი სერვის-ცენტრიც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მსგავსი ტიპის კომპანიების გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. პრეზიდენტი დასაქმებულთა რაოდენობით და მათი კვალიფიკაციის დონით დაინტერესდა.

„ყველა დიდ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ უპირატესობა გვაქვს თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს შესაძლებლობებს სწორად გამოვიყენებთ. ჯერ ერთი, არის ნიშა, რომელიც შეგვიძლია დავიკავოთ, ეს, უპირველესად, ჩვენი გეოგრაფია და მეორე, უფრო ლიბერალური გარემოა. ჩვენს ეკონომიკას ბევრი სხვა უპირატესობაც აქვს, რომელიც უფრო მოქნილს ხდის მას. ახლა მთავარია ინვესტორები შემოვიყვანოთ. თანაც, ჩვენ განვითარების ბევრად მეტი პერსპექტივა გვაქვს. სხვა ქვეყნები განვითარების ისეთ დონეზე არიან, რომ მათთვის წინ წასვლა უფრო ძნელია. აქ კი, სწრაფად შეიძლება წინსვლა თუ, რა თქმა უნდა, კარგად ვიმუშავებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.    

სერვისცენტრის 44-ვე თანამშრომელი ფოთისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები არიან. უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 70-მდე გაიზრდება, ხოლო საშუალო ხელფასი ათას 400 ლარს  შეადგენს.

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა ფოთის ახალი გაფორმების ეკონომიკური ზონა გახსნა. პრეზიდენტმა შენობა დაათვალიერა და გეზის თანამშრომლებს სიტყვითაც მიმართა. გამოსვლისას მან ყურადღება ახალ ეკონომიკურ კურსზე გაამახვილა და საგადასახადო სფეროს ახალ რეგულაციებსა და იმ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიზნესის სტიმულირება, საგადასახადო სისტემის მოდერნიზაცია, საპასპორტო კონტროლის გამარტივება და ამ მიმართულებით დანერგილი სიახლეები უზრუნველყოფს უფრო მეტ სამუშაო ადგილს, ხოლო მეწარმეები შეძლებენ დააგროვონ უფრო მეტი ეროვნული დოვლათი.

პრეზიდენტმა ფოთის მშენებარე აეროპორტის ტერმინალის პროექტი დაათვალიერა და ამ აეროპორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ნავიგაციის შენობა უკვე დაიდგა, რასაც მალე აეროპორტის შენობა და ასაფრენი ზოლი დაემატება. ფოთის საერთაშორისო აეროპორტი მომავალ ზაფხულს გაიხსნება. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)