Google+

რელიზები

05.06.2011
საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზები გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განახლებული ეროვნული გალერეა გახსნა, სადაც სხვადასხვა ეპოქისა და თაობის ხელოვანთა გრაფიკული თუ ფერწერული ნამუშევრების გამოფენა „ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები" დაათვალიერა. მისი თქმით, ცისფერი გალერეა და დასასვენებელი პარკი განსაკუთრებული გემოვნებით არის ერთმანეთთან შერწყმული და მას რომელსაც მსოფლიო დონის გალერეა უწოდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ადგილი თავშეყრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ადგილად იქცევა სხვადსხვა ასაკის დამთვალიერებელთა შორის.

„ეს გალერეა პრაქტიკულად ახლიდან აშენდა, რადგან მისი მეორე ნაწილი მთლიანად ახალია. ბევრ ადგილზე მინახავს ცნობილი მუზეუმები, მაგალითად, მადრიდში - პრადო და სხვა, მაგრამ ცისფერი გალერეა ტოლს არ უდებს არც ერთს - არც ევროპაში და არც მათ, რომლებიც მდიდარი არაბული ქვეყნებში შენდება. ეს განსაკუთრებული გემოვნებით არის აშენებული. შეიძლება ითქვას, რომ გალერეა და მის უკან მდებარე ტერიტორია მთლიანად „გაცოცხლდა".  გალერეის უკან მდებარე ბაღში, ბავშვობაში მშობლები ნამდვილად არ გამომიშვებდნენ და დარწმუნებული ვარ, არც ერთ ბავშვს არ გაუშვებდნენ, რადგან ეს იყო ნარკომანიისა, სიბინძურის ბუდე. ახლა კი, აქ არის მთლიანად გამწვანებული დიდი პარკი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში არის განათებული. მეორე მხარეს თუ გადახვალთ, იქ რიყის პარკი დაგხვდებათ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თბილისის ცენტრში გაჩნდა ცენტრალური პარკები. საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ადგილებს ერქვა კულტურისა და დასვენების პარკები, რომლებიც ქალაქის ცენტრისგან მოშორებით უნდა ყოფილიყო. ადამიანები იქ უნდა მისულიყვნენ ათასში ერთხელ, დაესვენათ და დაბრუნებოდნენ სოციალისტურ შრომას. ევროპაში კი, პარკები ყველგან ქალაქის ცენტრებშია. რაც თბილისში არასდროს არ გვქონდა, ახლა გაკეთდა. ასეა თბილისში და ასეა საქართველოს სხვა ქალაქების ცენტრებში. თბილისი ყველა მიმართულებით ხდება ადამიანებისთვის საცხოვრებლად ნორმალური ადგილი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გალერეაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მისი თქმით, ჩვენ ქვეყანას კვლავაც დიდი წვლილი შეაქვს თანამედროვე ეპოქის მსოფლიო კულტურის საგანძურში და ბევრ ახალ შედევრს ქმნის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა განახლებული ეროვნული მუზეუმის - სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის „არქეოლოგიური საგანძურის" საგამოფენო დარბაზი  გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ის ისტორიული არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერა, რომლებიც, პრეზიდენტის თქმით, ქართველმა არქეოლოგებმა მრავალწლიანი შრომის შედეგად მოიპოვეს. ექსპონატთა შორისაა უძველესი კულტურის, საყოფაცხოვრებო და ოქრომჭედლობის ნიმუშები. კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ნიმუშთა ნაწილი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში იყო გამოფენილი, სადაც მას უდიდესი წარმატება ხვდა წილად.    




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)